„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, ცხადია, ამ სცენარისთვის უფრო ემზადებიან იმიტომ, რომ მათი ამოცანა ეს არის, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ „ლელოს“ წევრი, სალომე სამადაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება და ახალი ამკრძალავი ნორმები ამოქმედდება.
როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, აღნიშნული კანონპროექტის დაინფიცირებაც უკვე ნეგატიურად აისახება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს შეფასებაზე.
„ყველასთვის ნათელია, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად უკვე კატასტროფულად დაზიანებულია. გამოკითხვებიც ადასტურებს იმას, რომ 76 ხმას, რომელიც საჭიროა მთავრობის ფორმირებისთვის შემდეგ არჩევნებზე ეს ხელისუფლება ვერ მოაგროვებს. აი, ამ ძალაუფლების დაკარგვის შიშით ახლა, როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ყველაფერი გააკეთოს და ქვეყანაში შეზღუდოს თავისუფალი სივრცე და პოლიტიკური სივრცე. მათ შორის ვფიქრობ, რომ ისინი ემზადებიან, მაგალითად, თუ გაუვათ საბოტაჟის მცდელობა და ჩააგდებენ კანდიდატის მიღების პროცესს, ამას შეიძლება მართლა მოჰყვეს ხალხის გამოსვლები, რადგანაც ჩვენ ვნახეთ, რა რეაქციაც ჰქონდა საზოგადოებას წინა ჯერზე.
„ქართული ოცნება“ მაგალითად, იმპიჩმენტის პროცედურას წარმატებით თუ დაასრულებს, ან რაიმე სხვას გააკეთებს, ეს კანდიდატის სტატუსის შედეგებზე პირდაპირ აისახება და ახლა ემზადებიან თავისუფალი სივრცის შეზღუდვისთვის. სხვა არანაირი აუცილებლობა ამ კანონპროექტის მიღებისა არ არსებობს. თუმცა, თავიდან კანონპროექტის დაინიცირებაც უკვე ნეგატიურად აისახება ჩვენს ევროკავშირის მხრიდან ჩვენს შეფასებაზე იმიტომ, რომ ეს არ არის დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით განსახილველად მზად არის „შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება. კანონპროექტის განმარტებით ბარათში, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების განხორციელების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადებაა დასახელებული.