ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინებაზე - მოლოდინი არის ოპტიმისტური - ეს არის პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსი, რომლის ამოხსნას არ ესაჭიროება განსაკუთრებული იურიდიული კვალიფიკაცია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 3 ოქტომბერს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით ჩანიშნულ პროცესს მმართველი გუნდიდან 5 დეპუტატი დაესწრება.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მათი მოლოდინი არის ოპტიმისტური.

„ხვალ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით პროცესი გაიმართება. 80 - კაციანი ჯგუფიდან, რომლებმაც საკონსტიტუციო სასამართლოში იმპიჩმენტის თაობაზე წარდგინება შეიტანა, ადგილზე 5 დეპუტატი ვიქნებით წარმოდგენილები და პირადად მივიღებთ ბათუმში, ამ პროცესში მონაწილეობას. მოლოდინს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსი. ეს არის უმარტივესი კაზუსი, რომლის ამოხსნას არ ესაჭიროება რაიმე განსაკუთრებული იურიდიული კვალიფიკაცია. აქედან გამომდინარე ჩვენი მოლოდინი არის ოპტიმისტური“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად ევროპული მომავლის საბოტაჟს ახორციელებს.

„ევროპული მომავლის საბოტაჟს ახორციელებს სალომე ზურაბიშვილი, რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად. ის პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, რომ ფორმალურად სრულდება ევროკავშირის მოთხოვნები. სწორედ ამას ჰქვია სინამდვილეში ევროპული მომავლის საბოტაჟი, რასაც ახორციელებს სალომე ზურაბიშვილი და მისი დღის წესრიგი პირდაპირ თანხვედრაშია რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგთან. მათ შორის მისი მხრიდან კონსტიტუციის უხეში დარღვევაც არის ამ საბოტაჟის მორიგი გამოხატულება. სწორედ იმიტომ არღვევს ის უხეშად კონსტიტუციას, რომ კიდევ უფრო მეტი წარმატებით განახორციელოს ევროპული მომავლის საბოტაჟი, რასაც ჩვენ, ბუნებრივია, რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებდით. ევროპული მომავალი ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ფუნქციონირებდეს, პირველ რიგში, კონსტიტუციურ ჩარჩოებში და სახელმწიფოს მეთაურად წოდებული თანამდებობის პირი არ შეიძლება არღვევდეს ქვეყნის ძირითად კანონს. სწორედ კონსტიტუციის დარღვევა არის, რა თქმა უნდა, ევროპული მომავლის საბოტაჟი და საუბარი იმაზე, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი არის სწორედ ევროპული მომავლის საბოტაჟი. გუშინ სალომე ზურაბიშვილმა აღიარა, თვითონვე თქვა, რომ მას ოფიციალურად არ აქვს უფლება იყოს ლიეტუვაში, თუმცა კონსტიტუციის დარღვევით მაინც აკეთებს ამას, რადგან მას, მისი აზრით, ხალხისგან აქვს შესაბამისი მანდატი. ხალხისგან მანდატი ვის რაზე აქვს, ეს განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით. კონკრეტული თანამდებობის პირები და ორგანოები არიან არჩეულები ამ ქვეყანაში კონკრეტული მანდატით და ეს გაწერილია სწორედ საქართველოს კონსტიტუციით. მე შეიძლება მეგონოს, რომ ვარ ნაპოლეონ ბონაპარტი და მისი მოგვარის პაციენტები ამას ამტკიცებდნენ, მაგრამ თუ სინამდვილეში არ ვარ ბონაპარტი, ამ შემთხვევაში, სხვა რამ უნდა დავამტკიცო“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო