„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - 2022 წელს მაუწყებლების ისედაც მწირი სარეკლამო შემოსავლები 10 მლნ ლარით შემცირდა

„საერთაშორისო გამჭივრვალობა-საქართველო“ სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის ყოველწლიურ კვლევას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ „2022 წელს, მაუწყებლების ისედაც მწირი სარეკლამო შემოსავლები 10 მლნ ლარით შემცირდა და 73.6 მლნ ლარი შეადგინა“.

ორგანიზაციის ცნობით, გასულ წელს, მედიის ფინანსურ სიცოცხლისუნარიანობას დამატებითი საფრთხეები შეექმნა, რაზეც გაუარესებულმა კანონმდებლობამ, ბიზნესგარემოში გაზრდილმა თვითცენზურამ და მედიაზე გაზრდილმა წნეხმა კომპლექსურად იმოქმედა.

კვლევის თანახმად, სარეკლამო შემოსავლების კლება, დიდწილად, კანონის “მსუსხავმა ეფექტმა” გამოიწვია. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, თითქმის 4-ჯერ შემცირდა მაუწყებლების მიერ აზარტული თამაშების რეკლამიდან მიღებული შემოსავალი.

ორგანიზაციის ცნობითვე, პროსახელისუფლებო ტელევიზიების ჯამური სარეკლამო შემოსავლები თითქმის ორჯერ აღემატება კრიტიკული ტელევიზიების ჯამურ სარეკლამო შემოსავალს.

"ჯამური სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი ნაწილი (27 მლნ. ლარზე მეტი) “იმედის ჰოლდინგმა” მიიღო. შემდეგ მოდიან: “მთავარი არხი” - 10 მლნ მლნ ლარით;

“მედიაჰოლდინგი” (“რუსთავი 2”) - 9 მლნ ლარით; “ტელეკომპანია პირველი” - 5.8 მლნ ლარით და “ფორმულა” - 5.7 მლნ ლარით.

გაიზარდა ღიად პროსამთავრობო ტელეკომპანია “პოსტვ-ის” სარეკლამო შემოსავალი და 4.8 მლნ ლარი შეადგინა.

ანტიდასავლური დღის წესრიგის მქონე ტელეკომპანია “ობიექტივის” შემოსავლების 52.8% (438,442.27 ლარი) კომერციული რეკლამის წილი იყო;

გასულ წელს, მილიონ ლარამდე ჯამური შემოსავალი მიიღო ღიად პრორუსული და ანტიდასავლური დღის წესრიგის მქონე ტელევიზია „ალტ ინფომ“. შემოსავლის 99.8% მაუწყებლის 50%-იანი წილის მფლობელის, ციალა მორგოშიას მიერ შეწირული თანხაა.

2022 წელს, პოლიტიკურმა პარტიებმა რეკლამაზე ჯამში 1.1 მლნ ლარი დახარჯეს. თანხის ნახევარზე მეტი - 688.3 ათასი ლარი მმართველ პარტია “ქართულ ოცნებაზე” მოდიოდა.

გასულ წელს, ფასიან სოციალურ რეკლამაზე ჯამში 362,878 ლარი დაიხარჯა, საიდანაც 269.9 ათასი ლარი პროსამთავრობო მაუწყებლებმა (“პოსტვ”, “მედიაჰოლდინგი”/”რუსთავი 2”) მიიღეს," - აღნიშნულია ინფორმაციაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, კრიტიკული მედიის მდგომარეობა რიგი მიმართულებით უარესდება.

"ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება 2024 წელს და ამ დროს, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ამიტომ მე ვფიქრობ, ეს ის დისკუსიაა, რომელიც უნდა გაგრძელდეს," - აღნიშნა გიგაურმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს