პრეზიდენტი იცლის არაკონსტიტუციური ვიზიტებისთვის, მაგრამ ვერ იცლის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩამოსასვლელად, რაც ბუნებრივია, ძალიან სამწუხაროა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
კობახიძის შეფასებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არაკონსტიტუციურ ქმედებებს აგრძელებს.
„პრეზიდენტის არჩამოსვლა არის უპატივცემულობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. ის იცლის არაკონსტიტუციური ვიზიტებისთვის, მაგრამ ვერ იცლის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩამოსასვლელად, რაც ბუნებრივია, ძალიან სამწუხაროა.
რაც შეეხება საქმეს, არის ძალიან მარტივი, უმარტივესი კაზუსი პირველი კურსის პირველი ლექციის. შესაბამისად, ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი.
პრეზიდენტმა თვითონ აღიარა, რომ მისი ვიზიტები იყო არაკონსტიტუციური. ამაზე მეტყველებს განცხადებები. მაგალითად, მან მისცა ინტერვიუ ერთ-ერთ ტელევიზიას საზღვარგარეთ, სადაც ამბობდა, რომ მას ოფიციალურად არ ჰქონდა უფლება ყოფილიყო იმ სახელმწიფოში. ეს იყო ჩვეულებრივი აღიარება, მას თვითონ აქვს აღიარებული, რომ არღვევს კონსტიტუციას, ეს არის აბსოლუტურად ცხადი. მას განზრახ აქვს დარღვეული საქართველოს კონსტიტუცია ძალიან უხეშად და ამას აგრძელებს. აგრძელებს არაკონსტიტუციურ ქმედებებს, რაც ბუნებრივია შემაშფოთებელია. თუ რაიმეს შეიძლება დაერქვას ევროპული პერსპექტივის საბოტაჟი, ეს არის სწორედ კონსტიტუციის უხეში დარღვევა, საუბარი იმაზე, რომ ქვეყანა მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს და ა.შ. სწორედ პრეზიდენტის ქმედებებში იკითხება საბოტაჟის ძალიან აშკარა და უხეში ნიშნები.
მე გამაცნეს მასალები, რომელიც უკავშირდება ამ პროცესს, მათ შორის, პრეზიდენტის ერთ-ერთი წარმომადგენლის პოზიცია - აბსოლუტურად უსუსურია იქ წარმოდგენილი მსჯელობა. სერიოზულად ვერც განვიხილავ იმ არგუმენტებს, რომლებიც იქ არის წარმოდგენილი. იმედია, დღეს უფრო მეტს მოვისმენ. კოპალეიშვილს აქვს ეს პოზიცია გახმოვანებული, რაც მე გამაცნეს და აბსოლუტურად არასერიოზულია რაზეც იქ არის საუბარი“, - განაცხადა კობახიძემ.
ინფორმაციისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით დღეს, 3 ოქტომბერს განიხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერესებს იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი დაიცავენ. შესაბამისი ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად პრეზიდენტმა გაავრცელა.