პარლამენტი გახლავთ ცალკე საკონსტიტუციო ორგანო, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვა არ გახლავთ სანახაობა, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პლენარული სხდომის დაწყების წინ „გირჩის“ დეპუტატის სანდრო რაქვიაშვილის წინადადებას, პლენარული სხდომა ხვალისთვის გადაეტანათ და დღეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესისთვის მიედევნებინათ თვალი.
„ბატონო შალვა, საკონსტიტუციო სასამართლოში იმპიჩმენტის პროცესი მიდის და ხომ არ გადავდოთ დღევანდელი სხდომა და უბრალოდ მართლა მოვუსმინოთ. პოლიტიკური ამბავია, მათ შორის, თქვენი მოწყობილი. გადავდოთ სხდომა და ხვალ გავაგრძელოთ“,- განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა სხდომის დაწყების წინ განმარტა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი საკითხია, რომელმაც სამომავლოდ უნდა განსაზღვროს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ურთიერთდამოკიდებულება.
„პარლამენტი გახლავთ ცალკე საკონსტიტუციო ორგანო, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვა არ გახლავთ სანახაობა. საქმე ეხება ძალიან სერიოზულ საკითხს, სინამდვილეში, არა მხოლოდ დღეისთვის, არამედ სამომავლოდ თუ როგორ უნდა იყოს უფლებამოსილებებისა და კომპეტენციების საკითხის ურთიერთდამოკიდებულება პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, ეს სერიოზული საკითხია სინამდვილეში რომ დავფიქრდეთ. ამიტომ, გასაგებია ინტერესი, აქედან გამომდინარე, შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ სხვანაირად“,- განაცხადა პაპუაშვილმა.