დიმიტრი ხუნდაძე - „ნაცმოძრაობა“ და მის ირგვლივ შემოკრებილი ოპოზიცია სახელმწიფოს მტრად მიიჩნევენ და თავადაც მტრობენ ქვეყანას, ხოლო ქვეყნის მართვას უცხოეთიდან მათი ლობისტების მიერ დაქირავებული ენჯეოებით აპირებენ

„ერთიანი ანარქისტული მოძრაობა“, რომელიც მთელ რადიკალურ ოპოზიციას მოიცავს, აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებას საქართველოში: რევოლუცია, ამბოხი, საბოტაჟი, უკიდურესი რადიკალიზმი“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ საპარლამენტო სესიაზე განაცხადა.

მისი თქმით, სახიფათო ის არის, რომ დღეს ანარქიზმი უტევს არა მარტო საქართველოს, არამედ, მთელ დემოკრატიულ სამყაროს ფსევდო-დემოკრატიის სახით.

„იმისათვის, რომ სწორად შევაფასოთ დღევანდელი ოპოზიციის პოლიტიკური იდეოლოგია, მივყვეთ ფაქტებსა და ისტორიას. ანარქიზმი, რომელიც ევროპაში წარმოიშვა, კვლავ ევროპიდან ბრუნდება ოდნავ შეცვლილი სახით. ანარქიზმი - ლიბერალიზმისა და სოციალიზმის რადიკალური ანარეკლია, რასაც წარმოადგენს სწორედ ქართული ოპოზიციის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით, „ნაცმოძრაობა“ და მის ირგვლივ შემოკრებილი პარტიები.

საინტერესოა ის ფაქტი, თუ როგორ ზუსტად პასუხობენ ჩვენი ოპოზიციონერები ამ იდეოლოგიის პრინციპებს. მაგალითად, ანარქისტებისთვის სახელმწიფო არის მიუღებელი და მტერი. მათი გაგებით, ქვეყანა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა უნდა მართონ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ხუნდაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მის ირგვლივ შემოკრებილი ოპოზიცია სახელმწიფოს ნამდვილად მტრად მიიჩნევენ და თავადაც მტრობენ.

„ნახეთ, რა ზუსტად ასრულებენ ამ მოთხოვნას? „ნაცმოძრაობა“ და მის ირგვლივ შემოკრებილი ოპოზიცია სახელმწიფოს ნამდვილად მტრად მიიჩნევენ და თავადაც მტრობენ ქვეყანას. ხოლო ქვეყნის მართვას უცხოეთიდან მათი ლობისტების მიერ დაქირავებული ენჯეოებით აპირებენ. არჩევნების სამართლიანობაც მათი ენჯეოების შესაფასებელია - ISFED-ი თუ სასურველ შედეგს ვერ მიაღწევს, მიუხედავად მათი დიდი მცდელობისა, რომ პარალელური დათვლები გააყალბოს, რა მოხდა, ქვეყანა ხომ შეარყიეს. შემდეგ მოიხდიან ბოდიშს და იტყვიან, რომ მათ ეს შეეშალათ. ქვეყნის მართვაც თურმე ამ ჯგუფებმა უნდა გადაიბარონ „დროებითი მთავრობის“ სახით. გახსოვთ, ალბათ, მთავარ პოლიტიკურ მოედანზე რომ შეკრიბეს საზოგადოება, თითქოს იმ კითხვისთვის, ევროპა გსურთ თუ არაო და ამ დროს „ტექნიკური მთავრობა“ შესკუპდა სცენაზე. ამ პროცესებმა კიდევ უფრო ცხადი გახადა, თუ რატომ დაიბლოკა „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, რომელიც ამერიკულ „ფარას“ კანონს ეფუძნებოდა და რომელიც წაუკითხავად მონათლეს „რუსულ კანონად“. იმიტომ, რომ სიმართლე არ სცოდნოდა საზოგადოებას“, - აღნიშნავს ხუნდაძე.

მისივე თქმით, ქართული ოპოზიცია ახალგაზრდა სტუდენტებს შენიღბულად ამზადებს ადგილობრივ აქტივისტებად და მათ ტრენერებად რევოლუციურ სწავლებაში კარგად გაწვრთნილი კადრები ჩამოჰყავთ.

„გავყვეთ კიდევ განმარტებებს, მაგალითად, „ანარქისტული პროპაგანდის ძირითადი მიმართულება არის ანარქო-კომუნიზმი“. დიახ, ესეც ვიცით და ვხედავთ, თუ რამდენი პავლიკ მოროზოვია თუნდაც ამ დარბაზში ოპოზიციურ ფლანგზე. ისიც ვიცით, თუ როგორ ებრძოდნენ და ებრძვიან დღესაც ჩვენი ანარქისტები ეკლესიასა და სარწმუნოებას.

ასევე, ანარქიზმი თავის თავში გულისხმობს რევოლუციებს, ამბოხს, რადიკალიზმს და სახელმწიფო სტრუქტურებისადმი დაუმორჩილებლობას. ესეც სახეზე გვაქვს.

საინტერესოა ის, რომ ყველგან, მსოფლიოს გარშემო, სადაც წარმოიქმნება ანარქისტული იდეები, არსებობს ადგილობრივი აქტივიზმი, შესაძლოა შენიღბული სახით, რათა წვდომა ჰქონდეს ადგილობრივ მედიაზე.

რა სიზუსტით მუშაობს ქართული ოპოზიცია, როგორ შენიღბულად ამზადებენ ადგილობრივ აქტივისტებად ჩვენს სტუდენტებს და მათ ტრენერებად ჩამოჰყავთ რევოლუციურ სწავლებაში კარგად გაწვრთნილი კადრები. ოღონდ, აქ ერთი გამონაკლისია, შენიღბულად არ მუშაობენ ოპოზიციური მედია საშუალებები. პირიქით, ხშირად ეს ჟურნალისტები ბევრად უფრო დიდი პოლიტიკოსები არიან, ვიდრე თავად მათი პატრონები.

სწორედ ასეთი იდეოლოგიის გამო, ანარქიამ ვერც ერთ პერიოდში გამარჯვება ვერ იზეიმა, ის შთანთქა სხვა იდეოლოგიურმა მოძრაობამ. ისტორიას კი მეხსიერებაში შემორჩა „ბომბებით შეიარაღებული წვერიანი ანარქისტის კარიკატურული სტერეოტიპი“. სწორედ ასეთ წვერებიან თუ უწვერო კარიკატურულ სტერეოტიპად შემორჩებიან „მოლოტოვის კოქტეილებით“ ხელში დღევანდელი ოპოზიციის ანარქისტი ლიდერები საქართველოს ისტორიას.

უღმერთობაზე, ურთიერთ შეურაცხყოფაზე, სახელმწიფოს მტრობაზე, ომსა და ნგრევაზე ორიენტირებული „ერთიანი ანარქისტული მოძრაობა“ საქართველოში ვერ გაიმარჯვებს!“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ, რომლის კომენტარსაც "ხალხის ძალა" ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო