ილია დარჩიაშვილმა ევროკომისართან მართლმსაჯულების საკითხებში, დიდიე რეინდერსთან შეხვედრა გამართა.
ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების შესახებ ისაუბრეს.
„ხაზი გაესვა ქვეყნის მიერ გატარებულ რეფორმებს საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით იმედი გამოითქვა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე გაკეთდა. აღინიშნა, რომ ყველა პროცედურა შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუციების ჩართულობითა და მათთან კონსულტაციით მიმდინარეობს.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების მზადყოფნა დაადასტურეს.
ილია დარჩიაშვილი 3-4 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.