ირაკლი კობახიძე თამარ ჩუგოშვილს კითხვაზე, აქვს თუ არა უფლება პრეზიდენტს მთავრობის თანხმობის გარეშე მიესალმოს მსოფლიო ლიდერებს  - ახლა ეგ რა კითხვაა, აბსურდულია - არასერიოზულია თქვენი პოზიცია

პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის დედოფლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ცერემონიალზე მთავრობის თანხმობით წავიდა. მთავრობას მიმართა 52-ე მუხლის საფუძველზე და მთავრობამ გასცა თანხმობა. პრეზიდენტი წავიდა ამ ვიზიტზე. ვიცით, რომ იქ იკრიბება ყველა ქვეყნის პირველი პირი და ეს პირები ერთ სივრცეში ხვდებიან. განსვენებაში წასული პრეზიდენტი ხვდება სხვადასხვა მთავრობის ლიდერებს, პრეზიდენტს თანხმობა არ აქვს მთავრობისგან, რომ ელაპარაკოს ამ ხალხს. აქვს თუ არა პრეზიდენტს უფლება მიესალმოს ასეთ დროს?, - ამ კითხვით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივანს, ვახტანგ ბაჩიაშვილს.

ჩუგოშვილის აღნიშნულ კითხვაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა მიმდინარეობს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რეპლიკით უპასუხა: „ახლა ეგ რა კითხვაა, აბსურდულია“.

„არასერიოზულია თქვენი პოზიცია“, - განაცხადა კობახიძემ.

ჩუგოშვილმა კობახიძის რეპლიკას უპასუხა, რომ აბსურდულია მთავრობის წარმომადგენლების პოზიცია.

„აბსურდული არის თქვენი პოზიცია. დიახ, აბსურდია თქვენი პოზიცია. ქვეყანას, როდესაც ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი და თქვენ ამბობთ, რომ, როდესაც პრეზიდენტი უცხოეთში შეხვდება სხვა ქვეყნის პირს, არ შეიძლება დაელაპარაკოს...მათ შორის გამარჯობის თქმისთვის“, - უპასუხა ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილის ამ განცხადებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა რეპლიკით მიმართა: „ გამარჯობა, საგარეო წარმომადგენლობაა?“.

რაზეც საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა უპასუხა, რომ

„თქვენ ამას ამბობთ, მე არ ვამბობ ამას, პირიქით არის. მე ვამბობ იმას, რომ პრეზიდენტს, როგორც წარმომადგენელს, მისი სტატუსიდან გამომდინარე შეუძლია და ვალდებულიც არის, რომ აწარმოოს არა 52-ე მუხლიდან გამომდინარე, არამედ მისი სტატუსიდან გამომდინარე. ზუსტად იმის გამო, რომ ის არის პრეზიდენტი“ , - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თამარ ჩუგოშვილის თავდაპირველ კითხვასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

კობახიძის თქმით, როდესაც მთავრობა გასცემს თანხმობას, ასეთი ტიპის ცერემონიალში პრეზიდენტის მონაწილეობის შესახებ, ყველა გარემოებას ითვალისწინებს.

„როდესაც ბრიტანეთში დედოფლის დაკრძალვაზე ვსაუბრობთ, ვნახეთ წარდგინება, სადაც დაკონკრეტებულია რომ ცერემონიალში მონაწილეობის მიღებასთან ერთად პრეზიდენტს, ასევე, სურდა ბრიტანეთის პარლამენტის სპიკერთან შეხვედრა, ეს იქვე დაზუსტდა. რაც შეეხება შემთხვევით შეხვედრას, მისალმებას, გადაკოცნას და ა.შ. როდესაც მთავრობა გასცემს თანხმობას, ასეთი ტიპის ცერემონიალში მონაწილეობის შესახებ, რა თქმა უნდა, ყველა გარემოებას ითვალისწინებს, მათ შორის, იმასაც რომ იქ შეიძლება გადაეყაროს რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტს, გამარჯობა უთხრას და ა.შ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით გაიცემა ასეთი თანხმობა.

უფრო მეტიც, შეიძლება იყოს გარემოება, მაგალითად ცერემონიალს ესწრებოდეს ისეთი სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც აღიარებული აქვს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა, ამ საფუძვლით მთავრობამ, შეიძლება უარი უთხრას პრეზიდენტს საზღვარგარეთ წასვლაზე, თუნდაც ასეთი ტიპის ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად. მთავრობა ყველაფერს ითვალისწინებს, მათ შორის, ყველა რისკის აწონ-დაწონა ხდება მთავრობის მიერ. იმ რისკის აწონ-დაწონა , მაგალითად პრეზიდენტს შეიძლება ხელის ჩამორთმევა მოუწიოს სირიის პრეზიდენტთან, რომელსაც აღიარებული აქვს აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ამიტომ, აქ აბსურდული არაფერი არ არის“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო