ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის წარმომადგენელზე - მგონი, ქალბატონ მაიას გაგების პრობლემა აქვს - აკუსტიკურად არ გესმით, თუ შინაარსობრივად, არ ვიცი, მაგრამ ეს თქვენი პრობლემაა

საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გამოსვლას პრეზიდენტის წარმომადგენლის, მაია კოპალეიშვილის უკმაყოფილება მოჰყვა, რის შემდეგაც კოპალეიშვილმა შუამდგომლობა დააყენა, რომ კობახიძის კონკრეტული პასუხი განხილვიდან მოიხსნას.

უფრო კონკრეტულად, კოპალეიშვილმა კობახიძეს კითხვებზე პასუხის გაცემა მაშინ შეაწყვეტინა, როდესაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პრეზიდენტის მხრიდან საბოტაჟი ახსენა. სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა განმარტა, რომ პრეზიდენტთან მიმართებით მსგავსი ტერმინების გამოყენება არასწორია.

„არასწორია ქალბატონი პრეზიდენტის ასეთი ტერმინებით მოხსენიება. როდესაც ქალბატონ პრეზიდენტზე ამბობენ, რომ საბოტაჟს ეწევა და ა.შ. (რამდენჯერმე ახსენა ეს ფაქტი), ვფიქრობ ამ დარბაზში ეს არ უნდა დაუშვათ. რადგან არ შეაჩერეთ, სრული უფლებით ვსარგებლობ, დავაყენო შუამდგომლობა, რომ ასეთი პასუხები მოიხსნას, სადაც საუბარია სახელმწიფო მეთაურის მხრიდან საბოტაჟზე“,- განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, მისი საუბრის საგანს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ქვეყნის შიგნით, სტუმრად მყოფ მაღალი დონის უცხოელ პირველ პირებთან შეხვედრებისთვის პრეზიდენტი მთავრობის შესაბამის ნებართვას არ საჭიროებს. კობახიძემ სწორედ ამ კონტექსტში ახსენა საბოტაჟი, თუმცა განმარტა, რომ ჰიპოთეზურ დაშვებას აკეთებს.

„პრაქტიკა არის ხარვეზიანი. მიგვაჩნია, რომ ეს პრაქტიკა გაუმჯობესებას საჭიროებს, რაზეც პარლამენტს უნდა ჰქონდეს კონსულტაცია მთავრობასთან, რადგან ეს კანონის შეცვლას მოითხოვს, თუმცა, ჰიპოთეზურად რომ ვისაუბროთ, შეიძლება მთავრობამ თქვას, რომ ქალბატონი სალომე ისედაც საბოტაჟის რეჟიმშია და მოდით, სახელმწიფოს გავუფრთხილდეთ, ნუ დავძაბავთ ამ ეტაპზე და არ გვინდა კანონის გასწორებაო“,- განაცხადა კობახიძემ.

მას შემდეგ, რაც მაია კოპალეიშვილმა კობახიძეს საუბარი შეაწყვეტინა, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ მიმართა მას, რომ „გაგების პრობლემა აქვს“.

„მგონი ქალბატონ მაიას გაგების პრობლემა აქვს. აკუსტიკურად არ გესმით, თუ შინაარსობრივად, არ ვიცი, მაგრამ ეს თქვენი პრობლემაა. იმაზეც კი არ იყო საუბარი, რომ პრეზიდენტი საბოტაჟს ეწევა“,- განაცხადა კობახიძემ.

მოსამართლეებმა მაია კოპალეიშვილს განუმარტეს, რომ ირაკლი კობახიძე ჰიპოთეზურად საუბრობდა და მას უთხრეს, რომ საკუთარი პოზიციის გამოთქმის შესაძლებლობა სიტყვით გამოსვლის დროს შეუზღუდავად ექნება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო