თამარ ჩუგოშვილი - თუკი საკონსტიტუციო სასამართლო გაითვალისწინებს და იმპიჩმენტის მოთხოვნას დაეთანხმება, ფაქტობრივად, სრულად აუკრძალავს პრეზიდენტს საგარეო მიმართულებით არსებობას

თუკი საკონსტიტუციო სასამართლო გაითვალისწინებს და იმპიჩმენტის მოთხოვნას დაეთანხმება, ფაქტობრივად, სრულად აუკრძალავს პრეზიდენტს საგარეო მიმართულებით არსებობას, ამიტომ ჩვენმა მოქალაქეებმა განსაჯონ, რას ნიშნავს, რამდენად ადეკვატური და რამდენად ნორმალურია , - ამის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჩუგოშვილი განმარტავს, აღნიშნული პროცესი ცალსახად პოლიტიკურია.

„[პრეზიდენტს] აბსოლუტურად არანაირი ქმედების განხორციელების უფლება არ აქვს მთავრობის თანხმობის გარეშე, ყველაფრის, მათ შორის, მოსაზრების გამოხატვაც კი მხოლოდ და მხოლოდ მთავრობის თანხმობით უნდა განხორციელდეს, რაც არის სრული აბსურდი, მეტ სიტყვას ვერ გამოვიყენებ. ეს არის რაღაც, რასაც მსოფლიოში საერთოდ ანალოგი არ აქვს. ვერ წარმომიდგენია, სასამართლომ როგორ შეიძლება არგუმენტაცია გამოიყენოს, რომ პრეზიდენტს, რომელიც ქვეყნის წარმომადგენელია საგარეო ურთიერთობებში, მთავრობის, მთელი განკარგულების გარეშე, საერთოდ არ აქვს უფლება, სხვა ქვეყნის ლიდერი რომ ურეკავს, ტელეფონს უპასუხოს. ეს წარმოუდგენელი რამეა, საერთოდ ვერ ვხვდები, როგორ მივიდნენ ასეთი რაღაცის თქმამდე. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო თუკი გაითვალისწინებს და დაეთანხმება იმპიჩმენტის მოთხოვნას, ფაქტობრივად, სრულად აუკრძალავს პრეზიდენტს საგარეო მიმართულებით არსებობას, ამიტომ თვითონ განსაჯეთ, ჩვენმა მოქალაქეებმა განსაჯონ, ეს რას ნიშნავს, რამდენად ადეკვატურია და რამდენად ნორმალურია, მე მიმაჩნია, რომ ნორმალური არ არის.

რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესია ცალსახად და ამას არვინ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრა თავისთავად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, იმპიჩმენტის დაწყებაც და მისი დასრულებაც პოლიტიკოსების და პოლიტიკური ორგანოს, პარლამენტის ხელშია - ეს რომ პოლიტიკური პროცესია, ამას არავინ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, თვითონ პარლამენტიც და ამ პროცესის დამწყებებიც და წამომწყებებიც. საინტერესოა, რას ემსახურება, რატომ, როდის, რა თემაზე დაიწყო - დაიწყო როდის? - როცა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივუახლოვდით და რა თემაზე დაიწყო? რომ ამ თემაზე ჩვენი პრეზიდენტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრეზიდენტებს ხვდებოდა“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს