„კანვას საქართველოს“ ხელმძღვანელი - ძალიან ნერვიულობს რუსული აგენტურა, რომ ნებისმიერი დემოკრატიული პროცესი ამ ქვეყანაში მისთვის დამაზიანებელი იქნება - „კანვასისის“ სახელი საფრთხობელად უჭირავთ, რაც რუსული პროექტის ნაწილია

ყველაფერი ცხადია, ძალიან ნერვიულობს რუსული აგენტურა, რომ ნებისმიერი დემოკრატიული პროცესი ამ ქვეყანაში მისთვის დამაზიანებელი იქნება, - ამის შესახებ ორგანიზაცია „კანვას საქართველოს“ ხელმძღვანელმა გიორგი მელაძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც სუს-ის მიერ გავრცელებული განცხადების საფუძველზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება.

გიორგი მელაძემ მედიასთან განმარტა, თუ რას უკავშირდება მისი გამოკითხვაზე დაბარება, ამასთან, მოქალაქეებს მოუწოდა დღეს, 14:00 საათზე პარლამენტთან დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ, რომელიც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეხება.

„ჩემთვის გამოცანა იყო, 3 კვირის წინ, როდესაც ეს საქმე ხმაურით დაიწყო. ვერ ვხვდებოდით, რაში სჭირდებოდათ ამხელა ამბის კეთება. დღეს, უკვე ყველაფერი ცხადია, დღეს, მთავრობა ცდილობს კბილებით გაათრიოს პოლიციური სახელმწიფოს კიდევ ერთი კანონი, რომლითაც შეზღუდავს შეკრებისა და მანიფესტაციების არსებულ რეჟიმს და ყველაფერს გააკეთებენ, მათ შორის, ასეთი ყალბი სიუჟეტებით, რომ მაქსიმალურად ყურადღება აარიდონ ამ მთავარ პრობლემას. დღეს, ჩვენი მთავარი პრობლემა არის კანონი და თქვენ თუ გაღელვებთ მთელი ეს სასამართლო გამოკითხვები და თუ გნებავთ, რომ მხარი დაგვიჭიროთ, ყველანი დღეს, 14:00 საათზე მიბრძანდით პარლამენტთან და შეუერთდით მიტინგს ამ კანონის წინააღმდეგ.

იგორ გიორგაძე გაუცოცხლებიათ, პირდაპირ სახელმძღვანელო გამოუქვეყნა youtube-ზე ჩაწერილი, რა უნდა ილაპარაკონ აქ. ეს ქართულ კონტექსტში მოფიქრებულ განცხადებად არ ჯდებოდა. ყველაფერი ცხადია, ძალიან ნერვიულობს რუსული აგენტურა ამ ქვეყანაში, რომ ნებისმიერი დემოკრატიული პროცესი ამ ქვეყანაში მისთვის იქნება დამაზიანებელი.

ორგანიზაცია “კანვასისის” სახელი საფრთხობელად უჭირავთ და ესეც რუსული პროექტის ნაწილია. ბევრი ავტორიტარული ხელისუფლება ცდილობს, რომ ჩვენი ორგანიზაციის სახელით დააშინოს თავისუფალი საზოგადოება”,- განაცხადა მელაძემ.

ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ ორგანიზაციის წევრები მზად არიან ღია სივრცეშიც კი, ჩაატარონ იმ ტიპის ლექციები, რასაც აქამდე „კანვასში“ ატარებდნენ.

„ჩვენს ლექციებში არის მთავარი, ადამიანებს დავანახოთ, რა არის ცვლილებები. მხარი დავუჭიროთ მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროცესის შენარჩუნებით დემოკრატიული ცვლილებების მხარდაჭერას. ეს არის სამართლიანი, გაუყალბებელი არჩევნები და თუ ეს, ასე არ ხდება, როგორ მოიქცეს ადამიანი, რა გზები შეიძლება გამოიყენოს იმისთვის, რომ თავის მიზანს მიაღწიოს? აქ არის მეორე გზა - იდეა, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, 190-ზე მეტი სხვადასხვა ტაქტიკური გზა არის ბინშაკის მიერ შეთავაზებული, დაწყებული საპროტესტო წერილების წერა, [დამთავრებული] მხარდამჭერების მასობრივი მობილიზაცია”, - განაცხადა გიორგი მელაძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, პროპაგანდა მიმდინარეობს, თითქოს ლექციებს ძალადობრივი ხასიათი აქვს, რასაც რეალობასთან კავშირი არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ 18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ გარკვეული ჯგუფი გეგმავს სამოქალაქო არეულობას, რომლის მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და განიხილება „ევრომაიდნის“ სცენარი.

სუს-ის ცნობით, აღნიშნული გეგმის ერთ-ერთ ავტორად გვევლინება საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი. სუს-ის ინფორმაციითვე, რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“.

„დადასტურებული და გადამოწმებული ინფორმაციით, გიორგი ლორთქიფანიძის მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად გამოყენებული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ. რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. სწორედ ამ ორგანიზაციებმა წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით“,- ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ვახტანგ ხმალაძე - „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური ველიდან იმდენადაა გასული, ამის შემდეგ მისგან კიდევ ბევრ არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს ვნახავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით