„უარი რუსულ კანონს“ - ამ მოწოდებით პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებენ

„უარი რუსულ კანონს“ - ამ მოწოდებით პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებენ.

ისინი ეწინააღმდეგებიან პარლამენტში წარდგენილს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების შემოღებას გეგმავს.

აქციის ორგანიზატორები შემდეგი სამოქალაქო მოძრაობები არიან: „ტალღა“, „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“, „ჯიუტი“, „დაფიონი“.

აქციის მონაწილეების თქმით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ნებისმიერი ცვლილება, არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა სახელმწიფოს მხრიდან.

„აქ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ დღეს პარლამენტში კანონპროექტის, „შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ” მოსმენა მიმდინარეობს. დასახელებულ კანონპროექტში ცვლილებების შეტანას გეგმავენ. ამ ცვლილებებს შორისაა ის ატრიბუტიკა, რომელიც მანიფესტაციებს და დემონსტრაციებს თან ახლავს. ეს იქნება სხვადასხვა კონსტრუქციები, კარვები, დინამიკები და ა.შ. აპირებენ, რომ ეს აკრძალონ. ამიტომ, დღეს ჩვენ სამოქალაქო საზოგადოება და მოძრაობები ვაპროტესტებთ ამ ინიციატივას იმიტომ, რომ ეს ნელ-ნელა მიგვიყვანს იქამდე, რომ საბოლოოდ ქვეყანაში პროტესტის გამოხატვას საერთოდ აკრძალავენ. გავაგრძელებთ პროტესტს მანამდე, სანამ არ მივაღწევთ შედეგს”, - განაცხადა სამოქალაქო მოძრაობა “ტალღის” წევრმა, ნინო კალანდიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება. ამ ახალი ამკრძალავი ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია - სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. კანონპროექტის განმარტებით ბარათში, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების განხორციელების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადებაა დასახელებული. „აღნიშნული განცხადების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებულ იქნა ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს ტერიტორიასა და მისი ფარგლების გარეთ მოქმედი პირების გარკვეული ჯგუფი 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობას გეგმავს. იმავე განცხადების მიხედვით, აღნიშნული პირების მიერ დაგეგმილია, მათ შორის, ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობა, საქართველოს ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვა, სახელმწიფო ორგანოთა შენობების დაკავება და ბლოკირება. ამასთანავე, მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ე. წ. კარვების ქალაქის ტერიტორიაზე იგეგმება ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანა და გააქტიურება. აღნიშნული საფრთხის გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განსაზღვრული სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების სათანადო ორგანოები ვალდებული არიან, გაატარონ ყველა გონივრული ღონისძიება ზემოხსენებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად“, - ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.

დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი