ეკა ბესელია - კონსტიტუციაზე მუშაობისას შევჯერდით, რომ პრეზიდენტს ყველაფერზე არ სჭირდება  მთავრობის თანხმობა, რადგან ეს სრული აბსურდი  იქნებოდა - ასეთი იყო  ირაკლი კობახიძის პოზიციაც

წარმოგიდგენიათ ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც ქვეყნის კონსტიტუციაში უწერია, რომ ის სახელმწიფოს მეთაურია, კონსტიტუციური წესრიგის გარანტია, ამ დროს კი არ ჰქონდეს უფლება, „ფეისბუქზე“ სტატუსი დაწეროს და „ტვიტერზე“ განცხადება გამოაქვეყნოს ოფიციალური ნებართვის გარეშე?, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვის პროცესს გამოეხმაურა.

ეკა ბესელიას განცხადებით, ის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იყო, როდესაც იმ საკანონმდებლო ნორმებს იღებდნენ, რომლებიც პრეზიდენტის უფლებამოსილებებს ეხება და მაშინ ირაკლი კობახიძის პოზიცია იყო, რომ პრეზიდენტს მთავრობის ნებართვა დასჭირდება მხოლოდ ისეთი ტიპის საგარეო ურთიერთობებზე, რომლებსაც შეიძლება მოჰყვეს კონკრეტული სამართლებრივი შედეგი, შეთანხმების გაფორმება ან ვალდებულების აღება.

„ნორმების მიღების დროს მე ვიყავი ერთ-ერთი კანონმდებელი, როცა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი, ჩემი კომიტეტი წამყვანი კომიტეტი იყო და ძალიან კარგად მახსოვს, რა ნორმატიული შინაარსი ჩავდეთ სადავო ნორმებში. საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაა, გაარკვიოს, რა ნორმატიული შინაარსი ჩადო კანონმდებელმა პრეზიდენტთან დაკავშირებულ ნორმებში. ირაკლი კობახიძეს როგორც საუბარი აქვს უთავბოლო, ფორმულირებებსაც თვითონ წერდა და ბევრი ფორმულირება იყო გაუმართავი. მახსოვს, ძალიან ბევრი კრიტიკა მოვიდა, ვიდრე სტილისტურად ოდნავ მაინც არ გაიმართა ტექსტი. ეს მისი სტილია, სხვათა შორის - კარგი ქართულით რომ ვერ აყალიბებს ფორმულირებებს. მთავარი შინაარსია, რომელზეც მახსოვს, სამუშაო შეხვედრის დროს რამდენიმე კითხვა მეც დავუსვი. მაშინ ვკითხე, როდესაც მთავრობის თანხმობით ახორციელებს გარკვეულ უფლებამოსილებებს, ყველაფერზე ნებართვა სჭირდება თუ არა? იქ იყო ცხადი განმარტება გაკეთებული, შევჯერდით ნორმატიულ შინაარსზე, რომ ყველაფერზე არ სჭირდება თანხმობა, ეს [ყველა უფლებამოსილებაზე მთავრობის ნებართვის საჭიროება] იქნებოდა სრული აბსურდი, რომ ასეთი ნორმატიული შინაარსი ჩაგვეწერა. ირაკლი კობახიძის პოზიციაც ეს იყო, რომ არა ყველაფერზე, არამედ იმაზე, რა ტიპის ურთიერთობასაც შეიძლება მოჰყვეს კონკრეტული სამართლებრივი შედეგი, შეთანხმების გაფორმება ან ვალდებულების აღება. ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანი მიხვდება, რომ დედამიწაზე არ შეიძლება არსებობდეს პრეზიდენტი, რომელიც „ფეისბუქ“ განცხადებაზე ან ქვეყნის შიგნით ელჩთან შეხვედრაზე, ნებართვას ითხოვდეს. ასეთი არაფრის უფლების მქონე პრეზიდენტს შეიძლება ჰქონდეს კანონზე ვეტოს დადების უფლება, შეწყალების უფლება, არჩევნების გამოცხადების უფლება, მთავარსარდლის ფუნქცია?“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამასთან, ეკა ბესელია გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას, რომ იმპიჩმენტის საკითხი იმდენად მარტივია, პირველი კურსის სტუდენტსაც კი არ გაუჭირდებათ სწორი გადაწყვეტილების მიღება.

მისი თქმით, პირველი კურსის სტუდენტებმა იციან, რომ კონსტიტუცია ისე პრიმიტიულად არ იკითხება, როგორც მას ირაკლი კობახიძე კითხულობს.

„პირველ კურსზე ბევრად ნიჭიერი სტუდენტები სწავლობენ, პირველკურსელები მინახავს, ბევრად კარგად აზროვნებენ და იციან კონსტიტუცია, ვიდრე ის კითხულობს. კონსტიტუცია არ იკითხება ასე პრიმიტიულად: ითხოვა ნებართვა, არ მისცეს ნებართვა, დაარღვია კანონი. ამაზე უფრო პრიმიტიული წაკითხვა კონსტიტუციის არ არსებობს. რა ნებართვა ითხოვა, რისთვის ითხოვა, რატომ არ მისცეს და შემდეგ რა დაარღვია ამით? ამ ყველაფერს ძალიან სიღრმისეული ანალიზი სჭირდება.

როდესაც პრეზიდენტი საუბრობს საგარეო ურთიერთობაში, როგორც ქვეყნის წარმომადგენელი პირი, ყველაფერზე კი არ სჭირდება თანხმობა, მას სჭირდება ისეთი ტიპის უფლებამოსილების განხორციელების დროს, როდესაც რომელიმე ხელშეკრულებას თანხმობა უნდა მისცეს - სადაც კვეთა ხდება მთავრობის ფუნქციასთან. აი, აქ სჭირდება თანხმობა. იცით, რა შინაარსია აქ ჩადებული, რომ თანხმობა არსებობდეს, ერთიანი პოზიცია ჰქონდეს ქვეყანაში აღმასრულებელ ორგანოს და ცალკე აღებულ პრეზიდენტს, რომელიც არ არის მთავრობის ნაწილი. თუ ვერ შევთანხმდებით, რომ ყველაფერზე არ სჭირდება თანხმობა, მაშინ აბსურდამდე მივდივართ. სამძიმარს ვერ გამოუცხადებს, წერილის ვერ დაწერს. ასეთი უუფლებო პრეზიდენტი არავის არ ჰყავს დედამიწაზე, როგორც კობახიძე კითხულობს და ეს არ წერია ჩვენს კონსტიტუციაში. ეს მისი ძალიან სახიფათო და გაუგონრად პრიმიტიული ინტერპრეტაციებია“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიამ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ოცნების“ მიერ იმპიჩმენტის პროცესის წამოწყების მოტივაციასა და მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ოცნება“ პრეზიდენტზე გაბრაზებულია და ამიტომ გადაწყვიტა პრეზიდენტის დასჯა ან შესაძლოა კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს უშლიან ხელს.

მისივე თქმით, შესაძლოა იმპიჩმენტის პროცესის დაწყება რუსეთის ინტერესების გაგრძელება იყოს, რადგან მათი მხრიდან პრეზიდენტის მიმართ კრიტიკული განცხადებები გვესმის.

„გაბრაზდნენ იმიტომ, რომ ქალბატონი სალომე არ არის იმ ტიპის დიპლომატი და პოლიტიკოსი, რომელიც ირაკლი კობახიძის ჭკუაზე გაივლის, ამ უბედური ანრი ოხანაშვილის, ან მათიკაშვილის. გაბრაზდნენ და გადაწყვიტეს პრეზიდენტის დასჯა ამ ფორმით. მეორე, არ უნდათ სტატუსი მიიღოს საქართველომ. ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს ეს პროცესი... წლის ბოლომდე ყოველდღე ველოდებით ევროკავშირის შეფასებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და აქამდე თუ თავს იკავებდი, ახლა რატომ გჭირს თავშეუკავებლობა, ე.ი. იგი არ გინდა, რომა ამ პროცესს მიეხმარო. მესამე, არ გამოვრიცხავ, რომ ეს მეზობელი ქვეყნის ინტერესების გაგრძელებაც იყოს, რადგან პრეზიდენტის მხრიდან კრიტიკული განცხადებები გვესმის“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო