ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის წარმომადგენლები ერთი და იმავე თემაზე დასმულ შეკითხვას შეგნებულად არ სცემდნენ პასუხს, რაც ნიშნავს, რომ თავადაც აქვთ გაცნობიერებული, რამდენად სუსტია მათი პოზიციები

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც სამი დღის განმავლობაში პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი იხილებოდა, პრეზიდენტის წარმომადგენლები ერთი და იმავე თემაზე დასმულ შეკითხვას „შეგნებულად არ სცემდნენ პასუხს“ და ეს ნიშნავს, რომ „თავადაც აქვთ გაცნობიერებული, რამდენად სუსტია მათი პოზიციები“.

მისივე განმარტებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სასამართლოზე ყველა კითხვას „ზუსტ პასუხებს სცემდნენ“, ხოლო საპასუხო მხარის შემთხვევაში ასე არ იყო და „პასუხების გაცემა უჭირდათ“.

„საზოგადოება ყველაფერს ხედავდა, როგორ უჭირდათ, მაგალითად, კითხვებზე პასუხების გაცემა. ათჯერ ერთი და იმავე თემაზე დასმულ შეკითხვას შეგნებულად არ სცემდნენ პასუხს და ა.შ როდესაც ათჯერ ვერ ახერხებ შეკითხვაზე პასუხის გაცემას, ნიშნავს, რომ თავადაც გაქვს გაცნობიერებული, რამდენად სუსტია შენი პოზიციები. თქვენ ასევე კითხვა-პასუხი ჩვენთან მიმართებითაც იხილეთ. რამდენი კითხვაც დასვეს, იმდენზე ზუსტი პასუხი გავეცით. მეორე მხრიდან ასე არ იყო. რატომ? იმიტომ, რომ უამრავ კითხვაზე პასუხები არ აქვთ, გამომდინარე იქიდან, რომ მათი მტკიცება აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო. როცა ამტკიცებ, რომ 49-ე მუხლი უფლებამოსილებას ადგენს, როდესაც თვითონ სათაური გეუბნება, რომ, სტატუსს ადგენს, იქ რაზეა საუბარი. როდესაც გეკითხებიან რა განსხვავებაა წარმოდგენას და წარმომადგენლობით უფლებამოსილების განხორციელებას შორის და ამაზე არ პასუხობ, აქ ყველაფერი ცხადია. საზოგადოებას ეს ყველაფერი ნახა“,- განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძე პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალური მოძრაობა“ მისი საჯარო განცხადების მიუხედავად, აპირებს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს ხმა მისცეს“. აღნიშნულთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განმარტა, რომ თუ „ნაცმოძრაობა“ იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს, „გამოვა, რომ გიორგი გახარია ცრუპენტელაა“.

„დაახლოებით, 2 კვირაში იქნება ამ საკითხის განხილვა პარლამენტში, დაველოდოთ „ნაციონალური მოძრაობა“ დაუჭერს თუ არა მხარს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს. ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოს ველოდებით. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს, კიდევ ერთხელ გამოვა, რომ გახარია ცრუპენტელა ყოფილა, რაც საზოგადოებამ ისედაც იცის. ეს ელემენტარული პოლიტიკური დემაგოგიაა, როგორც ეს ადამიანი დიდი ხანია იქცევა. მისი მორიგი განცხადებაც, ამ დემაგოგიის გაგრძელებაა. რაც შეეხება, ზოგადად, იმპიჩმენტის მხარდაჭერას. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის ქმედებაში კონსტიტუციის დარღვევა დაადასტურა, კეთილსინდისიერების საკითხიც არის თუ ვინმე ასეთ პირობებში იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს. ისეთ დროს, როდესაც აბსოლუტურად ცხადია კონსტიტუციის დარღვევა, უმარტივესი კაზუსია ეს ყველაფერი, ასეთ დროს, პრეზიდენტის არ გადაყენება, ამ საკითხის მხარის არ დაჭერა, კიდევ ერთი ილუსტრაცია იქნება იმისა, რომ ოპოზიცია კეთილსინდისიერი არ არის და მათ სალომე ზურაბიშვილთან ალიანსი აქვს. რადიკალურ ოპოზიციას და სალომე ზურაბიშვილს ერთმანეთთან ალიანსი აქვთ“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო