„რესპუბლიკური პარტია“ - ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის განთავსების გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნის გადაწყვეტილებაა

„რესპუბლიკური პარტია“ ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

პარტიაში მიაჩნიათ, რომ რუსეთის ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლების ფაქტობრივი დასტურით „მეორე ფრონტს“ ხსნის.

როგორც „რესპუბლიკურ პარტიაში“ აღნიშნავენ, საქართველოს კოლაბორაციონისტული ხელისუფლება ამ უკიდურესად სახიფათო პროცესის ფაქტობრივი თანამონაწილეა.

„რუსეთის ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლების ფაქტობრივი დასტურით „მეორე ფრონტს“ გვიხსნის. უკრაინასთან დაპყრობითი ომის პროცესში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტს სულ უფრო მეტი დანაკარგი აქვს და გადაუჭრელ პრობლემებს აწყდება. დასავლეთის მასშტაბური დახმარების შედეგად მიღწეულმა უკრაინის სამხედრო წარმატებამ რუსეთი აიძულა, ყირიმიდან, სევასტოპოლიდან მოშორებით მეორე საზღვაო სამხედრო ფრონტი გახსნას.

საქართველოში, ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის განთავსების გადაწყვეტილება რუსეთის მიერ სწორედ უკრაინის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნის გადაწყვეტილებაა.

საქართველოს ხელისუფალთა შექება, ოპოზიციის და პრეზიდენტის ძაგება რუსეთის ხელისუფალთა მხრიდან წინ უძღოდა ოჩამჩირეში მუდმივი სამხედრო- საზღვაო ბაზის შექმნის გადაწყვეტილებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ზედმეტად ზომიერი საპასუხო ტექსტი, მმართველი პარტიის თავმჯდომარის მხდალი და სამარცხვინო განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით, ხელისუფლების ფაქტიური დუმილი (ნაცვლად საერთაშორისო ხმაურისა და ბერკეტების გამოყენებისა, მაგალითად, გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევის მოთხოვნისა) გვარწმუნებს, რომ სწორედ საქართველოს ფაქტობრივი მმართველი ბიძინა ივანიშვილია მისი ჯიბის მთავრობით და პარლამენტით „მეორე ფრონტის“ გახსნის თანამონაწილე ოკუპანტი რუსეთის ხელისუფალ პუტინთან ერთად.

ოჩამჩირე საქართველოა! საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინის დაბომბვები და სხვა სახის სამხედრო ოპერაციები,უკრაინის მხრიდან მოსალოდნელი საპასუხო სამხედრო ოპერაციები არის რუსეთის მხრიდან საქართველოს ომში ჩათრევის მიზანმიმართული ქმედება.

საქართველოს კოლაბორაციონისტული ხელისუფლება კი ამ უკიდურესად სახიფათო პროცესის ფაქტობრივი თანამონაწილეა“, - აღნიშნულია „რესპუბლიკური პარტიის“ განცხადებაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!
სამომხმარებლო ბაზარზე  მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა