სამწუხაროდ, ნაცვლად საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან შინაარსობრივი დისკუსიებისა და თანამშრომლობისა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აგრძელებს მადისკრედიტებელ კამპანიას, ხელს არ უწყობს დეპოლარიზაციისა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის პროცესს, - ასე ეხმაურება „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ენჯეოები“ ევროპელებისგან ითხოვენ, რომ წინაპირობები უნდა დაუყენოს საქართველოს ევროკავშირმა, უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და რუსეთისთვის სანქციების დაწესება“.
„საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ორგანიზაციის პოზიციაზე საუბრისას GRASS-ის პოზიციას დაეყრდნოს და შეფასებისას და საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანოს.
„6 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები კვლავ შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენია, მათ საქმიანობას კი „სამარცხვინო და არაქართული“ უწოდა.
სამწუხაროდ, ნაცვლად საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან შინაარსობრივი დისკუსიებისა და თანამშრომლობისა, პარლამენტის თავმჯდომარე აგრძელებს მადისკრედიტებელ კამპანიას მათ წინააღმდეგ. გარდა იმისა, რომ თავისი განცხადებით შალვა პაპუაშვილი ხელს არ უწყობს დეპოლარიზაციისა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის პროცესს, აღსანიშნავია ისიც, რომ მისი განცხადების შინაარსი რეალობას აცდენილია. შალვა პაპუაშვილი, სამწუხაროდ, ამახინჯებს როგორც „კანდიდატის სტატუსმეტრში“ მოცემულ ევროკავშირის პრიორიტეტების შესრულების შეფასებებს, ასევე ამ დოკუმენტის შინაარსს, რომელსაც, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ის არც გაცნობია.
რაც შეეხება „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ პოზიციას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან და კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ის მკაფიოდაა ასახული „კანდიდატის სტატუსმეტრსა“ და ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლეიენთან 18 სექტემბერს გაგზავნილ წერილშიც, რომელშიც კიდევ ერთხელ ვთხოვთ ევროკომისიის პრეზიდენტს, მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ვინაიდან „ეს იქნება საქართველოს ისტორიული არჩევანის აღსრულებაში კიდევ ერთი ეტაპი, შეასრულებს კატალიზატორის როლს დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებასა და ინსტიტუტების გაძლიერებაში და განამტკიცებს როგორც საქართველოს, ასევე ევროპის უსაფრთხოებას.“
„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ოფიციალური პოზიცია აღნიშნულ საკითხზე სრულიად ნათელი, ქართული და ევროპულია, განსხვავებით იმ გადაწყვეტილებებისა, რომლებიც, ევროკავშირმა თავის დროზე, ანტიევროპულად და ანტიდემოკრატიულად შეაფასა.
გვსურს მოვუწოდოთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ GRASS-ის პოზიციაზე საუბრისას GRASS-ის პოზიციას დაეყრდნოს და შეფასებისას, ფაქტების საპირისპირო სურათის დახატვით, შეცდომაში არ შეიყვანოს საზოგადოება.
საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების პროცესი საერთო ეროვნული ამოცანაა. როგორც ეს ევროკომისიის პრეზიდენტისადმი მიწერილ წერილში აღვნიშნეთ, „ამ პროცესმა, ევროკავშირში გაწევრიანების ეროვნული მიზნის მიღწევის გზაზე უმნიშვნელოვანეს მომენტში, ყველა დაინტერესებული მხარე უნდა გააერთიანოს.“ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, შეცვალოს დამაზიანებელი და მაპოლარიზებელი რიტორიკა და იმოქმედოს საზოგადოების არა დაყოფის, არამედ გაერთიანების ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ პროცესის მხარდაჭერასა და ხელშეწყობას. იმედს გამოვთქვამთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გადადგამს რეალურ ნაბიჯებს და, ევროკავშირში გაწევრიანების საერთო მიზნის მისაღწევად, ყველა დაინტერესებულ მხარესთან რეგულარული შინაარსობრივი შეხვედრების გამართვას დაიწყებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ენჯეოები“ ევროპელებისგან ითხოვენ, რომ წინაპირობები უნდა დაუყენოს საქართველოს ევროკავშირმა, უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და რუსეთისთვის სანქციების დაწესება.
როგორც მან აღნიშნა, სამწუხაროდ გვყავს ქართული რეგისტრაციის მქონე „ენჯეოები”, რომლებიც ევროკავშირის განცხადების მიუხედავად ამბობენ, რომ საქართველომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან, მხოლოდ ერთი რეკომენდაცია შეასრულა.