თინა ბოკუჩავა - ნატო-ში გაწევრიანება არის ერთადერთი მშვიდობის გარანტი საქართველოსთვის და არა ის ეფემერული მშვიდობა, რაზეც ხელისუფლება გვესაუბრება

ნატო-ში გაწევრიანება არის ერთადერთი მშვიდობის გარანტი საქართველოსთვის და არა ის ეფემერული მშვიდობა, რაზეც საქართველოს ხელისუფლება გვესაუბრება - 12 რეკომენდაციის შესრულება არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა, არამედ ნატო-შიც, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს.

„მე პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე ვაშინგტონის სამიტთან დაკავშირებით ვიკითხე, რომელიც მომავალ წელს უნდა ჩატარდეს და რამდენად აქვს საქართველოს შანსი, რომ ამ მნიშვნელოვან სამიტზე განხილულ იქნას საქართველოს დაჩქარებული წესით ნატო-ში გაწევრიანება, მათ შორის მაპი-ს გარეშე, პასუხად მივიღე ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ დააჩქაროს რეფორმები, რაც პირდაპირი მითითებაა, მათ შორის, იმ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, რომელიც ჩვენ ევროკავშირისგან მივიღეთ, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ამ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა, არამედ ნატო-შიც გაწევრიანების წინაპირობაც არის, რაც ბუნებრივია საქართველოსთვის არის ერთადერთი რეალური მშვიდობის გარანტი. როდესაც ხელისუფლება საუბრობს ხოლმე მშვიდობაზე და სტაბილურობაზე, რაღაც ეფემერულ მშვიდობაზე და ძალიან ყალბ მშვიდობაზე კი არ უნდა გველაპარაკებოდეს, იმ რეალურ სტაბილურობაზე და მშვიდობაზე, რომელსაც ნატო-ში გაწევრიანებას შეუძლია საქართველოს მოუტანოს. ეს პირდაპირ დამოკიდებულია იმ რეფორმებზე, რომელიც გათვალისწინებულია ევროკავშირის რეკომენდაციებში“, - განაცხადა თინა ბოკუჩავა

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წლიურ სესიაში მონაწილეობს, რომელიც 7-9 ოქტომბერს, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში იმართება.

სესიაზე განიხილება ევროატლანტიკური სივრცის და გლობალური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხები. მათ შორის: რუსეთ-უკრაინის ომი და მისი გავლენა ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე; ალიანსის ღია კარის პოლიტიკა; ნატო-ს ადაპტაცია გაუარესებული უსაფრთხოების გარემოს საპასუხოდ; ბალტიისა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები; ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკა; არქტიკის უსაფრთხოება; სამხედრო ტექნოლოგიები და ინოვაცია; კრიტიკული საზღვაო ინფრასტრუქტურის დაცვის საკითხები; ჩინეთი და გლობალური სამხრეთი; ეროვნული და კოლექტიური მედეგობის გაძლიერება და სხვა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება