ქართული პრესის მიმოხილვა 16.10.2023

გია ხუხაშვილი - დიდი „აფეთქება“ ანუ რა საფრთხე ემუქრება საქართველოს?!

რა ელოდება ისრაელის არმიას ღაზაში - ხაფანგები და სახმელეთო ოპერაციის გადადების ვერსიები

ლაშა ძებისაშვილი - “მორდორის” გათვლა” ანუ შესაძლოა ისრაელისა და “ჰამასის” კონფლიქტმა სამხრეთ კავკასიაც მოიცვას?!

შეცვლიან თუ არა ლევან ხაბეიშვილს ნიკა გვარამიათი - როგორ დასრულდა კვიპროსული ვოიაჟი

პაატა გიგაური - “ახალი გადანაწილება დაწყებულია, მსოფლიო ახლებურად ლაგდება“

* * *

გია ხუხაშვილი - დიდი „აფეთქება“ ანუ რა საფრთხე ემუქრება საქართველოს?!

“ეს არ არის პალესტინა-ისრაელის ომი. მას აქვს გლობალური განზომილება და ატარებს მსოფლმხედველობრივ ხასიათს. ასეთი ომების დროს გონება ითიშება, პრაგმატიზმი გადადის უკანა პლანზე და შემოდის უფრო საკრალური, ემოციური ელემენტები. ასეთი ომები განსაკუთრებით სასტიკი და დაუნდობელია. რაც შეეხება იმას, რა შეიძლება მოხდეს, ახლა მთავარი დრამა ვითარდება იმ პოზიციურ ბრძოლებში, რაც მიმდინარეობს რეგიონული თუ გლობალური მასშტაბით. ახლა მნიშვნელოვანია იმუშაოს შემაკავებელმა ფაქტორებმა, რათა ეს ალი არ მოედოს მთელ ახლო აღმოსავლეთს, რისი რისკებიც არის. ისრაელი სრულად მტრულ გარემოშია მოქცეული, ყველა მისი მეზობელი მის შეჭმას ლამობს. ისინი ახლა აკვირდებიან ვითარებას და ელოდებიან, რომ ისრაელმა რაიმე შეცდომა დაუშვას ან სისუსტე გამოავლინოს, ხოლო აშშ, დიდი ბრიტანეთი და მთელი ევროპაც პრინციპში ერთგვარ შემაკავებელ ფარს აკეთებენ ისრაელის ირგვლივ”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დიდი „აფეთქება“ ანუ რა საფრთხე ემუქრება საქართველოს?!

“ყველაზე მეტი რისკები მომდინარეობს ირანიდან, მისი გაგრძელებაა “ჰესბოლა”, რომლის დარტყმის საფრთხეც ლიბანიდან დიდია. აშშ-მა ისრაელთან ატომური საავიამზიდო ჯგუფი გაგზავნა, ასევე გაგზავნა ფლოტი ბრიტანეთმაც. ისრაელი თავის პრობლემებს ღაზასთან დაკავშირებით თვითონვე მიხედავს, მაგრამ მთავარია, დომინოს პრინციპით არ განვითარდეს მოვლენები. მუსლიმანური ქვეყნების ხელისუფლებებსაც შიდა ზეწოლა აქვთ, რელიგიური ფაქტორი იქ ძალიან მძლავრობს. არაბული სამყაროს ქვეყნები იქნება, ირანი თუ თურქეთი, რელიგიურ ნიადაგზე არიან საზოგადოების ზეწოლაში. შეიძლება ისინი სულაც არ არიან მზად აქტიური ქმედებებისთვის, მაგრამ უწევთ საზოგადოებრივი განწყობების გათვალისწინება და ესეც დამატებითი რისკფაქტორია... თითქოს აბსურდია, რომ ნატოს წევრი თურქეთი ასეთ პოზიციაზე იყოს როგორ განცხადებებსაც აკეთებს ერდოღანი, მაგრამ ის ამით ხარკს უხდის სწორედ საზოგადოებრივ განწყობებს. როცა ამ ყველაფერში რელიგიური ელემენტი შემოდის, ეს მსოფლმხედველობრივი დაპირისპირების ნაწილია და განსაკუთრებულად ამძაფრებს ვითარებას”, -აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ისრაელს იმის ფუფუნება აღარ აქვს, რომ ღაზის პრობლემა ძველებურ რეჟიმში დატოვოს. ეს პრობლემა რამენაირად უნდა გადაწყდეს, თუნდაც ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ბუფერული ზონის შექმნით რისკების მეტ-ნაკლებად შესამცირებლად. ჰუმანიტარული პრობლემები არ უნდა გამწვავდეს, რადგან ამანაც შეიძლება ააფეთქოს ვითარება. “ჰამასი” თავის შვილებს, დედებსა და მამებს ცოცხალ ფარად იყენებს. ამან შეიძლება მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლი გამოიწვიოს, მაგრამ, ვფიქრობ, ისრაელი ამ ყველაფერს ითვალისწინებს. ამაზე მისი პირველი ოპერაციებიც მეტყველებს. სრულმასშტაბიანი შეტევა კი არ დაიწყეს, არამედ ომით ერთგვარად დაზვერვა ჩატარდა, თანაც წარმატებულად და იმედისმომცემად. საჭიროა ემოციების ჩაწყნარება და გადაწყვეტილებების მიღება. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ ყველაფრის უკან, დიდი ალბათობით, რუსეთი დგას - არა ირანი, არამედ სწორედ რუსეთი. ის არც მალავს, რომ აშკარად ტერორისტების მხარეს არის”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“არავის ისე აწყობს ამგვარი კონფლიქტების აფეთქება როგორც რუსეთს, გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინაში ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს, ფაქტობრივად, უპერსპექტივო ომს აწარმოებს და ახლა მნიშვნელოვანია დაძაბულობის ვექტორის გადატანა სადმე სხვაგან და ასევე დასავლური რესურსების დაქსაქსვა და ამოსუნთქვის საშუალების მიღება. ყველაზე საშიში კი ის არის, რომ რუსეთის ტიპის ქვეყნები არასდროს აკეთებენ ერთსვლიან კომბინაციებს. ბუნებრივია, კრემლს ილუზია არ ექნებოდა, რომ პალესტინას ისრაელთან რამე გამოუვიდოდა და მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევდა. მათ შემდგომი სვლებიც ექნებათ მომზადებული და დიდი სიფრთხილეა საჭირო. ვითარება ძალიან დაძაბულია, მაგრამ იმედია, ეს ყველაფერი მანამ დასრულდება, სანამ ფუნდამენტალიზმი იფეთქებს და ვითარება უკონტროლო გახდება. უკრაინაში მძიმე მდგომარეობის გადასაფარად რუსეთმა დაიწყო შენელებული ნაღმების აფეთქება - მისი გეგმაა, რაც შეიძლება ბევრი ცხელი წერტილი გააჩინოს, რათა აქცენტები გადაიტანოს სხვაგან და დასავლეთის რესურსები დაქსაქსოს”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“აშშ-სა და მის მოკავშირეებს განუზომლად დიდი რესურსი აქვთ, ვიდრე მათ მოწინააღმდეგეებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს შექმნის პრობლემებს და უკრაინის საკითხის გადაწყვეტა შეიძლება გადავადდეს, მაგრამ ის, რომ რესურსი ამოიწურება და უკრაინა ომს წააგებს, გამორიცხულია. რუსეთს არანაირი კოზირი აღარ აქვს იმისა, რომ ამ ომში რაიმე გარდატეხა მოახდინოს. უკრაინა სულ დახმარების გარეშეც რომ დარჩეს, რუსეთს ამ ომის მოგების შანსი აღარ აქვს. უკრაინისთვის ეს არის სამამულო ომი. რუსეთმა გამარჯვებულად რომ ჩათვალოს თავი, ქვეყანაზე კონტროლის დამყარება უნდა შეძლოს. კრემლმა ძალიან დიდი სამხედრო უპირატესობაც რომ მოიპოვოს, მას კონტროლის დამყარების შანსი აღარ აქვს. რუსეთი იმ იმედით კი არ არის, რომ უკრაინაში ომს მოიგებს, არამედ იმას ელოდება, რომ ვიღაც დაიღლება, მასთან მოლაპარაკებას გამართავს და რაღაცაში შეუთანხმდება. დღეს რუსეთი იმპერიის გაფართოებაზე კი არ ფიქრობს, არამედ ზრუნავს იმპერიის რაღაც ნაწილი მაინც შეინარჩუნოს და მთელი ქვეყანა არ დაექცეს თავზე”, - განმარტავს გია ხუხაშვილი.

“სამწუხაროდ, ჩვენს ხელისუფლებას არანაირი სტრატეგია არა აქვს - დღეს ხელისუფლებაში გვყავს პირთა ჯგუფი, რომელიც დღევანდელი დღით ცხოვრობს და დღევანდელ მშვიდობას აცხადებს მთავარ ფასეულობად ისე, რომ ხვალინდელ დღეზე არ ფიქრობს. უსაფრთხოების სისტემებზე არ მუშაობენ, არც იკრიბებიან. არადა, უსაფრთხოების საბჭო ამ ვითარებაში მუდმივ რეჟიმში უნდა მუშაობდეს. აგერ ოჩამჩირეში ჩვენი მტერი რუსეთი აშენებს სამხედრო ბაზას და ხელისუფლება ამაზეც კი არ რეაგირებს, მეტიც, ჩვენ გვეუბნება, ხმა არ ამოიღოთო. ამ სახიფათო თემაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთი განცხადების მეტი არაფერი მოგვისმენია. ისინი ფიქრობენ მხოლოდ საკუთარ ოჯახებზე, ქონების დაგროვებაზე, ძალაუფლების შენარჩუნებაზე, ამის იქით მათი აზროვნება არ მიდის. აგერ ფარცხალაძეს ბრალდება წაუყენეს, რომ მტრული სახელმწიფოს დაზვერვაზე მუშაობს, მაგრამ ამას კი არ იძიებს სუს-ი, არამედ ოპერატორებს, რომლებიც რაღაც ტრენინგზე ყოფილან, დაატარებს დაკითხვაზე”, - ამბობს რესპონდენტი.

“რაც შეეხება ორბანის ვიზიტს, ევროპული პოლიტიკის გაგებით ვიქტორ ორბანი არის ერთგვარი”კოჭლი იხვი”, აქედან გამომდინარე, სადაც ტაშს დაუკრავენ, ის ყველგან სიხარულით მიდის, ამით ის უნგრეთის შიდა პოლიტიკაში ქმნის რაღაც ილუზიას. ჩვენმა ხელისუფლებამ რომ დაიწყო ტრაგიკომიკური კამპანია “დედა დედაა და მამა მამაო”, ამის მოდელად აიღეს სწორედ ორბანი, მისი იმიტაცია ხდებოდა და ამით ვითომ ევროპულ პოლიტიკას უკავშირდებოდნენ. სინამდვილეში ორბანი არის ადამიანი, რომელიც სწორედ იმის გამოა ევროპული პოლიტიკისთვის მიუღებელი, რისთვისაც ჩვენი ხელისუფლება იხუტებს. შესაბამისად, როდესაც შენ ევროპისკენ მიდიხარ, სადაც ერთადერთი პრობლემა ორბანის ხელისუფლებაა და შენ ამ პრობლემასთან იწყებ მეგობრობას, ბუნებრივია, ევროპაში დაფიქრდებიან, ერთი თავსატეხი არ გვეყოფა, ახლა მეორე არ ავიკიდოთო? შეუძლებელია არ იცოდნენ ჩვენს ხელისუფლებაში, რომ რეალურად ამ ტიპის ვიზიტები ხელს კი არ უწყობს ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას, არამედ ხელს უშლის და საზიანოა”, - თვლის ექსპერტი.

“ვითომ ევროპისკენ მიდიან, საზოგადოებას ურეცხავენ ტვინს, გაუცნობიერებელ ადამიანებს ატყუებენ ამგვარი პროპაგანდით. მართლა სიგიჟეებით არის ეს ყველაფერი გაზავებული, თურმე ორბანმა და ღარიბაშვილმა ევროპელებს უნდა აუხსნან, ოჯახი რა არის... ისე, პირველი ქვეყანა, რომელმაც შეიფარა სააკაშვილის ხელისუფლების რიგი მაღალჩინოსნები, მათ შორის ადეიშვილი, კოდუა, უდესიანი, უნგრეთი იყო. როცა მათგან ითხოვდნენ, ეს პირები გადმოეცათ, უნგრეთი მტკიცე უარს ამბობდა. ახლა, რა თქმა უნდა, ეს არ ახსოვთ ღარიბაშვილის მთავრობაში, ან არ იხსენებენ - ეს არის ცინიკური, ვირეშმაკული, იაფფასიანი და ბანალური პოლიტიკა”, - დასძენს გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “ევროსაბჭომ რუსეთი დიქტატურად გამოაცხადა...” - პასუხობს:

“ამით მოლაპარაკებების გზა არ ეჭრება - ისტორიას თუ გადახედავთ, დიქტატორებსაც ელაპარაკებიან, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით იჭრება სეპარატული მოლაპარაკების გზა, ანუ იმის შესაძლებლობა, რომ ვინმემ გაბედოს კულისებში ლაპარაკი და რაიმე გარიგება. ლაპარაკია იმაზე, რომ დიქტატორს უნდა ელაპარაკო საჯაროდ და პრინციპულად. ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი ევროსაბჭოს გადაწყვეტილება. მე კიდევ ერთ საკითხზე მივაქცევდი მკითხველის ყურადღებას - მაშინ, როდესაც ევროსაბჭო აცხადებს პუტინს დიქტატორად, ორბანი კი ამბობს, უკრაინას დახმარება უნდა შეუწყდეს და რუსეთს მოველაპარაკოთო, და ამ დროს თბილისში როგორც ძმა და მეგობარი ჩამოდის, ვფიქრობ, ზედმეტი კომენტარის გარეშეც ყველაფერი ცხადია”.

რა ელოდება ისრაელის არმიას ღაზაში - ხაფანგები და სახმელეთო ოპერაციის გადადების ვერსიები

“ისრაელის თავდაცვის არმიას (“ცახალი”) ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაცია ჯერ არ დაუწყია. ოფიციალურად და არაოფიციალურად ამ გაჭიანურების რამდენიმე მიზეზი სახელდება - ძლიერი წვიმა, აზრთა ხვადასხვაობა ისრაელის საგანგებო მთავრობაში და ის, რომ ისრაელი ელოდება მომავალი შეტაკებების ეპიცენტრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის მაქსიმალურად გასვლას. ანალიტიკოსთა ნაწილი კი ვარაუდობს, რომ “ჰამასს” მოვლენების ასეთი განვითარება წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი და ღაზას სექტორში”ცახალს” გარკვეული “ხაფანგები” მოუმზადა. როგორც “რეზონანსთან” ანალიტიკოსები ამბობენ, სახმელეთო ოპერაციის დაწყების გაჭიანურების ყველაზე რეალური მიზეზი ისაა, რომ ისრაელი ღაზას მოსახლეობის ევაკუაციას ელოდება, რადგან “მსოფლიოში სენტიმენტები უკვე შეიცვალა” და დასავლელი ლიდერებისგან უამრავი მოწოდება გაჟღერდა, რომ “გენოციდი არ განხორციელდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა ელოდება ისრაელის არმიას ღაზაში - შესაძლო ხაფანგები და სახმელეთო ოპერაციის გადადების რამდენიმე ვერსია.

“რაც შეება იმას, რომ უშუალოდ ღაზაში “ცახალს” შესაძლოა “სიურპრიზები” ელოდეს, ანალიტიკოსთა შეფასებით, არ არსებობს “ჰამასის” ისეთი ხაფანგი, რასაც ისრაელი ვერ გადალახავს, თუმცა ურთულესი ქუჩის ბრძოლების წარმოება ნამდვილად მოუწევს. ჯერ კიდევ 14 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ “ცახალმა" სახმელეთო ოპერაციისთვის მზადება პრაქტიკულად დაასრულა და ღაზას სექტორთან ჯარებს თავი უკვე მოუყარა, როგორც “ბიბისი” წერდა, “ცახალი” ემზადება კომპლექსური შეტევისთვის, ასობით ათასი რეზერვისტის დახმარებით”, მათივე ცნობით, ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან ერთიანი და კოორდინირებული შეტევა იგეგმება. შაბათს ისრაელის თავდაცვის არმიამ ღაზას მოსახლეობას სექტორის სამხრეთისკენ ევაკუაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და უსაფრთხო საევაკუაციო მარშრუტების რუკა გამოაქვეყნა. კვირას კი ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჩრდილოეთ ღაზას მცხოვრებლებს მიმართა და განაცხადა, რომ საევაკუაციო დერეფანი დილის 10:00-დან 13:00 საათამდე იმოქმედებდა, რათა მშვიდობიან მოსახლეობა ღაზას ჩრდილოეთ ნაწილი დაეტოვებინა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ღაზაში 15 ოქტომბრის ღამით 100-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს. განადგურებულ სამიზნეებს შორისაა “ჰამასის” შტაბ-ბინები და სამხედრო შენაერთები, ათეულობით სარაკეტო გამშვები მოწყობილობა, ტანკსაწინააღმდეგო კონსტრუქციები და სადამკვირვებლო პუნქტები. განადგურდა პალესტინის “ისლამური ჯიჰადის” ორგანიზაციის სამხედრო შტაბიც. თავდაცვის ძალების ცნობით, ლიკვიდირებულია “ჰამასის” ერთ-ერთი საბრძოლო ფრთის, “ნუხბას” ძალების მეთაური ბილალ ალ კედრა, რომელიც პასუხისმგებელი იყო ისრაელში კიბუც ნირიმში მომხდარ მკვლელობებზე. სირიის სამთავრობო მედია წერს, რომ ისრაელის ავიაცია ჩრდილოეთის ქალაქ ალეპოს საერთაშორისო აეროპორტს დაესხა თავს. ამავე ინფორმაციით, ალეპოს აეროპორტის ასაფრენი ბილიკი დაიბომბა და ის ექსპლუატაციიდან გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ალეპოს აეროპორტი მას შემდეგ დაბომბეს, რაც სირიიდან გოლანის სიმაღლეების მიმართულებით ორი რაკეტა გაისროლეს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ჯონათან კონრიკუსის განცხადებით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის მთავარი პრიორიტეტი მძევლების გადარჩენაა. მისი თქმით, ღაზას სექტორში გვირაბების რთული ქსელია და “ჰამასის” მიერ გატაცებული 150-200 ადამიანი, სავარაუდოდ, სწორედ იქ ჰყავთ დაკავებული. გენერალი ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ, მისი აზრით, თუ ისრაელმა სახმელეთო ოპერაცია გადადო ან აჭიანურებს, ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ რეალურად მართლაც ელოდება მშვიდობიანი მოსახლეობის გასვლას და სხვა სცენარები ლოგიკაში არ ჯდება. ვარაუდი, რომ ისრაელის არმიას ღაზას სექტორში “ჰამასი” ხაფანგებს დაუგებს და რაღაც ისეთს უმზადებს, რასაც ისინი ვერ გადალახავენ, არასწორია. პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი ფიქრობს, რომ ისრაელი დიდ სამოქალაქო მსხვერპლს ერიდება და სახმელეთო ოპერაციას იმიტომ წელავს და მიიჩნევს, რომ ქალაქის პირობებში ბრძოლის წინასწარმეტყველება ძალიან ძნელია”, - დასძენს გამოცემა.

“ინფორმაცია მეც ღია წყაროებიდან მაქვს და ლოგიკურად ღაზას სექტორიდან მილიონნახევარი მოსახლე ასე მალე ვერ გავიდოდა. შესაბამისად, მსოფლიო განწყობა და მოწოდებები იქითკენაა მიმართული, რომ გენოციდი არ განახორციელონ. ამ მცირე ტერიტორიაზე ამდენი მოსახლეა და ისრაელი ახლა რომ შევიდეს, ამას მოსახლეობაში ძალიან დიდი მსხვერპლი მოჰყვება და ჩემი აზრით, ამის გამოა, რომ სახმელეთო ოპერაცია გადადო იქამდე, სანამ მოსახლეობა გავა. ან მეორე ვარიანტია - შესაძლოა საერთოდაც გააკეთოს ბლოკადა და რაღაც წერტილოვანი დარტყმებით “ჰამასზე” ზემოქმედება განახორციელოს. ისრაელი ღაზას მოსახლეობას მაქსიმალურ დროს აძლევს - 24 საათი აბსურდული იყო, ამ დროში მილიონი კაცი ერთი რაიონიდან მეორეში ნამდვილად ვერ გავა. ასეთ შემთხვევაში ჰუმანიტარული კატასტროფა იქნება. ამაზე მსოფლიო ლიდერების მოწოდებებიც იყო, აფრთხილებდნენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“მგონია, რომ ისრაელი საბოლოოდ ღაზას სექტორში შევა, მაგრამ შევა შეზღუდული, უფრო სპეცდანიშნულების ძალებით და რაღაც კონკრეტული წერტილოვანი დარტყმებით, რომ აირიდოს თავიდან ფართო მასშტაბით და ტანკებით შესვლა, თუმცა ეს ჩემი აზრია. ისრაელს გამოცდილება აქვს, ღაზაშიც ომობდა და ლიბანშიც. ხაფანგები და მარწუხები არა მგონია ისრაელს აშინებდეს, თან იმ სამხედრო უპირატესობის პირობებში, რაც მას გააჩნია. აქ ორი საკითხია. ერთი, რომ მოსახლეობაში იქნება დიდი მსხვერპლი და მეორე - ქალაქში ბრძოლა მაინც პარტიზანული ბრძოლის ტიპის იქნება, რომელიც საკმაოდ გრძელვადიანი გამოვა, რაც ისრაელის მნიშვნელოვან დროს და რესურსებს წაიღებს. ღაზაში ისრაელს ისეთი არაფერი ელოდება, რასაც ვერ გადალახავს. რომ უნდოდეს, ღაზას თავის ხალხიანად მიწასთან გაასწორებს. უბრალოდ, იგივეს ხომ არ გააკეთებს, რასაც ეს ტერორისტები აკეთებენ?! შესაბამისად, ეს გათვალისწინებული ექნება. მსოფლიოში სენტიმენტები უკვე შეიცვალა. უკვე მოწოდებებია, რომ ღაზაში წყალი არ აქვთ, ჰუმანიტარული კატასტროფაა და ა.შ. ისრაელი კი ამას ითვალისწინებს”, - დაასკვნის ვახტანგ კაპანაძე.

“ზუსტად ძნელია თქმა, რატომ იწელება დროში ისრაელის სახმელეთო ოპერაცია, მაგრამ, დიდი ალბათობით, ისრაელი დიდ სამოქალაქო მსხვერპლს ერიდება და ამიტომაც ელოდება, რომ ღაზას ჩრდილოეთი ნაწილი რაც შეიძლება მეტმა მოსახლემ დატოვოს და შეტევა მერე დაიწყონ. ეს ურთულესი ოპერაციაა. დროს ვერ ვიტყვით რამდენი ხანი მოუნდება, მაგრამ ქალაქში ბრძოლა ძალიან რთულია და დიდი ალბათობით, “ჰამასი” ამ შეტევისთვის მომზადებულია. ასე რომ, ურთულესი ოპერაცია იქნება. ისრაელის მიზანი ჩრდილოეთ ღაზის დეპოპულაციაა. ამით პრობლემას ვერ გადაწყვეტს, მაგრამ ისრაელის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ საკუთარ მოსახლეობას უნდა აჩვენოს, რომ რაღაცაში გაიმარჯვა და ეს რანაირად უხეშადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს გამარჯვება რაღაცაში უნდა აისახოს. ის, რომ ხუთი საათი ღაზა ბომბეს, ეს გამარჯვება არაა. ერთადერთი მიზეზი, რატომაც თავს იკავებენ, ალბათ ისაა, რომ დამატებითი დაგეგმვაა საჭირო და ალბათ კიდევ რაღაც სამხედრო ობოექტები მწყობრიდან გამოსაყვანია, რომ სახმელეთო იერიში რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით აწარმოონ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძე.

“არ ვიცი ისრაელის არმიას ღაზაში ხაფაგი ელოდება თუ არა, მაგრამ ვინც ღაზას შეტევაში მიიღებს მონაწილეობას, იოლი გასეირნება რომ არ ელოდება, ამას ყველა ხვდება. ქალაქში ბრძოლის შედეგების წინასწარმეტყველება ძალიან ძნელია, ისრაელი ამიტომაც ცდილობს, რომ ღაზა მშვიდობიანი მოსახლეობისგან დაცალოს, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ “ჰამასზე” ზემოქმედება გაუადვილდებათ. თუ ევაკუაცია მოხდა და მშვიდობიანი მოქალაქეები გამოვლენ, მერე ყველას მოკლავენ, ვისაც შეხვდებიან. ასე ბრძოლა უფრო ადვილია, ვიდრე მაშინ, სამოქალაქოები და მებრძოლები ერთმანეთში რომ არიან არეული. მე ასეთი ვარაუდი მაქვს, რომ თუ ისრაელი ღაზას ჩრდილოეთში შევიდა, იქიდან აღარ გავა და ამას გამარჯვებად გაიფორმებს”, - დასძენს ლაშა ბერიძე.

ლაშა ძებისაშვილი - “მორდორის” გათვლა” ანუ შესაძლოა ისრაელისა და “ჰამასის” კონფლიქტმა სამხრეთ კავკასიაც მოიცვას?!

“თანდათან იკვეთება, რომ აქამდე არსებული მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის მექანიზმები, რაც, ავად თუ კარგად, იცავდა მშვიდობას, აღარ მუშაობს და ასეთ დროს იწყება ახალი გადანაწილება. ახლა ის პროცესია, როცა, ერთი მხრივ, შეინიშნება არალიბერალური ანუ ავტორიტარული, ტოტალიტარული სახელმწიფოების გლობალური გაერთიანება, რომელთაც სურთ თავიანი ინტერესების დაცვა და გავლენის გაფართოება, მეორე მხრივ, აქეთ ლიბერალური, დასავლური სამყაროა, რომელიც ძალიან ნელა, დიდი პრობლემებით, მაგრამ თანდათან კონსოლიდირდება. მსოფლიო ორად გაიყო, ბნელ და ნათელ პოლუსებად, თუმცა ორივეს დიდი პრობლემები აქვს. ჯერ ბნელ პოლუსზე ვიტყვი - რუსეთი, რომლის გეგმა იყო უკრაინაში სამხედრო გამარჯვებით ახალ იმპერიად დაბადება, მაგრამ ამ სამხედრო კამპანიამ საფუძველი ჩაუყარა მისი, როგორც იმპერიის საბოლოო დაქცევას”, - აცხადებს ექსპერტი, საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ლაშა ძებისაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მორდორის” გათვლა” ანუ შესაძლოა ისრაელისა და “ჰამასის” კონფლიქტმა სამხრეთ კავკასიაც მოიცვას?!

“იმედია, ამ პროცესში რუსეთი დასუსტდება, დაემშვიდობება იმპერიულ სტატუსს და გარდაიქმნება ჩვეულებრივ სახელმწიფოდ. ეს რამდენად შესაძლებელია, სხვა საკითხია, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან რუსეთს ძალზე ცუდი პერსპექტივა აქვს, მათ შორის იმ თვალსაზრისით, თუ რომელი ძალა მოვა პუტინის შემდგომ, შეიძლება უფრო უარესი, უფრო შოვინისტური, ფაშისტური და იმპერიალისტური რეჟიმი დამყარდეს და რუსეთი ავტარქიად ჩამოყალიბდეს, რაც დიდი საფრთხეა ჩვენთვის. ცალკე პრობლემა აქვს ჩინეთს - სერიოზული რეცესია ეკონომიკური, საბანკო სისტემის, სოციალური და ა.შ. ამ თვალსაზრისით სავაჭრო და ეკონომიკური დამოკიდებულება დასავლეთზე დამატებითი ბერკეტია ჩინეთის საწინააღმდეგოდ. მას აქვს დილემა რა ქნას, - დაელოდოს მისი ეკონომიკური დეგრადაციის ნელ პროცესს, რაც, ბუნებრივია, კარგად არ დამთავრდება უპირველესად მმართველი პოლიტიკური ელიტისთვის, თუ გადადგას ის ნაბიჯები, რაც, როგორც მინიმუმ, მმართველ პოლიტიკურ-კომუნისტურ, ტოტალიტარულ ელიტას გაუხანგრძლივებს სიცოცხლეს? ასეთი რეჟიმები სიცოცხლეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იხანგრძლივებენ, თუ დასავლეთი დაქუცმაცებულია და არ შეუძლია ერთიანი ფრონტით მათ წინააღმდეგ გამოსვლა”- აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ძებისაშვილი.

“მეორე წინაპირობაა, თუ ეს სახელმწიფოები მოახერხებენ სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადამი­სამართებას უფრო პოლიტიკურ-პატრიოტულ ჭრილში (როგორც რუსეთი უკრაინაში ომით ცდილობს პოსტსაბჭოთა სივრცის კონსოლიდაციას და “დიდი რუსეთის” აღდგენას), ჩინეთი შეიძლება შეეცადოს ამას ტაივანში, ჩინეთის ერთიანობის ლოზუნგით იქ სამხედრო მოქმედებები დაიწყოს და მოსახლეობის ყურადღება სოციალური პრობლემებიდან ამ პატრიოტულ საკითხზე გადაიტანოს. ამ ფრონტზე, ბუნებრივია, ისინი ერთიანი ფრონტით გამოვლენ და გამოიყენებენ ყველა რესურსს. ნებისმიერ გეოგრაფიულ წერტილში ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც დასავლეთს პრობლემებს შეუქმნის, არის ბუნებრივი მოკავშირე როგორც რუსეთის, ასევე ჩინეთის. ამიტომ მიმდინარეობს ახლა ტოტალიტარული ძალების კონსოლიდაცია - რუსეთი, ირანი, ჩინეთი, ჩრდილოეთი კორეა... სამხრეთ ამერიკას აღარ შევეხები, ეს ცალკე უნიკალური გეოგრაფიული სფეროა, მაგრამ აფრიკაში - სუდანში, მალიში და სხვაგანაც, საიდანაც ევროპული ძალები იდევნებიან, აშკარად ჩანს რუსული საცეცები. აფრიკაში გააქტიურებულია ისეთი პოლიტიკური პროცესები, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის ევროპას, კერძოდ, საფრანგეთს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რაც შეეხება ისრაელისა და “ჰამასის” დაპირისპირებას, თავდასხმის მასშტაბი ისრაელზე არ მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ეს “ჰამასის” ერთ-ერთი რიგითი გამოხდომაა. ეს არის უფრო დიდი რამისთვის გამიზნული - ისრაელის ჩათრევა სამხედრო დაპირისპირებაში ჯერ “ჰამასთან”, მერე ჩრდილოეთის ფრონტის გახსნა და კონფლიქტი “ჰესბოლასთან”. ეს იყო უპრეცედენტოდ მასშტაბური თავდასხმა, რასაც, ბუნებრივია, ისრაელის მწვავე პასუხი მოჰყვებოდა. მისი ჩართულობა ნიშნავს, რომ ისრაელი უნდა შევიდეს ღაზის სექტორში და მთლიანად გააკონტროლოს ის, ანუ გაანადგუროს “ჰამასი”. იქ მას ახლო ბრძოლაში მოუწევს “ჰამასთან” დაპირისპირება, რაც დამთავრდება დიდი მსხვერპლით და ჰუმანიტარული კატასტროფით (ღაზაში 2 200 000 პალესტინელია, უამრავი დაიღუპება და დატრიალდება როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ტრაგედია). ამას, ბუნებრივია, გამოიყენებენ გლობალური ანტიისრაელური ფრონტის გასახსნელად, რაშიც აქტიურად ჩაერთვებიან დასავლეთის მემარცხენე ძალები. ისინი უფრო ისლამისტურ ტერორისტებს უჭერენ მხარს, ვიდრე დემოკრატიულად ფუნქციონირებად სახელმწიფოს ახლო აღმოსავლეთში”, - ამბობს ექსპერტი.

“მეორეა - “ჰამასის” პროვოკაცია მეტყველებს, რომ ეს მხოლოდ მისი იდეა არ იყო, არამედ გაცილებით დიდი მოთამაშის, კერძოდ, ირანის, როგორც აქტორის. “ჰამასსა” და ისრაელს შორის ჩვეულებრივი, რიგითი დაპირისპირებით ირანი სარგებელს ვერ ნახავდა. გავიხსენოთ ბოლოდროინდელი მოვლენები, დაკავშირებული ირანის ბირთვულ პროგრამასთან, მან არ დაუშვა მის ტერიტორიაზე საერთაშორისო ბირთვული სააგენტოს დამკვირვებლები, რაც აჩენს ეჭვს, რომ ის კვლავ მუშაობს ბირთვულ პროგრამაზე. ისრაელს აქვს გაცხადებული, რომ იმ მომენტში, როცა ირანი ერთი ნაბიჯით იქნება დაახლოებული ბირთვული სამხედრო ქობინის შექმნასთან, ის ყველა ძალას გამოიყენებს, რომ გაანადგუროს მისი ბირთვული ინფრასტრუქტურა. ეს დიდი საფრთხის შემცველია, რადგან როგორც კი ირანს ექნება ბირთვული იარაღი, მაშინვე შეიძენს საუდის არაბეთიც, რომელსაც მოლაპარაკება აქვს პაკისტანთან, რომელიც ბირთვული ქვეყანაა. რას ნიშნავს ახლო აღმოსავლეთში ორი ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნის გაჩენა, ეს მარტივად წარმოსადგენია - როგორც კი ირანი ამ იარაღს შეიძენს, თურქეთი და ეგვიპტე მაშინვე დაიწყებენ იმავეზე ფიქრს. სხვათა შორის, რუსები რომ აშენებენ ანტალიასთან ბირთვულ ელექტროსადგურ “აკუიუს”, დიდი ეჭვი არსებობს, რომ ეს ელექტროსადგური მხოლოდ მშვიდობიან ბირთვულ ენერგიას არ გამოიმუშავებს”, - ამტკიცებს საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი.

“ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ირანმა თავის დასაზღვევად საჭიროდ ჩათვალა მაქსიმალურად ჩაითრიოს კონფლიქტში ისრაელი თავის პროქსიორგანიზაციებთან, “ჰესბოლასა” და “ჰამასთან” ომში (მათ შორის, სირიის ტერიტორიის გამოყენებით) ყველა სამხედრო კომპონენტის, შეიარაღებული ძალებისა და მათ შორის საჰაერო ძალების გამოყენებით. ირანის მიზანია ისრაელს აღარ ეცალოს ან აღარ ჰქონდეს ის პოტენციალი და შესაძლებლობა, რათა გამოიყენოს საჰაერო ძალები ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად. არ დაგვავიწყდეს, რომ ირანსა და რუსეთს შორის მუდმივი მოლაპარაკებაა და ირანი სამხედრო დახმარებას აწვდის რუსეთს. ეს ცალმხრივი დახმარება ხომ არ არის, ირანმა რაღაც უნდა მიიღოს საპასუხოდ და ერთადერთი, რისი მიწოდებაც რუსეთს ირანისთვის შეუძლია ისევე, როგორც ჩრდილოეთ კორეისთვის, არის ბირთვული და სარაკეტო ტექნოლოგიები. რუსეთს სჭირდება ირანისა და ჩრდილო კორეისგან საბრძოლო მასალა, ხოლო ამ ორ ქვეყანას რუსეთისგან სჭირდება ტექნოლოგია (ნახაზები, სარაკეტო და ბირთვული ტექნოლოგიები, ნოუჰაუ, ინფორმაცია, თუ როგორ კეთდება რაკეტა, ბირთვული ქობინი და ა.შ.). თუ მსგავსი რამ ხდება, ეს უდიდესი რეგიონული საფრთხეა ისრაელისა და საუდის არაბეთისთვის”, - დაასკვნის ლაშა ძებისაშვილი.

“ისრაელს აუცილებლად მოუწევს ღაზაში შესვლა, ოღონდ ეს ოპერაცია იქნება შედარებით ნელი, ფრთხილი და ძალიან დამანგრეველი. ისრაელი შეეცდება, რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლი იყოს. ომი ომია, გამორიცხულია, ვიღაცები ხელთათმანებით ომობდნენ, დანარჩენები კი სისხლში ისვრებოდნენ. ორივე მხარეს მოუწევს მძიმე ფასის გადახდა, რადგან ურბანული ბრძოლა, მიუხედავად ტექნოლოგიური უპირატესობისა, ძალიან ძნელია, თანაც, ღაზა სავსეა მიწისქვეშა გვირაბებით. “ჰამასის” განადგურება შეუძლებელია, თუ ისრაელმა სრულად არ დაიკავა ღაზა, არ გაანადგურა `ჰამასის~ სამხედრო ინფრასტრუქტურა, არ გაფილტრა საფუძვლიანად მოსახლეობა და არ დააყენა ახალი ადმინისტრაცია”, - თვლის რესპონდენტი და შეკითხვაზე - “იმასაც ამბობენ, რომ ეს კონფლიქტი შესაძლოა რუსეთ-უკრაინის ომის გაყინვის წინა პირობა აღმოჩნდეს...”, - პასუხობს:

“გამორიცხულია, ომი უკრაინაში გაგრძელდება. არის დილემა, ეყოფა თუ არა დასავლეთს ნებისყოფა და სურვილი, რომ ერთ და მეორე შემთხვევაში დაეხმაროს ორივეს, ისრაელსაც და უკრაინასაც (ჯერ არ ვიცით, რა მოხდება ტაივანში, თუმცა იქ დატვირთვა მოვა იაპონიაზე, სამხრეთ კორეაზე, ამერიკასა და ავსტრალიაზე). მნიშვნელოვანია, რამდენად არის მზად დასავლეთი გაითავისოს, რომ ეს არის გლობალური დაპირისპირება, რომელშიც წარმოუდგენელია ნახევარზომებით გამარჯვება. თუკი უკრაინა ომს წააგებს, ეს ნიშნავს: 1. მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეს დაიკავებს რუსეთი და წნეხი გადადის აღმოსავლეთ ევროპაზე; 2. ევროკავშირის ერთიანობა დაირღვევა, რადგან უკრაინის დაცემით აღმოსავლეთი ევროპა იძულებული იქნება ერთმანეთს მისცენ სამხედრო გარანტიები; 3. სხვა საკითხია ჩრდილოეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები - რუსეთის გამარჯვება უკრაინაში ნიშნავს სასიკვდილო საფრთხეს ბალტიისპირეთისა და ჩრდილოეთ სკანდინავიის ქვეყნებისთვის, პოლონეთი-მოლდოვა-რუმინეთისთვის (აღარაფერს ვამბობ სამხრეთ კავკასიაზე). ეს მოსალოდნელი შედეგები უნდა გაიაზროს დასავლეთ ევროპამ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირის იდეაც დასამარდება”

“ჩვენ გლობალური მასშტაბით არაფერს ვწყვეტთ, რადგან ლილიპუტი ქვეყანა ვართ ლილიპუტი შესაძლებლობებით - ფინანსური, ადამიანური, მატერიალური და სამხედრო რესურსებით. ჩვენ გადამწყვეტი სიტყვა არ გვეთქმის. ამ რეგიონულ ომში გიგანტური ძალები იქნებიან ჩართული, ამიტომ თავის დასაზღვევად ჩვენ გვჭირდება: 1. სამხედრო რესურსის მაქსიმალურად მობილიზება; 2. მნიშვნელოვანია, სად ვახდენთ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას, რომელ ბანაკში ვართ, რადგან, ერთი მხრივ, ჩვენ უნდა გავატაროთ ძალიან ფრთხილი პოლიტიკა, რათა არ აღმოვჩნდეთ ამ სამხედრო დაპირისპირებაში, კონკრეტულად, ჩვენი ტერიტორია არ უნდა იქნეს გამოყენებული, მაგალითად, ირანის საწინააღმდეგოდ - ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია; 3. თუ ეს მაინც მოხდა, მაშინ ქვეყანას უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების 100%-იანი რკინის გარანტია, რაც ნიშნავს, რომ ან ნატოს წევრი ვართ, ან ჩვენს ტერიტორიაზე განთავსდება აშშ-ის ბაზები - ანუ საქართველოს მკაფიო უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ჩვენ გვერდზეა და რა დროს რას მოიფიქრებს, არ ვიცით, მაგრამ უნდა ვიყოთ მზად უარესისთვის”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ჩვენ სწრაფი რეაგირების ძალები უნდა გვყავდეს, რადგან საოკუპაციო ხაზი ძალიან ახლოს არის ცენტრალურ მაგისტრალსა და ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებთან. გორი-ხაშურის მაგისტრალი რამდენიმე მონაკვეთზე ძალიან ადვილად შეიძლება გადაიკვეთოს, გადაიჭრას. საჩხერის მიმართულებითაც შეიძლება გადაიკეტოს გზა, ცალკეა აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორია, ანაკლია-ორსანტია-ჯვარი და ენგურის კაშხალი - ეს არის ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც დაუცველია. აქეთ თრუსოს ხეობაა. გუდაური-სტეფანწმინდის გზა თუ გადაიკეტა და ხეობა დაიკავეს, ეს სერიოზულ პრობლემას შეგვიქმნის. ჩვენ ახლა უნდა გვქონდეს წლების განმავლობაში აპრობირებული მთელი რიგი პროცედურები საოკუპაციო ხაზის გარშემო, უნდა გვქონდეს ძლიერი მონიტორინგის, თვალთვალისა და დაზვერვის ინფრასტრუქტურა, უნდა გვყავდეს ძლიერი სწრაფი რეაგირების ძალები როგორც ჩვენი შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში, ისე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამსახურში, რომელსაც აბარია მიმდებარე ტერიტორიის გაკონტროლება. მოსალოდნელი ექსცესების აღკვეთა ჩვენი შეიარაღებული ძალების ამოცანაა, რომელიც თავისი შესაძლებლობითა და რაოდენობით, დასამალი არ არის, ძალიან შორს არის იმ ოპტიმალური რაოდენობისა და შესაძლებლობისგან, რაც გვჭირდება ასეთი რთული, უაღრესად დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარების დროს”, - განმარტავს პროფესორი.

“სომხეთს, რომელიც ჩვენზე პატარაა, ჩვენზე თითქმის ორჯერ მეტი ჯარი ჰყავს, აზერბაიჯანს _ 3-ჯერ მეტი. ამიტომ იმის თქმა, რომ ჩვენ მზად ვართ და დაცული, ან ძალიან დიდი სარკაზმია, ან საქართველოს მოსახლეობის დაცინვა. უნდა გვახსოვდეს, ძალიან სახიფათო ფაზაში ვართ და ჩვენი ფიზიკური გადარჩენის გარანტიაა ძლიერი ჯარი, ეროვნული ერთიანობა და რაც შეიძლება ბევრი მეგობარი ქვეყანა - სამხედრო ძალა არის ყველაზე მძლავრი და ეფექტური როგორც საგარეო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად, ისე ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და ა.შ. ვინც ამას არ აღიარებს, რბილად რომ ვთქვათ, ბრიყვია და ეროვნული ინტერესების მოღალატე. რადიკალურად უნდა შეიცვალოს ჩვენი საგარეო პოლიტიკა და სწრაფი ტემპით დავიწყოთ ჩვენს დასავლელ მეგობრებთან დაახლოება. ჩვენი უსაფრთხოების განმტკიცების ერთადერთი გზა და გარანტიაა რაც შეიძლება სწრაფი ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში. აუცილებელია ეროვნული­ ერთიანობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ვერთიანდებით ჯანსაღი ძალების გარშემო, ხოლო ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური წარმონაქმნები, რომლებიც მოსკოვში დარბიან, სურათებს იღებენ კრემლის ფონზე და პირდაპირ რუსულ დაკვეთას ასრულებენ საქართველოში, უნდა აილაგმონ საქართველოს ტერიტორიიდან. იმის მაგივრად, უწყებები პოლიტიკური პარტიების პირადი ცხოვრების დეტალების მოპოვებით იყვნენ დაკავებული, აჯობებს მთელი რესურსები გადაიტანონ ანტისახელმწიფოებრივი ელემენტების აღმოჩენასა და მათ განეიტრალებაზე”, - დასძენს ლაშა ძებისაშვილი.

შეცვლიან თუ არა ლევან ხაბეიშვილს ნიკა გვარამიათი - როგორ დასრულდა კვიპროსული ვოიაჟი

“კეზერაშვილთან 3-დღიანი შეხვედრების შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე და პარტიის მენეჯმენტი კვიპროსიდან დაბრუნდნენ. ადასტურებენ, რომ შეხვედრები გაიმართა პარტიის დამფინანსებელთან, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ. რაც შეეხება ნიკა გვარამიას საკითხს, ჩაანაცვლებს თუ არა ის ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, ამას თავად ხაბეიშვილი ამბობს, რომ მანდატი 2025 წლამდე აქვს. პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი დავით კირკიტაძე ამბობს, რომ პარტია და კოალიცია ბევრი საინტერესო ადამიანით გაძლიერდება. “ჩვენ გავაკეთებთ ძალიან დიდ კოალიციას. ამის უზრუნველსაყოფად, შევხვდებით ყველა მნიშვნელოვან ადამიანს, იმდენად საინტერესო ხალხი იყო იქ, მათ შორის საქართველოდან თავმოყრილი... რაც, მგონი, ბიძინა ივანიშვილს ძალიან არ ესიამოვნება. ნიკა გვარამია იქნება უმნიშვნელოვანესი ადამიანი. მან თქვა, რომ პოლიტიკით აპირებს დაინტერესებას, ცხადია ვითანამშრომლებთ”, - აცხადებს ხაბეიშვილი. ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ენმ-ს კვიპროსში ძალიან მძიმე დღეები ჰქონდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შეცვლიან თუ არა ლევან ხაბეიშვილს ნიკა გვარამიათი - როგორ დასრულდა კვიპროსული ვოიაჟი.

“ხაბეიშვილისა და დაბრუნებულების გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან მძიმე დღეები ჰქონდათ კვიპროსში. როგორც ჩანს, მისტერ ოფშორი განაწყენებულია, რომ თავის მიერ კრიმინალური გზებით მოპოვებულ თანხებს არამიზნობრივად იყენებენ. საბოლოო ჯამში, ეს ენმ-ისა და ოპოზიციის რეალურ სახეს აჩვენებს. ქვეყანა დაკავებულია პროგრესის უზრუნველყოფით და ეს ადამიანები კლანური მმართველობით კავდებიან”, - აცხადებს იონათამიშვილი. “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გაკოტრებულია. “... სექტაში ვერ თანხმდებიან სპირიტიზმით დაკავებული სააკაშვილი უფრო ფორმალური მმართველია, თუ კვიპროსში განცხრომაში მყოფი კეზერაშვილი. გაკოტრებულია რადიკალური ოპოზიცია და 2024 წლისთვის იმედია, საზოგადოება აირჩევს სხვა, ნორმალურ პარტიებს,“ - აცხადებს მაჭარაშვილი. ანალიტიკოსი გია აბაშიძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” ლიდერობა ყველას უნდა და დიდი ალბათობით ლევან ხაბეიშვილს ჩაანაცვლებენ. მისი აზრით, არ არის გამორიცხული ის გვარამიათი შეცვალონ, თუმცა ამით სიტუაცია რადიკალურად არ შეიცვლება, რადგან პარტიის ორად გაყოფა და დაშლა გარდაუვალია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რა თქმა უნდა, ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობა უკვე წარმოუდგენელია, რადგან ამ ადამიანს არც პარტიაში და არც მის მხარდამჭერებში სერიოზულად არ აღიქვამენ. შესაძლოა ნიკა გვარამიათი ჩანაცვლება იმიტომ უნდათ, რომ ამით პარტიის ერთიანობის შენარჩუნება შეძლონ და მელიამ გასვლა გადაიფიქროს. თუმცა რა მნიშვნელობა ექნება, რადგან ხელისუფლების სადავეები ისევ დავით კეზერაშვილს და ვანო მერებიშვილს ექნებათ. ამით მხარდაჭერთა ახალ რაოდენობას ვერ შეიძენენ, უბრალოდ, ძველის შენარჩუნებას შეეცდებიან. თანაც გვარამიაც იმ სისხლიან 9 წელთან ასოცირდება და ამით პარტიაში რაიმე ახალი რებრენდიგი ვერ მოხდება. ასევე მიხეილ საკაშვილს აქვს ისევ პოლიტიკური ამბიციები და ვნახეთ ეს სასაცილო და გაუგონარი რაღაცა მავზოლეუმის გახსნა, სადაც სააკაშვილის ნივთები განათავსეს. სოფო ჯაფარიძემ რა მასკარადიც მოაწყო, ეს თავად ენმ-ის ამომრჩეველსაც არ ჰყოფნის სასაცილოდ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

“ამიტომ აქ ყველას ლიდერომანია სჭირს და საბოლოო ჯამში გამოდის, რომ პარტიაში რამდენიმე ლიდერი და დაჯგუფება არსებობს. `ნაციონალებმა” კარგად იციან, რომ ამ ქვეყანაში არჩევნებით ვერ დაბრუნდებიან, ამიტომ არჩევნებისთვის კი არა დესტურქციისთვის ემზადებიან. თუმცა არაფერი არ გამოუვათ”, - მიიჩნევს აბაშიძე. რაც შეეხება ნიკა მელიას და მის გუნდს, აბაშიძე ფიქრობს, რომ მის პარტიაში ყოფნას აზრი აღარ აქვს. მელიას თავიდან მოშორებაში თავად სააკაშვილიც იყო ჩართული, ამიტომ მის უკან თავჯდომარედ დაბრუნება გამორიცხულია. მელია რაც უფრო დიდი ხანი იფიქრებს, მისი შანსები უფრო დაიკლებს. ამიტომ ურჩევნია, პარტია დატოვოს.

პაატა გიგაური - “ახალი გადანაწილება დაწყებულია, მსოფლიო ახლებურად ლაგდება“

“ომი ყოველთვის პოლიტიკური ინტერესებისა და მიზნების გამო იწყება. დღემდე განვითარებული მოვლენების მიხედვით თუ ვიმსჯელეთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმა “ჰამასის” თვითშემოქმედება იყო, რასაც, სავარაუდოდ, ირანის აგრესიული ნაწილი ანუ შიიტები უჭერდნენ მხარს. დიახ, ეს არ იყო დიდ მოთამაშეებთან შეთანხმებული მოქმედება, “ჰამასმა” გააკეთა ის, რასაც ბოლო 50 წლის განმავლობაში აკეთებს - დაარტყა ისრაელს, შემდეგ უკან დაიხია და მსოფლიოს აცოდებს თავს, მჩაგრავენო. ეს სამხედრო თავდასხმა კი არა, აგრესიული აქტი იყო, ამასთან, დროც ვერაგულად იყო შერჩეული. 7-კვირიანი დღესასწაული იწყებოდა, შაბათი დღე იყო და ისრაელელების დიდ ნაწილს მობილური ტელეფონებიც გათიშული ჰქონდა. ისრაელმა ბოლო საომარი მდგომარეობა სამოცდაათიან წლებში გამოაცხადა, სხვათა შორის, მაშინაც შაბათი დღე იყო. ლოგიკურია, რომ ისრაელის პასუხი შესაბამისია. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება დიდ სახელმწიფოებს შორის, დღეს ახალი ესკალაცია არავის არ უნდა სჭირდებოდეს. თუ ესკალაცია მოხდება და კონფლიქტში “ჰესბოლას” მსგავსი პროქსიძალების გარდა, ისეთი სახელმწიფოებიც ჩაერთვებიან, როგორიც ეგვიპტე, აშშ, იორდანია ან ირანია, ჩათვალეთ, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება”, - აცხადებს სამხედრო ისტორიის მკვლევარი პაატა გიგაური გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით პაატა გიგაური - “ახალი გადანაწილება დაწყებულია, მსოფლიო ახლებურად ლაგდება“.

“ისრაელს გადაწყვეტილი აქვს “ჰამასის” განადგურება, მისი სამხედრო შესაძლებლობების მინიმუმამდე დაყვანა. გამორიცხულია, რომ ამაზე უარი თქვან. ამდენი ებრაელი ერთად ჰოლოკოსტის შემდეგ არ დაღუპულა, შესაბამისად, პასუხიც ადეკვატური იქნება... რაც შეეხება “რუსულ კვალს” - “ჰამასს” “ვაგნერი” არაფერში სჭირდება, მათზე არანაკლები გამოცდილების მქონე ორგანიზაციაა, ხოლო რუსული საუბარი, სულაც არ არის გამორიცხული, დადებული ხმა იყოს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ისრაელში დაახლოებით 2 მილიონი კაცი რუსულენოვანია. ირანთან მჭიდრო კავშირიდან გამომდინარე რუსებს შეიძლება ინფორმაცია ჰქონდათ, მაგრამ ამის იქით საგულისხმო არაფერი ჩანს. ჯერ ისეთი ვითარება არ არის, რომ რუსეთს მესამე მსოფლიო ომის დაწყება აწყობდეს. კრემლში მშვენივრად იციან, რომ მესამე მსოფლიო ომი ნიშნავს ბირთვულ დაპირისპირებას, ბირთვულ დაპირისპირებაში კი გამარჯვებული არ არსებობს. სინამდვილეში ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან რუსეთის გამოსვლა იყო მესიჯი, რომ მოსკოვი მზად არის საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს ბირთვული იარაღი. რუსებმა ადრევე ჩაწერეს თავდაცვის კონცეფციაში, რომ თუ მათ ქვეყანას საფრთხე დაემუქრება, უფლებას იტოვებენ, გამოიყენონ ბირთვული იარაღი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა გიგაური.

“თუმცა ჩვენ ხომ ვიცით, რომ ბირთვული იარაღი მცირემუხტიანიც არის და დიდმუხტიანიც. მცირემუხტიანი ბირთვული იარაღის გამოყენება შესაძლებელია საარტილერიო საშუალებებითაც, 203-მილიმეტრიანი თვითმავალი ქვემეხიდან შეიძლება მისი გასროლა. ამ ტიპის ბირთვულ იარაღს შეუძლია დაახლოებით ბრიგადის დონის ქვედანაყოფის მწყობრიდან გამოყვანა ანუ რამდენიმე კილომეტრის მანძილზე მოქმედებს. ბირთვული იარაღის გამოყენება, რომელსაც მთლიანი ქალაქის ან ქვეყნის განადგურება შეუძლია, დედამიწაზე სიცოცხლის დასასრულს ნიშნავს, რაც რუსეთს არ აწყობს. ტაქტიკურ იარაღსაც მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ უკრაინის ფრონტზე რუსული არმია ჩამოშლას დაიწყებს, დაკარგავს ყირიმს ან დონბასს, ისიც შესაშინებლად, რათა მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას უკრაინა. ამის გამო ამერიკა მესამე მსოფლიო ომს არ დაიწყებს, იქნება სანქციები... მიზანი ხომ უნდა ჰქონდეს მესამე მსოფლიო ომის დაწყებას? რას მიიღებს ამერიკა ამით? ყველა ომს ერთი სახასიათო მანიშნებელი აქვს - ომის დამწყებს სურს მიიღოს უკეთესი მშვიდობა. ბირთვული იარაღის გამოყენება უკეთეს მშვიდობას კი არა, დედამიწაზე სიცოცხლის დასრულებას ნიშნავს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ბირთვული იარაღი დიდი ომების პრევენციისთვის გამოიგონეს, ჯერ ეს ამართლებს, შემდეგში ვნახოთ. ფსონი მაღალია! ბევრი იმუქრება, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდის, აღარავინ არაფერს აკეთებს. მსოფლიოში დღევანდელი მოვლენების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, ახალი გადანაწილებაა დაწყებული, მსოფლიო ახლებურად ლაგდება. ახლებურად გადანაწილება ხდება მაშინ, როდესაც რაღაც მიზეზით ერთი ეპოქა მთავრდება. არა აქვს მნიშვნელობა, მიზეზი ომები იქნება თუ სხვა გამოუვალი სიტუაცია. მსოფლიო ახლებურად გადანაწილდა პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში, ასევე მეორე მსოფლიო ომის წინა და შემდგომ პერიოდებში. ახლებურად გადანაწილდა მსოფლიო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომაც. ის, რაც ახლა ხდება, მიუთითებს, რომ რუსეთი არსებული წესრიგით კმაყოფილი არ არის და 90-იანი წლების მდგომარეობის აღდგენას ცდილობს. კრემლის მთავარი სამიზნეა უკრაინა, ბელარუსი, კავკასია და შუა აზია. პუტინმა გასაგებად თქვა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა წინა საუკუნის გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო და ახლა თავი ამ კატასტროფის გამომსწორებლად წარმოუდგენია”, - ამბობს სამხედრო ისტორიის მკვლევარი.

“უკრაინისა და ბელარუსის გარეშე საბჭოთა კავშირის აღდგენა ვერ დაიწყება, სამივე ქვეყანა საჭიროა რესტავრაციისთვის. პუტინმა კი თქვა, რომ ომის დაწყების მიზეზი ნატოს გაფართოებისთვის ხელის შეშლაა, მაგრამ ამასობაში ფინეთი შევიდა ნატოში და შვედეთიც ემზადება. მიუხედავად იმისა, რომ ფინეთი მოსკოვთანაც ძალიან ახლოს არის და პეტერბურგთანაც, პუტინს ეს არ ადარდებს, მისი მთავარი პრობლემა მაინც უკრაინაა - ანუ ნატოს მოახლოება მხოლოდ საბაბი იყო. ნატო ისედაც ძალიან ახლოსაა უკვე, მაგრამ ამას მარცხად არ აღიქვამს, არ იმჩნევს ამ ამბავს, იმიტომ, რომ სინამდვილეში ნატო არ ანაღვლებს, საბჭოთა კავშირის აღდგენაა მისი იდეფიქსი. ახლა უკრაინაში “გაიჩხირა”, ბელარუსიც ვერ ჩართო ომში. ლუკაშენკომ ტერიტორია კი გამოაყენებინა, მაგრამ თავისი არმია არ ჩართო ბრძოლებში. ამ მოცემულობას ახლა დაემატა “ჰამასის” გამოხდომა, რომელმაც უფრო დაძაბა სიტუაცია წინა აზიაში. მსოფლიო ლიდერებს ისედაც უამრავი პრობლემა აქვთ და ახლა მათ არაფერში სჭირდებათ დამოუკიდებელი მოთამაშეების გამოხდომები. არა მგონია, მაგრამ თუ “ჰამასის” მოქმედება დიდი თამაშის შემადგენელი ნაწილია, ეს ძალიან მალე გამოჩნდება. ასეთ შემთხვევაში ჩინეთიც უნდა ჩაერთოს, იქიდან კი მსგავსი არაფერი ჩანს”, - დაასკვნის პაატა გიგაური.

“რაც შეეხება ირანისა და თურქეთის განცხადებებს, ყველა თავისი ინტერესების დაცვას ცდილობს. რა თქმა უნდა, ირანმაც და თურქეთმაც იციან, რომ მათი ჩართვა ამ ომში მესამე მსოფლიო ომს გამოიწვევს. ამიტომ მუქარიანი განცხადებებით შემოიფარგლებიან. პალესტინა თურქეთის შემადგენლობაში საუკუნეების განმავლობაში შედიოდა. ერდოღანმა ძალიან კარგად იცის, იქ რა და როგორ ხდება, უბრალოდ, თავისი განცხადებებით შიდა ელექტორატზე მუშაობს. ისევე როგორც რუსეთ-უკრაინის ომმა გამოაჩინა, რომ დიდი ომისთვის დღეს არავინ არის მზად, ამ ომმაც ცხადყო, რომ არც ისრაელი, არც რუსეთი და არც დასავლეთი არიან მზად. მეორე მსოფლიო ომისთვის დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მზადება, ახლა ყველაფერი პირიქით იყო - დიდი ქვეყნები ერთმანეთთან სავაჭრო ურთიერთობებს ალაგებდნენ, რაში სჭირდებოდათ ომი? ახლა “ჰამასი” მაქსიმალურად ეცდება მსოფლიოს დამოუკიდებლობა გამოღლიტოს. ისრაელმა იმხელა დანაკარგი და პრესტიჟული დარტყმა მიიღო, რომ ძალიანაც რომ უნდოდეს, ამ ყველაფერს ვერ ჩაატარებს. როგორ დამთავრდება ეს ამბავი, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად იმოქმედებს ისრაელი. რეალობა რთულია და ვერავინ იტყვის, როგორ განვითარდება მოვლენები. რეგიონის პატარა მოთამაშეებს, ისრაელსა და “ჰამასს” თავიანთი ინტერესები აქვთ, დიდ მოთამაშეებს - ამერიკას, ირანს, ჩინეთსა და ევროპას თავისი...” - დასძენს გიგაური.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა