გრიგოლ ლილუაშვილი ფარცხალაძეზე - მტკიცებულებები ვერ მივიღეთ, მიუხედავად იმისა, რომ გაიგზავნა მოთხოვნა სახელმწიფო დეპარტამენტის მისამართით, ყველა ჩვენგან ითხოვს დეტალებს - თუ მტკიცებულება არ იქნება, გამოძიება შედეგით ვერ დასრულდება

სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, აშშ-ის მიერ სანქცირებული, ოთარ ფარცხალაძის მიერ გამოკითხვის დროს მოწოდებული ინფორმაცია არ განსხვავდება იმ ინფორმაციისგან, რომელიც მან საჯარო სივრცეში განათავსა.

ლილუაშვილის თქმით, ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება გამოძიების გეგმის მიხედვით გაიწერა.

„სისხლის სამართლის გამოძიებიდან მეორე დღესვე გამოიკითხა და არა დაიკითხა. ჩვენს სამსახურს, მოქმედი კანონმდებლობით, გამოკითხვის უფლება გვაქვს. მის მიერ გამოკითხვის რეჟიმში მოწოდებული ინფორმაცია არ განსხვავდება იმ ინფორმაციისგან, რომელიც მან საჯარო სივრცეში განათავსა. შინაარს, ალბათ, მიხვდებით. საჯარო სივრცეში, რაც განაცხადა, იმაზე მეტი ფარცხალაძეს არ განუცხადებია.

ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება გამოძიების გეგმის მიხედვით გაიწერა, უმეტესი ნაწილი შესრულებულია, ნაწილი შესრულების პროცესშია“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

კითხვაზე, მიიღო თუ არა მტკიცებულებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან, ლილუაშვილმა განაცხადა, რომ სუს-ს მტკიცებულებები ამ დრომდე არ მიუღია.

ლილუაშვილი დარწმუნებულია, რომ პარტნიორებს წინმსწრებად, რომ ჰქონოდათ ინფორმაცია ოთარ ფარცხალაძის, შესაძლო დანაშაულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ქართულ მხარეს აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიდნენ.

„მტკიცებულებები ვერ მივიღეთ, მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი დახმარების მოთხოვნით საქართველოს პროკურატურის მეშვეობით გაიგზავნა მოთხოვნა, დიდი ხანია გასული, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით გაიგზავნა მოთხოვნა სახელმწიფო დეპარტამენტის მისამართით, თუმცა არანაირი დეტალები არ მიგვიღია. პირიქით, ყველა ჩვენგან ითხოვს დეტალებს. ეს ძალიან დამაფიქრებელია. ეს ინფორმაცია თუ ჰქონდათ ამერიკის სპეცსამსახურებს და ჩვენს პარტნიორებს, ეტყობა, არ ენდობიან ქართულ სპეცსამსახურებს და არ მიაწოდეს.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენს სამსახურებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის ფარგლებში, გაცილებით უფრო სენსიტიურ და უფრო დიდ ეფექტზე გათვლილი საიდუმლო ინფორმაციები იცვლება ყოველდღიურ რეჟიმში და ჩვენი ურთიერთობა არის სამაგალითო. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს პარტნიორებს წინმსწრებად, რომ ჰქონოდათ ინფორმაცია ფარცხალაძის, შესაძლო დანაშაულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, დიდი ალბათობი, მოგვაწვდიდნენ. გარდა აშშ-ს კოლეგა უწყებებისა, ჩვენი პარტნიორების უმრავლესობას მივმართეთ, თუ არსებობს მათ ხელთ რამე ოპერატიული ინფორმაცია ფარცხალაძესა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის შესაძლო კავშირებთან დაკავშირებით“,- განაცხადა ლულუაშვილმა.

სუს-ის ხელმძღვანელის თქმით, ის მუხლი, რომლითაც საქმეა აღძრული მოითხოვს მტკიცებულებათა მაღალ სტანდარტს.

მისივე თქმით, თუ მტკიცებულებები არ იქნება, გამოძიება შედეგით ვერ დასრულდება.

„ყველა მუხლი, მიუხედავად მის სიმძიმისა მოითხოვს მტკიცებულებათა მაღალ სტანდარტს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დანერგილია. იმისათვის , რომ ბრალი დაუდგინდეს, ამას სჭირდება სასამართლოს გადაწყვეტილება, ამიტომ საგამოძიებო მოქმედებები უნდა იყოს მყარად ფეხზე მდგარი.

თუ მტკიცებულება არ იქნება, რა თქმა უნდა, გამოძიება შედეგით ვერ დასრულდება. სასამართლოში შედეგი ვერ იქნება მიღწეული , რომ ამა თუ იმ პირს დაუდასტურდეს ბრალეულობა“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

კითხვაზე, დაიკითხნენ თუ არა შესაძლო თანამზრახველები, ლილუაშვილის თქმით, მიმდინარეობს უახლოეს პირთა წრის გამოკითხვა.

„გრძელდება გამოკითხვები პირთა წრისა, რომლებიც შეიძლება ყოფილიყვნენ შემხებლობაში მასთან. ეს არის უახლოესი პირთა წრე“, - განაცხადა მან.

ამასთან, ლილუაშვილის თქმით, ფარცხალაძემ დაადასტურა ორმაგი მოქალაქეობის ქონა, რაც ლილუაშვილის თქმით, სისხლის სამართლის დანაშაული არ არის.

„მან დაადასტურა ორმაგი მოქალაქეობის ქონის შესახებ, რაც არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. მტკიცებულება არის პირის თანხმობა, ან დოკუმენტის დედანი. ასლი არ არის მტკიცებულება. ამოვწუროთ ახლა, იმდენი საფრთხეები და რისკებია, რა დროს ფარცხალაძეა“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 11.07.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  ყველაფერი ასე გაგრძელდა, თან ამას დაემატა დასავლეთის მიერ არჩევნების შედეგების არ აღიარება, დასავლეთის საქართველოსთან პარტნიორობა დასრულდება და დასრულდება ყველა მიმართულებით
ფლორენს ბაუერი - დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების საუკეთესო გზა არის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ადამიანებს საკუთარი მომავლისა და ოჯახის მიმართ მტკიცე რწმენას გაუჩენს
უპრეცედენტო პირობები Renault Captur-ის ახალი ავტომობილის შეძენისას
თიბისი სტარტაპერებისთვის ახალ კამპანიას იწყებს
ბაზისბანკი სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია