ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მუზეუმის თანამშრომელი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მუზეუმის თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მაია გოგორიკიძე მუზეუმის დაარსების დღიდან სპეციალისტის პოზიციას იკავებდა.

როგორც გოგორიკიძე ამბობს, მის გათავისუფლებას რეორგანიზაციასთან კავშირი არა აქვს და ის მუზეუმიდან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს.

„ივლისში დაგვიბარეს გათავისუფლების ბრძანებაზე ხელის მოწერა მოგვთხოვეს, რაზეც ჩვენმა მუზეუმმა ხელი არ მოაწერა. შემდეგ ჩატარდა რეორგანიზაცია მუზეუმების უკეთ მუშაობის მიზნით. რომლის დასრულების შემდეგაც გაირკვა, რომ თურმე მუზეუმების უკეთ მუშაობას ხელს უშლიდა ორი ადამიანი, ერთი მე მაია გოგორიკიძე და მეორე, დირექტორის მოადგილე მანანა მენაბდე. ადვილი მისახვედრია, რომ აქ ველს ამზადებენ არჩევნებისთვის. მე ვარ აქტიური მოქალაქე, კომენტარებით, სტატუსებით. ყველაფერზე მაქვს ჩემი აზრი, ვიღაც სკამზე რომ არის ჩამოკიდებული და რაღაც ჭაობში ჩაფლული, იმას ვერ მოვეფერები, ვერც თავზე გადაუსვამ ხელს. ოზურგეთის მერს პირდაპირ ვეტყვი, რომ ნუ დასდევენ ტექსტებს და კომენტარებს, ქვეყანას მიხედონ. ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მუზეუმში გახსნის დღიდან ვმუშაობ, საუკეთესო ადამიანია დირექტორი რუსლან ურუშაძე, მთელ სულს და გულს ვდებთ ჩვენს სამსახურში და გუშინ მე ჩემი სახლიდან გამაგდეს",- განაცხადა მაია გოგორიკიძემ, რომელიც სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს.

გოგორიკიძის გათავისუფლება მიუღებელია მუზეუმის დირექტორისთვის და ის მას მხარდაჭერას უცხადებს.

როგორც რუსლან ურუშაძე აცხადებს, მისი თანამშრომლის გათავისუფლება მისთვისაც მოულოდნელი იყო.

„რაღაც ხმები მომდიოდა და მე მაინც არ მჯეროდა, მეგონა, რომ საუბარი ჩემთანაც იქნებოდა გამგე ვარ ბოლოს და ბოლოს. მოულოდნელი იყო ძალიან“, - განაცხადა რუსლან ურუშაძემ.

„ინტერპრესნიუსი“ სამუზეუმო გაერთიანების დირექტორთან დაკავშირებასაც ეცადა, თუმცა, ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ