ირაკლი ღარიბაშვილი - ის რელიგიები, ადათ-წესები, ტრადიციები, რომელიც არსებობს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებში, ერთიანდება ამ ადგილას, რომელსაც ჩვენ ამაყად ვუწოდებთ საქართველოს

ის რელიგიები, ადათ-წესები, ტრადიციები, რომელიც არსებობს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებში, ერთიანდება ამ ადგილას, რომელსაც ჩვენ ამაყად ვუწოდებთ საქართველოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ფორუმი არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, "კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ საქართველო და ვაჩვენოთ ის პროგრესი, რომელიც ბოლო წლებში გვქონდა".

„აბრეშუმის გზის ღონისძიება“ მართლაც გლობალური მასშტაბის ღონისძიებაა. მოხარულები ვართ, რომ ვმასპინძლობთ, თითქმის, 2300 სტუმარს 63 ქვეყნიდან. მათ შორის არიან მთავრობის მეთაურები, მინისტრები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. მადლობა, რომ შემოგვიერთდით. 2015 წლის შემდეგ, უკვე მეოთხედ ხდება, რომ ვმასპინძლობთ ამ შეკრებას თბილისში. რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ რომ წარმოვაჩინოთ საქართველო და ვაჩვენოთ ის პროგრესი, რომელიც ბოლო წლებში გვქონდა. აბრეშუმის გზის მნიშვნელობა როგორც ისტორიულად, ასევე ამჟამად, უბრალოდ ცდება მხოლოდ სავაჭრო გზის მნიშვნელობას. ამ უძველესმა გზამ ხელი შეუწყო ფაიფურის გადატანას ქვეყნიდან ქვეყანაში, ასევე, ჩაის კულტურის აყვავებას და ევროპასა და აზიას შორის სასიცოცხლო კავშირს. ამ გზამ დააკავშირა დასავლური და აღმოსავლური კულტურები და გამტარი ფუნქცია შეასრულა ინოვაციებისა და ცოდნის გაზიარებისთვის. უდავოა, რომ ჩვენ ისტორიული კავშირი გვაქვს აბრეშუმის გზასთან. მანამდე, ვიდრე ეს გზა დასავლეთს მიაღწევდა, ის გავიდა საქართველოს მრავალფეროვან რელიეფზე და ეს აღწერილია ბერძენი ისტორიკოსების მიერ, როგორც სავაჭრო ქსელისთვის მნიშვნელოვანი გზაჯვარედინი. ეს ყველაფერი დასტურდება არქეოლოგიური მტკიცებულებებით, როგორიცაა ჩინური ფაიფურის ნატეხები დმანისში და ჩინური მონეტა,რომელიც 1200 წელზე მეტი ხნით თარიღდება და რომელიც აღმოჩენილია მცხეთის ჯვარში. პრეისტორიული პერიოდიდან მოყოლებული, მცხეთა, საქართველოს უძველესი დედაქალაქი, მართლაც უმნიშვნელოვანესი ლოჯისტიკური კავშირის ადგილი იყო, სადაც ერთმანეთს ერწყმოდა კავკასიის ძირითადი მარშრუტები. აბრეშუმის გზა უდიდეს როლს ასრულებდა და რა თქმა უნდა, ეს ასევე ხელს უწყობდა უფრო მეტი კავშირების დამყარებას, უფრო ფართო სამყაროსთან. ამ საერთო მოცემულობაში, ის რელიგიები, ადათ-წესები, ტრადიციები, რომელიც არსებობს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებში, ერთიანდება ამ ადგილას, რომელსაც ჩვენ ამაყად ვუწოდებთ საქართველოს. 9 წლის წინ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გავაცნობიერე აბრეშუმის გზის მნიშვნელობა და თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევა მისი პოტენციალის ათვისებისთვის. სულ რაღაც ერთ წელიწადში, 2015 წელს, ჩვენ პირველი „აბრეშუმის გზის ფორუმი“ გავმართეთ თბილისში. ამის შემდეგ ჩვენ უკვე უწყვეტად განვაგრძობთ ამ ტრადიციას. ეჭვგარეშეა, რომ საქართველო მართლაც გახდა აღმოსავლეთ - დასავლეთ შორის ურთიერთობის განუყოფელი ნაწილი. როგორც მოგეხსენებათ, ჩემმა ქვეყანამ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია განიცადა 2008 წელს და მის შედეგებს კვლავაც განიცდის. ეს ჯერ კიდევ აშკარად ჩანს, იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ადგილნაცვალია 100 ათასობით ადამიანი. ღრმა რწმენით ვაცხადებ, რომ ამ განადგურების მიუხედავად, რომელიც ჩვენ განვიცადეთ, დაუყოვნებლივ დავიწყეთ ჩვენი ამბიციების განხორციელება და ეტაპობრივად გადავაქცევთ საქართველოს დინამიკურ საზოგადოებად, რომელიც მზადაა მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების მისაღწევად. საქართველოს ესმის ომის ფასი და აღიარებს, რამდენად ღირებულია მშვიდობა. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი მთავრობა ახერხებდა მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას, ათწლეულის განმავლობაში. ამის შედეგად ჩვენი პარტნიორებისთვის სიტუაცია უფრო სანდო და პროგნოზირებადი ხდებოდა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის