ქართული პრესის მიმოხილვა 30.10.2023

ხათუნა ლაგაზიძე - “მსოფლიო წესრიგმა თავი ამოწურა, გაერო სრულიად კასტრირებული ორგანიზაციაა...”

თურქეთში “ჯვრისა და ნახევარმთვარის ომზე” ალაპარაკდნენ, ირანი კი ისრაელს “წითელი ხაზების” გადაკვეთაში ადანაშაულებს - ომის მეორე ეტაპი ღაზაში

ირაკლი მელაშვილი - “სამნიძის განცხადება პასუხისმგებლიანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ამან ოპოზიცია დააზარალა”

პაუზა კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტამდე - რისთვის ემზადება პრეზიდენტი

“თუ რუსი საქართველოში იარაღს გაისვრის, ჩვენ მანდ ვიქნებით!” - უკრაინაში მებრძოლი რამაზ ჯანგიძე

* * *

ხათუნა ლაგაზიძე - “მსოფლიო წესრიგმა თავი ამოწურა, გაერო სრულიად კასტრირებული ორგანიზაციაა...”

“რასაც დღეს ახლო აღმოსავლეთში ვუყურებთ, შეუძლებელია განვიხილოთ რუსეთ-უკრაინის ომისგან დამოუკიდებლად. ამ ორი ომით შექმნილი ვითარება ცხადად აჩვენებს, რომ არსებულმა მსოფლიო წესრიგმა საკუთარი თავი ამოწურა, მათ შორის საერთაშორისო სამართლისა და უსაფრთხოების მოქმედი არქიტექტურით დადგენილი ბერკეტებისა და წესების ჩათვლით. ეს მიანიშნებს, რომ მსოფლიო დგას დიდი საშიშროების წინაშე, რადგან ის მექანიზმები, რაც სახელმწიფოების საზღვრებს და განსაკუთრებით, დასავლეთში მშვიდობას იცავდა, ნელ-ნელა, ფაქტობრივად, უმოქმედო ხდება. აღარაფერს ვამბობ გაეროზე, ამ კონფლიქტებმა, ერთი მხრივ, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და მეორე მხრივ, ახლო აღმოსავლეთში დღეს შექმნილმა ვითარებამ აჩვენა, რომ ეს ორგანიზაცია სრულიად კასტრირებულია... ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ გვინდა თუ არა, სამყარო დგას ახალი მსოფლიო წესრიგის აუცილებლობის წინაშე, რომელსაც დასჭირდება ახალი სამართლებრივი მექანიზმები და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა”, - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მსოფლიო წესრიგმა თავი ამოწურა, გაერო სრულიად კასტრირებული ორგანიზაციაა...”.

“აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ როგორც ერთი, ისე მეორე დაპირისპირება წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიურ ომს - გამოიყენება სრულიად ახალი სამხედრო და საინფორმაციო ტექნოლოგიები, რამაც ომი ახალ განზომილებაში გადაიყვანა. ამ ტექნოლოგიების რეგულირების მექანიზმებიც საერთაშორისო სამართალს დღემდე არ შეუმუშავებია, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ასე მასშტაბურად აქამდე არც გამოუყენებიათ. აქ ლაპარაკია, მაგალითად, როგორც კოსმოსურ დაზვერვასა ან დრონებზე, ასევე საინფორმაციო-დივერსიულ-ფსიქოლოგიურ ოპერაციებზე. ეს უკანასკნელი ტექნოლოგიური თვალსაზრისით გაცილებით უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე სამხედრო შეიარაღების მიღწევები. საინფორმაციო ომის მეთოდები, მათ შორის სოციალურ ქსელებში, ისე სწრაფად იხვეწება და ვითარდება, რომ რეგულირების და შეკავების მექანიზმები, აღარაფერს ვამბობ პრევენციაზე, მას ვეღარ ეწევა. ამიტომაც ეს პროცესები, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მიგვიყვანდა ამ დაპირისპირებებამდე. გლობალური წესრიგი სერიოზული გამოწვევის წინაშე რომ დგას, ეს აჩვენა კავკასიაში განვითარებულმა პროცესებმაც. თუმცა ამ შემთხვევაში აზერბაიჯანმა თავისი ტერიტორიები დაიბრუნა და საბედნიეროდ, ჩვენს რეგიონში პოზიტიური დღის წესრიგის რეალური ნიშნები გაჩნდა, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

“ეს ყველაფერი დომინოს პრინციპით რომ არ გაგრძელდეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ომების დამთავრება, სამართლიანობის აღდგენა და გლობალური წესრიგისა და სამართლის ახალი პრინციპების დადგენა. მე არა მგონია, რომ გაერო შეძლებს რეფორმირებას. საქმე ისაა, რომ ეს ორგანიზაცია გადაწყვეტილების მიღების ეფექტიან მექანიზმს უკვე აღარ ფლობს. გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება აქვთ იმ ავტორიტარულ სახელმწიფოებს, რომლებიც დიდწილად არიან არსებული გლობალური დაპირისპირებების ავტორები და ინსპირატორები. აქედან გამომდინარე, გაეროს რეფორმირება ნაკლებად რეალისტური მგონია. როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს დადგა დღის წესრიგში ახალი საერთაშორისო ორგანიზაციების შექმნისა და მათი რეალური ფუნქციებით აღჭურვის აუცილებლობა, იგივე პროცესი დაიწყება რამდენიმე წელიწადში და ჩვენ ვიხილავთ გაეროს ალტერნატივად უფრო რეალურ და ქმედით საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მსხვილ რეგიონული აქტორებს”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ეს არის ნამდვილად ცივილიზაციური, ღირებულებითი ომები და ვერაფრით ვილაპარაკებთ ამ შემთხვევებში რელიგიათა დაპირისპირებებზე, თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში ერთმანეთს ერთი აღმსარებლობის სახელმწიფოები ეომებიან. როგორც უკრაინის, ასევე ისრაელის შემთხვევაში აშკარად იკვეთება ავტორიტარული და დემოკრატიული სისტემის ცივილიზაციური შეჯახება. ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო ამ რამდენიმე დღის წინ მოსკოვში გამართული ირანისა და “ჰამასის” წარმომადგენლების შეხვედრა. ისრაელის მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა რუსეთის ერთ-ერთ ტელევიზიაში ჩართვისას პირდაპირ დასდო ბრალი რუსეთს იმ ხოცვა-ჟლეტის მხარდაჭერაში, რაც 7 ოქტომბერს "ჰამასმა" ისრაელში გამართა. ეს გამოსვლაც რომ არა, ირან-“ჰამასის” წარმომადგენლების მასპინძლობით რუსეთმა პირდაპირ აღიარა, რომ ის ირანისა და ტერორისტების მხარდამჭერად გვევლინება. აქედან გამომდინარე, დღეს ყველაზე აქტუალური კითხვაა, როგორ მივიღოთ მყარი და სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი, რომელიც სახელმწიფოთა საზღვრების ურღვეობასა და ხანგრძლივ მშვიდობას უზრუნველყოფს? ამისთვის არსებობს ერთი გზა - ამ ავტორიტარული სახელმწიფოებისთვის კბილების მომტვრევა, მაგრამ ამას როგორ, რა დროსა და ვადაში მოახერხებს დასავლეთი, ამაზე განსხვავებული შეხედულებები არსებობს”, - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

“2008 წლის აგვისტოში დასავლეთმა თვალი დახუჭა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე და არ გასცა სათანადო პასუხი მოსკოვის ქმედებებს, რასაც მოჰყვა ყირიმის ანექსია, რაზეც ასევე არასრულფასოვანი სიმკაცრით რეაგირების შემდეგ მიიღო 2022 წლის 24 თებერვალი და ომი ევროპაში... ეს გაკვეთილიც აჩვენებს დასავლეთს, რომ დღეს თუ რეალური მექანიზმები არ ამოქმედდა ამ ავტორიტარულ სარტყელში შემავალი სახელმწიფოების წინააღმდეგ, არათუ მათი შეკავებისთვის, არამედ განეიტრალებისთვის, თუ გადავადდა ამ პრობლემის მოგვარება, ეს მიგვიყვანს კიდევ უფრო მძიმე შედეგებამდე. ამასთან, დასავლეთის მერყეობა რუსეთს და ავტორიტარული სარტყელის სხვა ქვეყნებს ცდუნებას უჩენს, ისევე ან უარესად შეარყიოს დასავლეთისა და ნატოს ერთიანობა, როგორადაც ის უკრაინის ომამდე იყო: ეს ამ ეტაპზე ვლინდება უნგრეთისა და სლოვაკეთის უკრაინისადმი მხარდაჭერის შემცირებით, ისევე როგორც პრეზიდენტ ერდოღანის ღიად დეკლარირებული ანტიისრაელური და პროპალესტინური პოზიციით. ახლა დასავლეთი ცდილობს კვლავ დროში გაწელოს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებაც და თავი აარიდოს მასშტაბურ კონფლიქტს, მაგრამ რბილი და მცოცავი მექანიზმებით რადიკალური ტერორის ამოშანთვა შეუძლებელია და მხოლოდ და მხოლოდ დროში თუ გადაიწევს უფრო დიდი მასშტაბის კონფლიქტი”, - ამტკიცებს რესპონდენტი.

“თუმცა შეიძლება დროის გადაწევით დასავლეთმა მეტად მოახერხოს მომზადება, მაგრამ მეშინია, რომ პროცესების დროში გაწელვამ არ შეუქმნას ავტორიტარულ რეჟიმებს შთაბეჭდილება და განცდა, რომ დასავლეთი სუსტია, მერყეობს და მასირებული, ბგადამწყვეტი შეტევის დრო დადგაო. ისრაელს სხვა გზა არა აქვს, მან უნდა აჩვენოს ახლა რა შეუძლია, სხვა შემთხვევაში შეიძლება მის წინააღმდეგ მთელი სუნიტური და შიიტური სამყარო გაერთიანდეს. თუ ირანის განეიტრალება იქნება ისრაელისა და აშშ-ის მიზანი, ასეთ შემთხვევაში არაბული სამყარო ირანის მხარდასაჭერად ხელს არ გაისვრის და დაელოდება პროცესების განვითარებას, რადგან ოფიციალური თეირანი მათთვისაც სერიოზული თავსატეხი და პრობლემაა. მაგალითად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეგვიპტის საჰაერო თავდაცვის ძალები ანეიტრალებენ ისრაელისკენ ნასროლ რაკეტებს. მოგეხსენებათ, ყველაზე დიდი ომები იმართებოდა რესურსებისთვის, მათ შორის სავაჭრო გზებზე კონტროლისთვის. ახლაც ამის მოწმენი ვარ. მაქსიმალურად შემცირდა რუსეთზე გამავალი ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი სავაჭრო გზის გამოყენება და დაიწყო ალტერნატიული სავაჭრო გზების გააქტიურება, გაფართოება, გაიზარდა მათი მნიშვნელობა, მათ შორის არის შუა დერეფანი, რომელიც საქართველოსაც მოიცავს”, - თვლის ექსპერტი.

“ვიდრე ამაზე ვილაპარაკებთ, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო საუდის არაბეთისა და ისრაელის დაახლოება, რომელიც ასევე ეწერებოდა ახალი სავაჭრო გზის გაჭრის ინტერესში, რაც სულ რაღაც ერთი თვის წინ დააანონსა აშშ-მ: საუბარია ინდოეთიდან ევროპამდე ახალი სავაჭრო გზის გაჭრაზე, რომელსაც “აბრეშუმის გზის” საპირწონედ დაერქვა პირობითად “სანელებლების გზა”, რომელსაც სწორედ არაბულ ქვეყნებზე და ისრაელის გავლით უნდა მიეღწია ევროპულ პორტებამდე. ეს ინიციატივა პროექტის “ერთი გზა, ერთი სარტყელი” ალტერნატივად აღიქმება აშშ-ში. საინტერესოა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, რომლის ქვეყანასაც ამოეწურა “ერთი გზა, ერთი სარტყელის” პროექტთან თანამშრომლობის ვადა, უარი თქვა მის განახლებაზე ამ ინდურ-ამერიკულ პროექტში ჩართვის სასარგებლოდ. ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ სტატუს-კვო ვეღარ შენარჩუნდება. იმდენად ირყევა მსოფლიო წესრიგი, რომ მისი შენარჩუნება აღარავის ინტერესში აღარ არის - დასავლეთი მას ვეღარ ინარჩუნებს, აღმოსავლეთს კი ის აღარ აწყობს. ამიტომაც ეს გორდიას კვანძი უნდა გაიხსნას, რაც მალე და ნაკლები მსხვერპლით, მით უკეთესი”, - განმარტავს ხათუნა ლაზაგიძე.

“კიდევ ერთი, რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, არის ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობა. ეს უზარმაზარი თემაა, მაგრამ მე ყურადღებას გავამახვილებ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ბლინკენის პოზიციაზე, როდესაც მან რამდენიმე დღის წინ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე თქვა, რომ ის შეხვდებოდა ჩინელ კოლეგას და შესთავაზებდა აქტიურ მონაწილეობას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გადაწყვეტაში. უნდა ითქვას, რომ ის, რაც ახლა ახლო აღმოსავლეთში ხდება, აშშ-ის წინა რამდენიმე ადმინისტრაციის შეცდომების გამოძახილიც არის. ობამას ადმინისტრაციის დროს ამერიკამ გადაწყვიტა, რომ მთელი ყურადღება წყნარი ოკეანისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვის რეგიონისკენ უნდა მიექცია, სადაც ეკონომიკური ბუმი იყო პროგნოზირებული და მოადუნა ყურადღება ახლო აღმოსავლეთისკენ, რამაც გამოიწვია დიდი ვაკუუმი. ამით ისარგებლა ჩინეთმა და მაგალითად, ირანის ერთ-ერთ უდიდეს პორტს აკონტროლებს, იქ ბაზირებულ 5 000-იან სამხედრო კონტინგენტს კი ამ პორტის დაცვა ევალება... მოკლედ, დიდი ტურბულენტობის ზონაშია მსოფლიო და ახლა თუ არ მოხდა ამ ავტორიტარული ქვეყნების სარტყლის ჩამოშლა, ძალიან დაგვიანდება ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირება”, - ვარაუდობს რესპონდენტი.

“შუა დერეფანს რაც შეეხება, მისი მნიშვნელობა რეალურად იზრდება, ისევე როგორც საქართველოსი. ძალიან საინტერესოა, რომ ჩინეთში განიხილება ახალი ეკონომიკური პლატფორმა G3-ის შექმნის ინიციატივა ჩინეთის, აშშ-სა და ევროკავშირის მონაწილეობით. რამდენიმე თვის წინ კისინჯერი ეწვია ისევ ჩინეთს, სავარაუდოდ, 1970-იანი წლების მსგავსი ინიციატივით, რათა ჩინეთი მეტად ჩართონ დასავლეთთან ურთიერთობაში. ამით შუა დერეფანს უფრო მეტი დატვირთვა ენიჭება და შესაბამისად, ჩვენს ქვეყანასაც. არ შეიძლება გულწრფელად არ გიხაროდეს, როცა “აბრეშუმის გზის” ფორუმის ფარგლებში სომხეთ-აზერბაიჯან-საქართველოს ერთ მაგიდასთან ყოფნას და რეგიონის პერსპექტივებზე საუბარს ადევნებ თვალს. აღსანიშნავია ნიკოლ ფაშინიანის ინიციატივა “მშვიდობის გზაჯვარედინი”, რომელიც რეგიონის პროექტებში სომხეთის ჩართვას ითვალისწინებს, მან განაცხადა, იმედია, ბაქოსთან სამშვიდობო შეთანხმებას მალე მოვაწერთ ხელს და თურქეთთანაც მოვაგვარებთ ურთიერთობებსო... ფაშინიანი ცდილობს იმ ტვირთს დააღწიოს თავი, რაც სომხეთს ჰქონდა ყარაბაღის სახით. ამავე ფორუმზე სომხეთის ძალიან სერიოზული განაცხადი იყო ისიც, რომ მზად არიან იყიდონ აზერბაიჯანული გაზი. ესეც ნამდვილად გარღვევაა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან სომხეთში მიწოდებული აირის სატრანზიტო შემოსავალი შეიძლება საქართველოს შეუმცირდეს. ჩვენი სახელმწიფოსთვის მშვიდობიანი სამხრეთი კავკასია გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს კონკრეტული ტრანზიტი”, - დაასკვნის ექსპერტი.

“შუა დერეფნის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო ინტერესების რანგში გადის, ასევეა ის ინიციატივაც, რაც ითვალისწინებს ინდოეთიდან სომხეთისა და საქართველოს გავლით ახალი გზის გაჭრას ევროპაში. ეს ძალიან საინტერესოა, თუმცა უფრო შორეული პერსპექტივის თემაა. აქვე უნდა აღინიშნოს შავი ზღვის უსაფრთხოების თემა, რაც კონგრესში იყო განხილული და ძალიან მწვავე შეფასებები გაკეთდა რუსეთის მიერ ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნასთან დაკავშირებით. კარგია, რომ დასავლეთი დღეს უკვე გრძნობს, შავ ზღვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ევროპის უსაფრთხოებისთვის. თავის დროზე, 2007 წელს, პუტინის განცხადებებს, ნატოს შავ ზღვაში არაფერი ესაქმებაო და ლამის შიდა ტბად უნდა ექცია შავი ზღვა, დასავლეთმა არ დაუთმო სათანადო ყურადღება, რასაც მოკლე ხანში საქართველოში რუსეთის შემოჭრა მოჰყვა. მერყეობა ისეთ მტერთან ურთიერთობისას, როგორიც არის ავტორიტარულ-დიქტატორული ფანატიკოსების რეჟიმი, მეტი აგრესიისთვის მათთვის მწვანე შუქის ანთების ტოლფასია. ამიტომაც კარგია, რომ აშშ დღეს ხედავს, ევროპის უსაფრთხოება დიდწილად სწორედ შავ ზღვაში წყდება”, - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

“ცხადია, საქართველო ამ გამოწვევებს მარტო ვერ გაუმკლავდება და რუსეთიც მარტო შეშფოთება-აღშფოთების გამო ოჩამჩირის ბაზის გახსნაზე ხელს არ აიღებს. ეს საფრთხეს უქმნის ანაკლიის აშენებასაც. მოკლედ, იმ ვითარებაში ვართ, როცა, ერთი მხრივ, ქვეყანას უზარმაზარი შესაძლებლობების ფანჯარა ეხსნება, მეორე მხრივ, სამყარო ისეთ ტურბულენტურ ფაზაში შედის, საფრთხეებიც იზრდება. დღეს მთავარია საქართველომ დიდი სიფრთხილე გამოიჩინოს და სრულად არ მოიშიშვლოს ფლანგები მტრის წინააღმდეგ. უსაფრთხოების ის ფარი და გარანტიები, რაც დასავლეთისგან გვაქვს, თუნდაც არასრულყოფილი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამაზე უარის თქმა იქნება ყველაზე დიდი სიბრიყვე და დანაშაული, რაც შეიძლება ხელისუფლებამ ჩაიდინოს, ეს, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს მაქსიმალურ სიფრთხილეს, პრაგმატიზმს, რაციონალიზმს... მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ დასავლურმა მხარდაჭერამ და უსაფრთხოების ფარმა მოიტანა დღევანდელობამდე ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა”, - დასძენს ლაგაზიძე.

თურქეთში “ჯვრისა და ნახევარმთვარის ომზე” ალაპარაკდნენ, ირანი კი ისრაელს “წითელი ხაზების” გადაკვეთაში ადანაშაულებს - ომის მეორე ეტაპი ღაზაში

“შაბათს ღამით ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში განლაგებული “ჰამასის” წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაცია წამოიწყო. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ ესაა დაანონსებული სახმელეთო ოპერაცია, თუმცა თავად ისრაელის ხელისუფლება ამას “მიმდინარე ოპერაციის გაფართოებასა” და “ომის მეორე ფაზას” უწოდებს. ამას ისლამურ სამყაროში მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. თურქეთში გამართულ აქციაზე პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა არ გამორიცხა, რომ ომმა გლობალური დაპირისპირების სახე მიიღოს. ირანში კი აცხადებენ, რომ ისრაელმა “წითელი ხაზები გადაკვეთა”. “ჰამასში” აცხადებენ, რომ ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე სახმელეთო იერიში სამი მიმართულებიდან მიიტანა, თუმცა “ჰამასი” ამისათვის მზად იყო, წინასწარ ჰქონდათ გამზადებული თავდაცვითი პოზიციები, რის შედეგადაც მოწინააღმდეგეს სერიოზული ზარალი მიაყენეს და უკან დაახევინეს. სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, ახლა ძირითადად საომარი მოქმედებები ღაზის ჩრდილოეთით მიდის და დიდი ალბათობით “ბეტონის ჯუნგლებში” ბრძოლა კვირები გაგრძელდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით თურქეთში “ჯვრისა და ნახევარმთვარის ომზე” ალაპარაკდნენ, ირანი კი ისრაელს “წითელი ხაზების” გადაკვეთაში ადანაშაულებს - ომის მეორე ეტაპი ღაზაში.

“ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ისრაელს საფრთხე აქვს როგორც ირანის, ისე თურქეთის, ლიბანის და სირიის მხრიდან. თუმცა მიიჩნევენ, რომ, დიდი ალბათობით, მუსლიმურ სამყაროსა და დასავლეთის გლობალურ დაპირისპირებამდე საქმე არ მივა, რადგან მსხვილი პოლიტიკური აქტორები ამას არ დაუშვებენ. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, „ჰამასის" წინააღმდეგ ომის მეორე ეტაპი ღაზას სექტორში ახალი სახმელეთო ძალების შეყვანით დაიწყო და ეს მხოლოდ დასაწყისია. მისივე თქმით, სახმელეთო შეჭრის გადაწყვეტილება ერთობლივად იქნა მიღებული როგორც სამხედრო, ასევე უსაფრთხოების კაბინეტების მიერ. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარმა ომის მეორე ეტაპზე გადასვლა დაადასტურა და ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ მშვიდობიან მოქალაქეებს მოუწოდა, სამხრეთით გადაინაცვლონ, რადგან “ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში “ჰამასთან” ომის შემდგომ ეტაპზე გადადის და ოპერაციებს აფართოებს”. მისივე თქმით, ისრაელი ებრძვის “ჰამასს” და არა ღაზის მოსახლეობას, ამასთან, “ჰამასი” ღაზის მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს და სამოქალაქო შენობებსა და მის ქვეშ მოქმედებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საერთაშორისო მედიაში და სოციალურ ქსელებშიც წერენ, რომ პარასკევს ღამით ღაზაზე ისრაელის საჰაერო თავდასხმები 7 ოქტომბრიდან დღემდე ყველაზე ძლიერი და ინტენსიური იყო. მანამდე კი ისრაელმა ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში ტანკებით რეიდი განახორციელა. ღაზა ალყაშემორტყმულია და მის მოსახლეობას დანარჩენ სამყაროსთან კომუნიკაციის არანაირი საშუალება არ აქვს. “ჰამასის” განცხადებით, ისრაელმა ღაზას სამი მხრიდან შეუტია, თუმცა, მათი მტკიცებით, დაჯგუფების წევრებმა ჩასაფრებები მოუწყვეს და ისრაელის არმიამ დიდი დანაკარგებით უკან დაიხია. “ჰამასის” სამხედრო ფრთამ - `ალ-ქასამის ბრიგადებმა~ განაცხადა, რომ უპირისპირდებიან ისრაელის სამხედრო სახმელეთო შეჭრას ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში. როგორც ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ შესაძლოა სახმელეთო ბრძოლა რამდენიმე კვირაც კი გაგრძელდეს. მისი თქმით, ახლა შეტაკებები ძირითადად ღაზას ჩრდილოეთ ნაწილშია. ფიქრობს, რომ, სიტუაცია მასშტაბურ ხასიათს არ მიიღებს და ლიბანიდან, სირიიდან თუ ირანიდან რადიკალური ნაბიჯები ნაკლებ სავარაუდოა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ისრაელის მიზანი “ჰამასის” სრული განადგურებაა და სახმელეთო ოპერაციის გარეშე ეს ვერ მოხდება. ღაზას ჩრდილოეთის, სამხრეთისა და ცენტრალური სექტორების ნაწილ-ნაწილ განადგურების შემდეგ, მიზანი შესაძლოა მიღწეულ იქნას. თუმცაღა საჰაერო დარტყმებმა აჩვენა, რომ ღაზას ქვემოთ ძალიან ბევრი გვირაბი და კატაკომბა არსებობს და ამის განადგურება მხოლოდ ჰაერიდან ვერ ხერხდება. იმის გათვალისწინებით, რომ ღაზა ბეტონის ჯუნგლებია, შესაძლებელია ეს კიდევ უფრო დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს, ვიდრე ველოდებით. უშუალოდ ამ ოპერაციამ ღაზას სექტორის შიგნით შესაძლოა რამდენიმე კვირაც გასტანოს. დეტალები ცნობილი არაა, თუმცა ღაზაში სამი ცენტრალური შესასვლელი არსებობს. შეტაკებების ძირითადი მიმართულება ჩრდილოეთის სექტორშია და არა სამხრეთში. სამხრეთში სამხედრო ოეპრაცია ჯერჯერობით არ შეინიშნება, მხოლოდ საჰაერო დარტყმებია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.

“ერდოღანი საკმაოდ მკაცრი ტონითაა ცნობილი, თუმცა სიტუაციას მხოლოდ სიტყვებით ვერ შევაფასებდი. ნაკლებსავარაუდოა ახლა თურქეთმა რაიმე ქმედება განახორციელოს, გარდა საჩვენებელი ჰუმანიტარული მისიისა. ლიბანი ბევრად რთულია. ჯერჯერობით “ჰეზბოლა” შეტევაზე არ გადასულა, მაგრამ მისგან ყველაფერი მოსალოდნელია, რადგან, როგორც “ჰეზბოლას” ლიდერი ამბობს, ჰყავს არა 50-ათასიანი, რაც აქამდე ბევრს ეგონა, არამედ 150-ათასიანი დაჯგუფება. ძალიან ბევრი სამხედრო კი მოსურნეა, რომ ისრაელის წინააღმდეგ ომში თავი გაწიროს. “ჰეზბოლამ” შესაძლოა ლიბანიდან და სირიიდან იმოქმედოს, ის მუშაობს უფრო მეტად როგორც სამხედრო ორგანიზაცია, რომელსაც შესაბამისი უნარები გააჩნია და უფრო საშიშია, ვიდრე “ჰამასი”,მასთან ბრძოლა ბევრად რთული იქნება... ამ რეგიონში ომი 1948 წლიდან არ შეწყვეტილა, ნელი ინტენსივობით მიდის ხოლმე და პერიოდულად მატულობს”, - დაასკვნის გიორგი კობერიძე.

“ღაზას სექტორში ისრაელის კომბინირებულ მასშტაბურ შეტევას პირველი პოლიტიკური შედეგები უკვე მოჰყვა. მუსლიმურ სამყაროში ისრაელის წინააღმდეგ გამოსვლები დაიწყო, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიაშიც. გავრცელდა ხმები მახაჩყალის ერთ-ერთ სასტუმროში ისრაელიდან ჩასული ლტოლვილების შესახებ, რის გამოც ადგილობრივებმა სასტუმროს ალყა შემოარტყეს, თუმცა მას შემდეგ, რაც პოლიციამ შეკრებილებს სასტუმრო დაათვალიერებინა და დაარწმუნა, რომ იქ ისრაელის მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ, ისინი დაიშალნენ. პალესტინის სოლიდარობის მასობრივ მიტინგზე სტამბოლში, რომელზეც პრეზიდენტმა ერდოღანმა დასავლეთს უსაყვედურა, თუ რატომ დუმან იმის შესახებ, რაც ღაზის სექტორში ხდება. “ჰეი, დასავლეთო, თქვენ მოგმართავთ - ისევ გინდათ გააჩაღოთ ომი ნახევარმთვარესა და ჯვარს შორის?” - თქვა მან. ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისის განცხადებით, ისრაელის ნაბიჯებმა “წითელი ხაზები გადაკვეთა”, რამაც, შეიძლება, ყველა აიძულოს, ზომები მიიღონ. თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ არსებული დაპირისპირება თითქოს გლობალური დაპირისპირების კონტურებს იღებს, თუმცა თვლის, რომ საქმე აქამდე არ მივა”, - დასძენს გამოცემა.

“სემუელ ჰანტინგტონის ცნობილი თეორიაა “ცივილიზაციათა შეჯახება”, რომელშიც ის რამდენიმე რისკს გამოყოფდა. მათ შორის ნათქვამია, რომ მომავალში მსოფლიოში დაპირისპირება იქნება არა სუპერ სახემწიფოებს, არამედ ცივილიზაციათა შორის. დღევანდელი დაპირისპირება ერთი შეხედვით თითქოს ამას ჰგავს, თუმცა მე მაინც მგონია, რომ საქმე აქამდე არ მივა. შიდა პოლიტიკური წნეხიდან და უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, რომელიც ისრაელს ტერორისტული აქტების შემდეგ დაუდგა, ისრაელი იძულებულია საკმაოდ არაპოპულარული, მძიმე და ჰუმანიტარული თვალსაზრისით რთული ოპერაცია განახორციელოს, რომელიც გამარჯვების შემთხვევაშიც კი სერიოზულ რისკებს წარმოშობს და დიდ ზიანს მიაყენებს როგორც ისრაელის სახელმწიფოს, ასევე მის მხარდამჭერებს დასავლეთში. მიუხედავად იმისა, რომ სიტუაციას “ჰამასი” აკონტროლებს, რიგითი პალესტინელები ამაზე პასუხისმგებლები არ არიან და ეს მსოფლიო საზოგადოების ნაწილის აღშფოთებას იწვევს და ამიტომაც ისრაელის ლიდერებს მოუწოდებენ, რომ იქნებ გადახედონ ოპერაციის დეტალებს, რათა ჩვეულებრივი მოქალაქეები არ დაზარალდნენ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“დასავლეთში რამდენიმე ჩინოსანი გადადგა კიდეც, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტშიც, რადგან ამერიკის ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ უფრო შუალედური პოზიცია დაიკავონ, რომ იგივე პალესტინელებისა და არაბული სამყაროს გაუცხოვება არ მოხდეს. ამ ამბების შემდეგ ეს ზეწოლა ალბათ კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან აშშ-ს და ევროკავშირს იმის ფუფუნება არ აქვს, რომ მხოლოდ ცალმხრივი პოზიციები დაიჭირონ. რა თქმა უნდა, ისრეალს მხარს დაუჭერენ, როგორც ტერორიზმის მსხვერპლს, მაგრამ, ამავე დროს, მათ შემრიგებლის და შუამავლის როლი უნდა შეასრულონ, რათა დაძაბულობა სხვა ფაზაში არ გადავიდეს”, - თვლის კორნელი კაკაჩია.

ირაკლი მელაშვილი - “სამნიძის განცხადება პასუხისმგებლიანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ამან ოპოზიცია დააზარალა”

“გასული კვირა ჰელოუინით დასრულდა, რომელიც, ცხადია, არ არის მართლმადიდებლური სამყაროს ტრადიცია, მაგრამ ფაქტია, დიდი ხანია გასცდა რელიგიურ ჩარჩოებს და მისი არსიც და მომხიბვლელობაც ის არის, რომ ბავშვებს საშიშ რაღაცებთან შეჩვევას ასწავლის, რაც შემდგომ მათ საშიში წინააღმდეგობის გადალახვაში ეხმარება. ქართულ პოლიტიკურ რეალობაში კი შიშის დასაძლევი თუ სიმართლისთვის თვალის გასასწორებელი ჰელოუინის ფუნქცია ვერაფერმა შეითავსა და ისევ ისე ეშინიათ სიმართლის თქმის. ამის კარგი მაგალითია რესპუბლიკელების ლიდერის განცხადება, რომ ოპოზიციაში ვიღაცები ევროპელებს სთხოვენ, სტატუსი არ მოგვცენ, რაც, პრინციპში, ისედაც ვიცოდით, მაგრამ სამნიძე ფაქტობრივად მოღალატედ გამოაცხადეს და მათ შორის, დიდი ალბათობით, ისინიც იქნებიან, ვინც ეხვეწება ევროკავშირს, მათი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, სტატუსი არ მოგვცეს, არადა, საჯაროდ საწინააღმდეგოს ამბობენ... ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილს ვესაუბრეთ, რომელიც აქტიურ პოლიტიკაში ეროვნული მოძრაობის დროიდან არის ჩართული”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით “სამნიძის განცხადება პასუხისმგებლიანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ამან ოპოზიცია დააზარალა”.

“ძალიან ბევრი პრობლემაა ოპოზიციაში, საერთოდ, ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ ახლოვდება საქართველოს შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების მომენტი და გაცხადდება, გვანიჭებენ სტატუსს თუ არა. ქართველებს კი, როგორც ყოველთვის, გადამწყვეტ მომენტში არა გვაქვს ერთიანი აზრი. მე პირადად არ ვეთანხმები აზრს, რომ სტატუსის მიღება ხელისუფლებას გააძლიერებს და სანამ ეს ხელისუფლებაა, სტატუსი არ უნდა მოგვცენ. თუ გვინდა დემოკრატიული ქვეყანა გვქონდეს, ევროპასთან რაც უფრო ახლოს ვიქნებით, სტატუსის მიღების მით მეტი შანსი გვექნება, ხოლო რაც უფრო დავშორდებით, ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბების შანსი უფრო გაიზრდება. ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიღოთ სტატუსი, თუნდაც გარკვეული პირობებით, რასაც შიდა დემოკრატიის განვითარებისთვის გამოვიყენებთ. თუ გავიზიარებთ აზრს, რომ ახლა არ უნდა მოგვცენ სტატუსი, რათა “ქართული ოცნება” არ გაძლიერდეს, თანაც ამ დროს “ნაცმოძრაობა” გამოდის და სტატუსის მონიჭებას სააკაშვილს უკავშირებს - ბატონ ცისკარიშვილს განუცხადებია, სააკაშვილი თუ არ გამოუშვეს, არჩევნები ლეგიტიმური არ იქნებაო, - ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვწირავთ ევროპულ პერსპექტივას შიდა დაპირისპირების გამო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.

“ნაცმოძრაობა” სააკაშვილთან ერთად რა არის, ეს სხვა საკითხია, მაგრამ სააკაშვილის გარეშე რომ ნულია, ცხადია. თუ ვინმე რეიტინგული ჰყავდათ, ყველამ დატოვა პარტია და ხაბეიშვილის იმედზე არიან. მეორე მხრივ, არის “ქართული ოცნება”, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ სააკაშვილი არ უნდა გამოუშვას და ამ დაპირისპირებას შეეწირება ქვეყნის მომავალი. ის რიტორიკა კი, სტატუსი არ გვინდა, “ოცნება” რომ არ გავაძლიეროთო, იმით არის მცდარი, რომ შესაძლოა ამით უფრო გაძლიერდეს “ოცნება”, რადგან არ არის გამორიცხული, ხელისუფლებამ ე.წ. ალყაშემორტყმული ციხესიმაგრის სინდრომი დაამყაროს ქვეყანაში, აი, ყველა ჩვენ გვებრძვისო და მათ გარშემო მოხდეს ისევ გადამწყვეტი ძალის კონცენტრირება. ხომ ვიცით, ხალხის ძალიან დიდი ნაწილისთვის სააკაშვილი მიუღებელია და “ოცნება” იტყვის, დასავლეთმა სააკაშვილს გადაგვაყოლაო, ამას დაემატება ანტიდასავლური ძალები - ანუ სააკაშვილის მოწინააღმდეგეებს დამატებული ანტიდასავლური ელექტორატი შესაძლოა ნახევარზე მეტი აღმოჩნდეს...”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“სამნიძის განცხადება, ვფიქრობ, პასუხისმგებლიანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ამან ოპოზიცია დააზარალა. თუმცა, მეორე მხრივ, თუ ოპოზიციამ ხელისუფლების ამდენი შეცდომის შემდეგ პოლიტიკური კაპიტალიზაცია ვერ მოახერხა, მარცხის სამნიძისთვის დაბრალება სასაცილოა. ამით ვის მოატყუებენ? ის აჟიოტაჟიც და ნეგატიური გამოხმაურება, რაც სამნიძის განცხადებას მოჰყვა, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ოპოზიციას არ უნდა სერიოზულად დაფიქრება. ვერ შეძლეს საზოგადოებისთვის მკაფიო ალტერნატივის დანახვება, ვერ გვაჩვენეს, “ოცნებაზე” უკეთესი რითი იქნებიან. მეც არ მომწონს დღევანდელი სასამართლო, მაგრამ “ნაცების” დროს რა სასამართლოც გვქონდა, ვერც შეედრება ნეგატიურობით. აჩვენებს კიდეც სტატისტიკა, რამდენია გამამართლებელი განაჩენი ახლა და რამდენი იყო სააკაშვილის დროს, რამდენმა მოქალაქემ მიმართა სტრასბურგის სასამართლოს მაშინ და ახლა, რამდენმა მოიგო მაშინ და ახლა. “ნაცებმა” ლამის ყველა საქმეზე მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს და ყველა წააგეს. ეს ხომ არ არის ჩემი მოგონილი, ეს სტატისტიკური მონაცემებია. ძალიან არ მომწონს, რაც ახლა ხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქ დაბრუნება მინდა, რაც იყო. ოპოზიციამ ვერ გააცნობიერა, რომ საზოგადოებას უკან დაბრუნება არ სურს და წინ როგორ წავიდეთ, ვერ ეუბნება”, - დაასკვნის ანალიტიკოსი.

“მკითხაობას ვერ დავიწყებ და ნამდვილად არ ვიცი, სამნიძეს რა მიზანი ჰქონდა... მას უფრო მეტი ინფორმაცია აქვს თუნდაც ოპოზიციის ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე და შესაძლოა, რაც უფრო ახლოვდება სტატუსის მოცემა-არმოცემის საკითხი, მით უფრო გააქტიურდა ეს ხალხი, ახლა უფრო ინტენსიურად მიდის ამაზე ლაპარაკი, სტატუსი არ მოგვანიჭოთო. ალბათ, სამნიძემ ჩათვალა, რომ ამ განცხადებით შეიძლება შეაჩეროს ეს პროცესი. უამისოდაც ხომ ყველა ვხვდებოდით, რომ ამას აკეთებდნენ? 2013 წელს ევროპელებს პირადად ჩემთვის აქვთ ნათქვამი, რომ მაშინდელი ოპოზიციონერი დეპუტატები პირდაპირ ეუბნებოდნენ, არ მოგვანიჭოთ ასოცირება, უვიზო მიმოსვლაო და ა.შ. მაშინაც იგივე ხდებოდა, მაგრამ მაშინ ხელისუფლების პოზიცია ბევრად ძლიერი იყო, არ აღიქმებოდა ანტიდასავლურად”, - ამბობს ირაკლი მელაშვილი.

“სხვათა შორის, ძალიან მეცინება, როდესაც `ქართული ოცნება~ ამბობს, ევროპამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, როცა სტატუსი არ მოგვანიჭაო. ეს რა თავის გამართლებაა? ეს ხომ ნიშნავს, რომ ევროპა თავისიანად არ გთვლის? ძახილი, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოო, გამართლება კი არ არის, ვერდიქტია საკუთარი თავისთვის! თუ აცხადებ, ევროპაში შესვლა გინდა, მაგრამ ამ დროს მიაჩნიათ, რომ შენ ანტიევროპული პოზიცია გაქვს, ამისთვის პოლიტიკურად გსჯიან და სტატუსს არ განიჭებენ, ესე იგი, შენი პოლიტიკა აღიქმება პრობლემურად... რაც შეეხება ოპოზიციაში მუდმივად მოღალატეების ძებნას, ეს ქართული ფენომენია. 1988 წლიდან, რაც პოლიტიკა ცეკას კაბინეტებიდან საზოგადოებრივ დისკურსში გადმოვიდა და საზოგადოება გახდა პოლიტიკის აქტიური შემოქმედი, ეს ფენომენი გვაქვს და მუდმივად გვექნება, ვიდრე გვეყოლება ისეთი პოლიტიკური ლიდერების კლასი, რომელსაც არავითარი პოლიტიკური იდეის შეთავაზება არ შეუძლია საზოგადოებისთვის და ცდილობს ძალიან იაფად, იოლად გავიდეს ფონს ვიღაცისთვის ტალახის შესხმითა და ლანძღვით, ამით გაიზარდოს რეიტინგი. ეს არის ჩვენი პოლიტიკური სპექტრის უბედურება”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“1988 წლიდან ამ საქმეში ვარ და ასეთი დაბალი ხარისხის პოლიტიკური სპექტრი არა მგონია, საქართველოს ოდესმე ჰყოლოდეს. ასეთი უიდეო, აბსოლუტურად ნულოვან პოზიტიურზე ორიენტირებული პოლიტიკური ლიდერები არასოდეს გვყოლია. პოლიტიკური სპექტრით, მათ შორის ჩემი თავითა და იმ პოლიტიკური კულტურის დონით, რაც გვქონდა საქართველოში, კმაყოფილი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი დაბალი დონე არ მახსოვს, ფსკერია გახვრეტილი. ვფიქრობ, ესენია ბოლო ნარჩენები პოლიტიკური სპექტრისა, რომელიც შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა, როდესაც პოლიტიკაში ხალხი მორჩილების ნიშნით მოიზიდეს. თუ პოლიტიკაში წარმატების ფორმულა უპრინციპობა, უიდეობა და მონური მორჩილებაა, ჩვენ გვეყოლება პოლიტიკის შემოქმედი ისეთი ლიდერები, რომლებიც ამ პრინციპით შეარჩევენ ხალხს. სანამ ცოდნასა და პრინციპულობას არ დააფასებენ, ასე ვიქნებით. როცა რაღაც არსებითზე დაუწყებ ლაპარაკს და გეტყვიან, მოიცა, რა დროს ესაა, ბიძინა გვყავს გასაშვები, მიშა უნდა გავუშვათო, ამ კატასტროფულ მდგომარეობას არაფერი ეშველება. საზოგადოება ამას უყურებს და მისი ნიჰილიზმი სწორედ ამის შედეგია”, - ამტკიცებს ანალიტიკოსი.

“ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური კიბე, რომელიც პატიოსან, განათლებულ, ნიჭიერ ადამიანს ზემოთ ასვლის საშუალებას მისცემს. პარტიებში დაწინაურების საშუალება არის მონობა, მლიქვნელობა, თვალში შეციცინება... ყოველთვის ასე იყო. “ქართულ ოცნებაში” არის ვინმე, ვინც 2012 წელს “ოცნებისთვის” იბრძოდა? თითქმის არავინ, ყველა გაყარეს, ვინც რაღაც იდეისთვის იბრძოდა. რატომ? იმიტომ, რომ შეცდომების მიუხედავად, მათ საკუთარი აზრი ჰქონდათ რაღაცაზე, წინააღმდეგობას უწევდნენ. სამაგიეროდ, მოიყვანეს ისინი, ვინც “ნაცმოძრაობის” დროსაც ხმას არაფერზე იღებდნენ და ახლა აქ არიან. ყველაფერზე ან ტაშის დამკვრელები არიან, ან თავად ითხოვენ სხვებისგან მონურ მორჩილებას. სანამ პოლიტიკაში დაწინაურების ეს პრინციპი იქნება, მანამდე ჩვენი პოლიტიკაც ასეთი იქნება. ამის უკუშედეგი კი ის არის, რომ დღეს ქართულ პოლიტიკაში, არც ხელისუფლებაში და არც ოპოზიციაში, არ არსებობენ პოლიტიკოსები, რომელთაც საზოგადოებაში მინიმალური ავტორიტეტი ექნებათ. შევარდნაძე შესაძლოა ძალიან არ უყვარდათ, მაგრამ ავტორიტეტი ჰქონდა საზოგადოებაში. მიშას დროსაც იყვნენ პოლიტიკოსები, რომელთაც ძალიან დაბალი რეიტინგი ჰქონდათ, მაგრამ ჰქონდათ ავტორიტეტი. საზოგადოებაშიც ეს განწყობაა - ერთი გავუშვა და მეორე მოვიყვანო, აქედან რა ხეირი იქნებაო. ოპოზიცია საზოგადოებას ვერ ანახვებს, რითი ჯობს ხელისუფლებას”, - დასძენს ირაკლი მელაშვილი.

პაუზა კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტამდე - რისთვის ემზადება პრეზიდენტი

“პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საკითხის გადაწყვეტას ელის და სავარაუდოდ, 2024 წლისთვის პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთვება. ამის შესახებ “რეზონანსთან” ანალიტიკოსები საუბრობენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტი კანდიდატის სტატუსზე ნებისმიერ გადაწყვეტილებას თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენებს. 8 ნოემბერს ევროკომისიამ უნდა გამოაქვეყნოს საბოლოო დასკვნა საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ, რომელშიც ასევე მოცემული იქნება ევროკომისიის რეკომენდაცია იმაზე, უნდა მიენიჭოს თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. დეკემბერში კი, ამ რეკომენდაციის საფუძველზე, უკვე ევროკავშირის სამიტზე უნდა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება სტატუსთან დაკავშირებით. ანალიტიკოსთა აზრით, მთელი პოლიტიკური სპექტრი და მათ შორის პრეზიდენტიც, სწორედ ამ პროცესების დასრულებას ელოდება და ამის შემდეგ გააქტიურდება. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, კანდიდატის სტატუსზე ნებისმიერ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი ის თავის სასარგებლოდ გამოიყენებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პაუზა კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტამდე - რისთვის ემზადება პრეზიდენტი.

“თუკი პასუხი დადებითი იქნება, პრეზიდენტი ამას თავის დამსახურებად გამოაცხადებს, ხოლო უარყოფით პასუხს კი - ხელისუფლების მხრიდან ევროინტერგაციის საბოტაჟისა და მისთვის ხელის შეშლის შედეგად. ანალიტიკოსთა ვარაუდით, ნებისმიერ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი ეცდება ე.წ. მესამე ძალის ლიდერად ჩამოყალიბდეს, რისი მცდელობებიც უკვე შეიმჩნევა. შესაბამისად, მისი გეგმებიც ევროკავშირიდან მიღებული პასუხის მიხედვით შეიცვლება... ხელისუფლებაში კი დარწმუნებით აცხადებენ, რომ პრეზიდენტს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა სურს “ერთ-ერთი პარტიის კანდიდატის” სახით. “ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი აქედანვე ამზადებს ამისათვის საფუძველს და პოლიტიკური მიზნებისათვის სტატუსის საკითხის გამოყენებასაც ეცდება. “საუბარია კანდიდატად ერთ-ერთი პარტიის შემადგენლობაში არჩევნებში მონაწილეობაზე. ეს, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება ჩვენს საარჩევნო შედეგზე”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რადგან მისი აზრით, `რაც მეტი 2-3-პროცენტიანი პარტია შეიქმნება ასეთი პოლიტიკოსების მონაწილეობით, მით უკეთესი “ქართული ოცნებისთვის”. ანალიტიკოს გია აბაშიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი საკმაოდ არაპროგნოზირებადი პოლიტიკოსია, ამიტომ მისი გეგმების შესახებ საუბარი რთულია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თავის დროზე “ოცნებამ” ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც პრეზიდენტობაზე მისი კანდიდატურა დააყენა. ამ შეცდომას ვხედავთ როგორც იმკის. რა თქმა უნდა, ზურაბიშვილს აქვს პოლიტიკური ამბიციები და ეს ბოლო დროს ნათლად გამოჩნდა. ის არის “მადამ პრეზიდენტი”, რომლის ქცევის პროგნოზირებაც ძალიან რთულია. დიდი ალბათობით ვვარაუდობ, რომ ის მარტო არ მოქმედებს და დასალეთიდან მითითებას ელის. ალბათ სწორედ ამიტომ აქვს ჯერჯერობით პაუზა და არ აკეთებს განცხადებას, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გახდეს ცნობილი. ის ცდილობს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება საკუთარ დამსახურებად გაასაღოს. ბოლო დროს სწორედ ამას აკეთებს და კონსტიტუციის დარღვევაც ამით გაამართლა. ამიტომ მაინც ველი, რომ ის დაელოდება სტატუსის მოცემას და ამ შანს ხელიდან არ გაუშვებს. ალბათ ამის შემდეგ დაიწყებს პოლიტიკურ აქტიურობას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

“სტატუსს თუ მოგვცემენ, ალბათ მისიც და სხვა ოპოზიციის დღის წესრიგიც სრულად ჩავარდება. ის ხაზი, რომ “ოცნება” პრორსულია, ვეღარ გაიმართება. ხოლო თუ სტატუსი არ მოგვცეს, ალბათ რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად ფერხულში ჩაბმას აპირებს. თუმცა, აქაც დიდი შეცდომას დაუშვებს, რადგან ეს სიმბოლური სტატუსი ჩვენს მოსახლეობას უკვე საერთოდ აღარ ადარდებს... ზურაბიშვილის ვითომ რეიტინგი და პოლიტიკური ამბიციები ხელოვნურადაა გაბერილი. ეს არის ილუზია, რომელიც მაშინვე დაინგრევა, როგორც კი ის თანამდებობიდან გადადგება და აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას დაიწყებს. არც მას და არც გახარიას არანაირი რეიტინგი არ აქვთ. ზურაბიშვილი შექმნა „ოცნებამ“, მისმა მხარდამჭერებმა მოიყვანეს პრეზიდენტად. ამიტომ გინდა დეკემბერში გადადგეს, გინდა მის მერე. ალბათ, უფრო სჯობია ბილეთი აიღოს და საფრანგეთში დაბრუნდეს. მისთვის სხვა პერსპექტივას მე ვერ ვხედავ. ვინც ხედავს, მას პოლიტიკური ალღო საერთოდ არ ჰქონია. გახარიასაც ასე ეგონა და მერის არჩევნებში მხოლოდ მესამე ადგილი აიღო. ამიტომ მის გარშემო დაწყებული ეს ფუსფუსი ფუჭია”, - დასძენს გია აბაშიძე.

“ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილს საკმაოდ დიდი ამბიციები აქვს და რა თქმა უნდა, მას აქვს სურვილი, რომ ე.წ. მესამე ძალის ლიდერად ჩამოყალიბდეს. მისი აზრით, ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ სწორედ კანდიდატის სტატუსი კარგი საშულებაა, რომელსაც პოლიტიკურად გამოიყენებს.. რაც შეეხება პრეზიდენტისა და გიორგი გახარიასთან თანამშრომლობას, მისივე თქმით, ზურაბიშვილისა და გახარიას თანამშრომლობა ცოტა რთული იქნება, რადგან ორივეს საკმაოდ დიდი ამბიციები აქვთ. ამიტომ, როგორ შეძლებენ მორიგებას, მისთვის ცოტა ძნელი წარმოსადგენია, თუმცა შესაძლოა 5%-იანი ბარიერი გადალახონ, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლას ნაკლებად შეძლებენ. რადგან “ოცნებასაც” და “ნაციონალებსაც” სტაბილური ამომრჩეველი ჰყავთ და ზურაბიშვილი ვერ შეძლებს ამ პოლიტიკური ძალების ჩანაცვლებას”, - წერს სტატიის ავტორი.

“ქალბატონ პრეზიდენტს საკმაოდ დიდი ამბიციები აქვს და ეს მან არაერთხელ გვაჩვენა, დაწყებული მიხეილ სააკაშვილის დროს თანამდებობაზე ყოფნისას და ახლაც. ზურაბიშვილმა საკმაოდ კარგად აუღო ალღო დღეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და პირდაპირ ვიტყვი, მან დაიწყო პროდასავლელი ლიდერის თამაში. დასავლეთში აქვს კონტაქტები და იქ რაღაცეების დალაგებას ცდილობს. ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იგივეს აკეთებს, რაც რუსეთის ბაზების ქვეყნიდან გაყვანის შემთხვევაში ქნა - ვითომ მისი დამსახურებაა, რომ რუსული ბაზები ქვეყნიდან გავიდა. არადა ეს პროცესი ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს დაიწყო და სააკაშვილის დრომდე გაგრძელდა. ზურაბიშვილი საერთოდ საგარეო საქმეთა მინისტრი აღარც იყო, როცა ბაზები ქვეყნიდან გავიდა. ახლაც მსგავს რაღაცას აკეთებს. ვფიქრობ, თუ სტატუსი მოგვცეს, ის ამას საკუთარ დამსახურებად ჩაითვლის. იტყვის, რომ ყველაფერი გააკეთა, რათა სტატუსი მოეცათ და მისი დამსახურებაა. მეორეს მხრივ, თუ არ მოგვცეს, ამასაც თავის სასარგებლოდ გამოიყენებს და იტყვის, რომ ხელისუფლება ნამდვილად პრორუსულია და როგორც ამბობდა, ზუსტად ისე მოხდა ყველაფერი - ბევრი იწვალა, მაგრამ „ოცნებამ“ ეს პროცესი მაინც ჩაშალა. მე არ ველი, რომ ის გადადგება. ქალბატონი პრეზიდენტი ძალიან არასანდო ფიგურაა. მას არ აქვს სტაბილური ხასიათი, ამიტომ მის ნდობას არც გახარიას და არც დანარჩენ ოპოზიციას არ ვურჩევ”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“თუ რუსი საქართველოში იარაღს გაისვრის, ჩვენ მანდ ვიქნებით!” - უკრაინაში მებრძოლი რამაზ ჯანგიძე

“ჩვენ ვიბრძვით და ვკვდებით უკრაინის მიწაზე საქართველოსთვის~, - ამბობს უკრაინაში მებრძოლი 31 წლის რამაზ ჯანგიძე. ის ერთ-ერთი მათგანია, რომელიც რუსულმა სასამართლომ სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნო და პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. თანამებრძოლები მეტსახელად შრამას ეძახიან. 2010-2015 წლებში ქართულ არმიაში მსახურობდა, ნამყოფია ავღანეთის მისიაში. უკრაინაში ომის დაწყებამდე პოლონეთში ცხოვრობდა და მუშაობდა, სადაც ტომას შელბის სახელით და გვარით იცნობდნენ. ის ახლა უკრაინაში სპეცდანაყოფ “ალგეთს” ხელმძღვანელობს. ცოტა ხნის წინ მძიმედ დაიჭრა და ახლა რეაბილიტაციას გადის, მაგრამ შემართება ძველებური აქვს და ახალი ოპერაციებისთვის ემზადება. ის ჩვენთან საკუთარი თავის, თანამებრძოლებისა და რუსეთ-უკრაინის ფრონტზე დღეს არსებული ვითარების შესახებ საუბრობს”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით “თუ რუსი საქართველოში იარაღს გაისვრის, ჩვენ მანდ ვიქნებით!”

“ყველა ქართველის აქ ყოფნის მოტივი რუსეთის დამარცხებაა უკრაინის მიწაზე. პირველი 4 თვის განმავლობაში ისე ვიყავით საბრძოლო მოქმედებებში ჩართული, რომ კაპიკი არავისგან მიგვიღია. ზოგს ოჯახები უგზავნიდნენ საქართველოდან, ზოგსაც ევროპაში მუშაობის დროს დანაზოგით გაგვქონდა თავი. მეტსაც გეტყვით - ყოფილა შემთხვევები, დაჭრილები საავადმყოფოდან რომ გამოვსულვართ, რეაბილიტაციისთვის წასასვლელი ადგილი არ გვქონია. ალბათ, მეც ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდებოდი, რომ არა ბატონი მამუკა ბარქაია. ქართველი მებრძოლები მას ჯარისკაცების მამას ვეძახით. ჩვენი დიდი იმედია. თავდაცვის მინისტრის მრჩეველია და ძალიან დიდი გავლენა აქვს უკრაინაში. თავად აფხაზეთის ომის ვეტერანია, მისი ექვსივე ვაჟი კი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს. შინ მხოლოდ ერთი ქალიშვილი დარჩა და მასაც ბრძოლის ველისკენ მიუწევს გული. ნამდვილი მეომრების და მეომრებზე გულშემატკივარი ოჯახი. თუ მის ყურამდე მივა, რომელიმე ქართველს რაღაც უჭირს, მოძებნის, უპატრონებს, თან გადაჰყვება... ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე კოტეჯები მოაწყო ჩვენთვის - გვაჭმევს, გვასმევს, გვივლის... ქართველი მებრძოლების 80-90% მასთან მოდის რჩევის საკითხავად”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ ჯანგიძე.

“ომის დაწყებამდე პოლონეთში მშენებლობაზე ვმუშაობდი, მაგრამ ყველაფერს თავი დავანებე და 27 თებერვალს უკვე უკრაინაში ვიყავი. ლვოვში ჩამოვედი და “ქართულ ლეგიონში” მივედი. ლეგიონში ქართველებთან ერთად ამერიკელი და ბრიტანელი ინსტრუქტორებიც გვამზადებდნენ. ამ ყველაფერს მამუკა მამულაშვილი და ლევან ფიფია უძღვებოდნენ. მე ორკვირიანი გადამზადების შემდეგ უკრაინულ არმიასთან გავაფორმე კონტრაქტი. ცოტა ხანში მე და ჩემმა მეგობრებმა ქვედანაყოფი “შერეკილები” ჩამოვაყალიბეთ. არაერთი წარმატებული სპეციალური ოპერაცია ჩავატარეთ, მაგრამ ხალხიც ბევრი დაგვეჭრა და დროებით მთელმა დანაყოფმა შესვენება გადაწყვიტა - ზოგს მკურნალობა სჭირდებოდა, ზოგს რეაბილიტაცია და ა.შ. რაღაც დროის შემდეგ “შერეკილებმა” ისევ გააგრძელა ფუნქციონირება, მაგრამ ჩემი მეუღლის ჯანმრთელობის გამო ვეღარ გავყევი ­ სხვა მიმართულებაზე და დავრჩი. ცოტა მოგვიანებით ბატონი მამუკას დახმარებით გენშტაბისა და უშიშროების, ასევე ქართული სათვისტომოს ჩართულობით ახალი საბრძოლო ქვედანაყოფი ჩამოვაყალიბე. ჩვენი ფუნქციაა როგორც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, ასევე მებრძოლების მომზადება, ქალაქის დაცვა, ჰუმანიტარული დახმარება და ა.შ.”, - განაგრძობს სპეცდანაყოფ “ალგეთის” ხელმძღვანელი.

“ჩემი მეუღლე ხშირად არის ჩემ გვერდით, თუმცა ბრძოლის ველზე არ მიმყავს. უკრაინელი სომეხია, მაგრამ ძალიან უყვარს საქართველო. შესანიშნავი ადამიანია, გათავისებული აქვს, რომ შეიძლება ერთ დღეს დაურეკონ და უთხრან, რომ ცოცხალი აღარ ვარ. უკრაინაში რომ ვიბრძოდი, ჩემმა მშობლებმა მხოლოდ მაშინ გაიგეს, რომ დამჭრეს. არ მინდოდა ჩემს გამო ენერვიულათ და ყველაფერს ვუმალავდი, ამ დროს ჩემ გვერდით ჟანა იყო. საქართველოში აუცილებლად დავბრუნდებით.... ღმერთმა ქნას, ცუდი არაფერი მოხდეს -ძალიან ცუდი ამბები ხდება. გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი საქართველოში არეულობას გეგმავს, ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა დასავლეთს კი არა, სინამდვილეში რუსეთს უნდა. სამხედრო ბაზებიც ამიტომ განათავსეს ოჩამჩირეში. იმედია, აფხაზეთი და ცხინვალი მალე გათავისუფლდება რუსული მარწუხებისგან და საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდება. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს პრობლემა პოლიტიკოსებმა დიპლომატიური გზით მოაგვარონ, მაგრამ თუ ვერ მოხერხდება, ჩვენ მზად ვართ ამ მიზნისთვის ვიბრძოლოთ”, - ამბობს უკრაინაში მებრძოლი ქართველი.

“ქართველები ჩამოდიან არა მხოლოდ საქართველოდან, ევროპიდანაც ძალიან ბევრი ქართველი ჩამოდის. ყველა ხვდება, რომ რუსეთი საქართველოს ყველაზე ვერაგი მტერია. ბევრი ჩვენგანი აღშფოთებულია იმის გამო, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში ძალიან ბევრი რუსი შემოვიდა. უფრო ახალგაზრდების მასა შემოდის, რომლებსაც საჭირო მომენტში იარაღის გამოყენებაც შეუძლიათ. არ არის გამორიცხული, ამ ხალხის გამოგზავნა გარკვეულ მიზანს ემსახურებოდეს, მაგრამ რუსებმაც და რუსეთუმეებმაც იცოდნენ, რომ ჩვენც ვემზადებით ასეთი შემთხვევისთვის. თუ რუსი საქართველოში იარაღს გაისვრის, ჩვენ მანდ ვიქნებით. აქ ბევრი ქართული ქვედანაყოფი იქმნება და კიდევ ბევრი შეიქმნება. რაც მეტ ფრონტზე ვიქნებით ქართველები, მით უკეთესია საერთო საქმისთვის. ჩვენი უსაფრთხოებისთვისაც ასე ჯობს, ყველა ერთდროულად არ დავიხოცებით. ყველა ბატალიონის მეთაურს უნდა ჯგუფში ქართველი ჰყავდეს. უკრაინელები ძალიან გვემადლიერებიან, ამბობენ, რომ მათ დიდ მოტივაციას ვაძლევთ. ქართველები ყველაზე რთულ დავალებებს ვასრულებთ, ყველა მნიშვნელოვან ოპერაციაში ვმონაწილეობთ”, - განმარტავს რამაზ ჯანგიძე.

“როცა მძიმედ დამჭრეს, ჯერ კიდევ “შერეკილებში” ვიყავი, ქვედანაყოფს ავთო ქაჯაია ხელმძღვანელობდა, მე მოადგილე ვიყავი. მოწინააღმდეგის პოზიციებზე შევედით. რუსებთან ერთად აფხაზები და სირიელები დაგვხვდნენ. მე სნაიპერული შაშხანით მძიმედ დამჭრეს, მართლა სიკვდილს ჩავხედე თვალებში, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული ოპერაცია იყო - 28 კაცი 140-ის წინააღმდეგ ვიბრძოდით. ბიჭებმა რომ დაინახეს, დამჭრეს, სულ გაგიჟდნენ და ის დანაყოფი მთლიანად გაანადგურეს. ამ შეტაკებაში ლადო გამსახურდია და მიხეილ თევდორაძეც დაიჭრნენ... ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი უნდა გითხრათ - გახსოვთ დავით ქუჩუკიანი, ბახმუტთან რომ დაიღუპა? მისი მამა ახლა ჩვენ გვერდითაა და შვილის მაგივრად იბრძვის”, - დასძენს რამაზ ჯანგიძე და შეკითხვაზე - “ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ფრონტზე უპირატესობა რუსებს ჰქონდათ, ახლა რა ვითარებაა?” - პასუხობს:

“რაც ისრაელსა და ღაზას შორის ომი განახლდა, უკრაინის ფრონტის ამბები ძველებურად აღარ იყო ყურადღების ცენტრში, არადა, ბოლო პერიოდში ძალიან დაძაბული ბრძოლები იყო, რუსები ერთხანს მართლაც დაწინაურდნენ, მაგრამ უკრაინულმა არმიამ ისევ უკან დაახევინა, ახლა ისევ ჩვენ გვაქვს უპირატესობა. სამწუხაროდ, დანაკარგი მხოლოდ რუსებს არ აქვთ, ჩვენს შორისაც დიდი მსხვერპლია...”

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა