ვხედავთ, რომ სანქცირებული მოსამართლეები არიან თანამდებობაზე, სასამართლო სისტემაში და კვლავ არიან გავლენიანი პირები, - ამის შესახებ ორგანიზაცია „სასამართლო გუშაგის“ ხელმძღვანელმა, ნაზი ჯანეზაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
ჯანეზაშვილის შეფასებით, მოსამართლეების სანქცირებიდან ნახევარი წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან არანაირი ნაბიჯები არ გადადგმულა, იმისათვის, რომ გამოძიება დაწყებულიყო.
მისივე თქმით, მტკიცებულებების მოპოვებისა და გამოძიების დაწყების სანაცვლოდ, ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა სანქცირებულ მოსამართლეებს.
„დაახლოებით, ნახევარი წელი გავიდა, რაც მოსამართლეებთან დაკავშირებით სანქციების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. უკვე ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებითაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება. პრობლემა არის ის, რომ ამ ნახევარი წლის განმავლობაში, ხელისუფლების მხრიდან ვერ ვნახეთ ნაბიჯები, თუმცა არც მოლოდინი არსებობდა, მაგრამ შეიძლებოდა გამოძიება დაწყებულიყო. თაროზე შემოდებული საქმეები არ არის ახალი, ესეც არ გაუკეთებიათ. არანაირი ნაბიჯები არ გადადგმულა, უფრო მეტიც ვნახეთ, რომ პრემიერ-მინისტრი უზენაეს სასამართლოში მივიდა და მხარდაჭერა გამოუცხადა. რეალურად, მან მხარდაჭერა გამოუცხადა იმ ადამიანებს, რომლებიც სანქცირებულები არიან.
ასე მოიქცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც, ის გამოვიდა და ისეთი განცხადებები გააკეთა, რასაც სხვები ამბობდნენ, რომ მათ დამატებითი მტკიცებულებები სჭირდებოდათ და ა.შ..
რეალურად ამ სიტუაციაში და გამოძიება უნდა ჩატარებულიყო. თუ მტკიცებულებს ითხოვენ, ამას ხელისუფლების მხრიდან და შესაბამისი უწყებებისგან უნდა ითხოვდნენ. ამ პერიოდის განმავლობაში ვხედავდით, რომ სისტემა ხელს აფარებს და ყველაზე მთავარი არის ის თუ როდის ხდება. ეს ხდება, სწორედ იმ ეტაპზე, როდესაც საქართველოს განსახორციელებელი აქვს მთელი რიგი რეფორმები და ჩვენ ვხედავთ, რომ სანქცირებული მოსამართლეები არიან თანამდებობაზე, სასამართლო სისტემაში და კვლავ გავლენიანი პირები არიან“,- განაცხადა ჯანეზაშვილმა.
ამასთან, მან გადაცემაში აღნიშნა, რომ როდესაც კორუფციასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვები და ბრალდებები, ასეთ დროს გამოძიება უნდა ტარდებოდეს.
მისივე განმარტებით, სისტემაში კორუფციულ დარღვევაზე მიუთითებს ის, რომ სასამართლოში ხელფასი სტანდარტიზებულია და თანამდებობის მიხედვით არის განაწილებული.
„ყველაზე მთავარი ნიშანი იმისა, რომ სისტემაში რაღაც წესრიგში არ არის, სწორედ კორუფციულ საკითხთან მიმართებაში არის ის, რომ მოსამართლეების ხელფასი არის სტანდარტიზებული. მურუსიძეს ან ჩინჩალაძეს უფრო მეტი ხელფასი არ აქვთ, ვიდრე ანალოგიური თანამდებობის მქონე სხვა პირებს: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ხელფასი და ჩინჩალაძის შრომის ანაზღაურება არის იდენტური, ვინაიდან ორივე არის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე. ხელფასი სტანდარტიზებულია და თანამდებობის მიხედვით არის განაწილებული“,- განაცხადა ჯანეზაშვილმა.