დევიდ კრამერი - საქართველო ახლა ძალიან სერიოზულ ეტაპზეა, როცა ცდილობს გააღრმაოს ევროკავშირთან ურთიერთობა, ყოველ შემთხვევაში, ქართველი ხალხია ამ ეტაპზე -  არ ვარ დარწმუნებული, არის თუ არა საქართველოს მთავრობა

ეს [პრეზიდენტის იმპიჩმენტის] პროცესი საქართველოსთვის კარგად ნამდვილად არ გამოიყურებოდა და კარგია, რომ საბოლოოდ ეს ძალისხმევა ჩავარდა, - აცხადებს ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორი დევიდ კრამერი “ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბარში.

მისი აზრით, განსაკუთრებით საყურადღებო ის მიზეზი იყო, რის საფუძველზეც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.

„პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროპაში მოგზაურობით ცდილობდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის სასარგებლო არგუმენტები გაეჟღერებინა მაშინ, როცა საქართველოს მთავრობისგან წასვლის უფლება არ ჰქონდა. მაგრამ, ეს წარმოშობს კითხვას: კი მაგრამ, რატომ არ უნდა მიეცა მთავრობას ქვეყნის პრეზიდენტისთვის უფლება, რომ წასულიყო საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების მხარდამჭერად?! შემდეგ კი, ამის გამო მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის წამოწყება, გულწრფელად გითხრათ, სასაცილოდ გამოიყურებოდა“, - აცხადებს კრამერი.

კრამერის თქმით, მსგავსი ნაბიჯების გადადგმა თითქმის ისე გამოიყურება, როგორც კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ძირის გამოთხრა.

„საქართველო ახლა ძალიან სერიოზულ ეტაპზეა, როცა ის ცდილობს გააღრმაოს ევროკავშირთან ურთიერთობა. ყოველ შემთხვვევაში, ქართველი ხალხი არის ამ ეტაპზე. არ ვარ დარწმუნებული, არის თუ არა საქართველოს მთავრობა. ასე რომ, მსგავსი ნაბიჯების გადადგმა ლამის ისე გამოიყურება, როგორც კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ძირის გამოთხრა“, - დასძენს დევიდ კრამერი.

ამასთან, მისი თქმით, სჯერა, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიიღოს.

„მგონია, რომ ევროკავშირმა საქართველოს, როგორც ქვეყანას, როგორც ხალხს, კანდიდატის სტატუსი უნდა შესთავაზოს, მაგრამ მკაფიოდ უნდა თქვას, რომ ეს არის ლამის საქართველოს მთავრობის ძალისხმევის მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილება“, - განმარტავს კრამერი.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი