„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ზემო მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის ტაძრის ირგვლივ გავრცელებული ინფორმაცია არის შეგნებულად გაკეთებული პროვოკაცია.
როგორც მან პარლამენტში, პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია და ე.წ. საზღვარი, რომელიც ზემო მლეთაში, ლომისის ეკლესიის ეზოში გადის, 2007 წელს, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შექმნა.
ამასთან, მან მღვდელმსახურებს და ბერებს მადლობა გადაუხადა.
„რამდენიმე დღის წინ ხელოვნურად, პროვოკაციულად იქნა აქტუალიზირებული ზემო მლეთას ლომისის წმინდა გიორგის ტაძრის გარშემო შექმნილი ვითარება. მოკლედ, რომ აღვწეროთ ისტორია, ასეთია - ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გავიდა პროვოკაციული სიუჟეტი, რომ ავიდნენ რუსი სამხედროები, საოკუპაციო ზოლის წარმომადგენლები, მოხდება ამ ეკლესიის ოკუპანტების ხელში გადასვლა და ა.შ. ამ დროს კი ნაჩვენები იყო სულ სხვაგან, სხვა ადგილზე, აგრეთვე საოკუპაციო ზოლთან მიმდებარედ, ეს ოღონდ უკვე გორის მუნიციპალიტეტია, ერთ-ერთი ქართული ტაძრის აჭედილი კარები, რომელიც საოკუპაციო ძალებმა აჭედეს. აქ აღსანიშნია, რომ 2007 წელს, მაშინდელმა პრეზიდენტმა შექმნა სწორედ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია და ეს ადმინისტრაციული საზღვარიც მაშინ იქნა დადგენილი. ის გადის სწორედ ზემო მლეთის იმ ლომისის ეკლესიის ეზოში. აღსანიშნავია ისიც, რომ 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ, უკვე პერიოდულად, მუდმივად, ყოველკვირეულად რუსი ოკუპანტები პატრულირებენ. ეს ისტორია და ვითარება ახალი არ იყო, კარგად ცნობილი იყო ყველასთვის და რა თქმა უნდა, ამის შესახებ იცოდა იმ ადამიანმაც, ქაცარავამაც, რომელიც როგორც ყოველთვის ამ სასაზღვრო ზოლთან მიმართებით ერთგვარი პროვოკაციული ნიუსების გავრცელებით არის დაკავებული. რა საშიშროება იმალება და იფარება ამის უკან - პირველ რიგში, ის, რომ ესეთი პროვოცირება შეიძლება გადაიზარდოს საოკუპაციო ძალებსა და მოსახლეობას შორის შეტაკებაში, რაც მძიმე შედეგებით შეიძლება გაგრძელდეს და ამან შეიძლება გამოიწვიოს მთელი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ვითარების ესკალაცია. სადამდე მიგვიყვანს ამ ვითარების ესკალაცია, რა თქმა უნდა, ამაზე ამ პროვოკაციის განმახორციელებელი და ჩამაფიქრებელი შეიძლება არ ფიქრობს ან ვინც ამას ავალებს, მან კარგად იცის სადამდე შეიძლება ეს ვითარება მივიდეს. ამავდროულად, აღსანიშნავია, ისიც რომ საოკუპაციო ხაზი გადის საქართველოს სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ყველა ლოჯისტიკურ კვანძზე. ნებისმიერი პროვოკაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას სწორედ საქართველოსთვის ამ უაღრესად გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი საკვანძო ლოჯისტიკური გზების გადაკეტვისთვის, შეფერხებისთვის, რაც საქართველოს სტაბილურობას, ეკონომიკურ განვითარებას და ზოგადად, მათ შორის საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით იქნება ძალიან მძიმე. ასეთ გამოხტომებს, ყოველთვის სჭირდება შესაბამისი შეფასება, პასუხის გაცემა და კვალიფიკაციის მიცემა, რომ ეს არის შეგნებულად გაკეთებული პროვოკაცია. პატრიოტიზმი აქ არის გამოყენებული მხოლოდ და მხოლოდ ნიღბად, იმისთვის, რომ პატრიოტულ გრძნობებზე თამაშით მოახდინონ სიტუაციის პროვოცირება.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ ქართველ გმირ მღვდელმსახურებს და ბერებს, ვინც როგორც ადმინისტრაციული საოკუპაციო ხახის გასწვრივ იცავენ საქართველოს სულიერ და ფიზიკურ საზღვრებს, ასევე, ზოგადად, საქართველოს ისტორიულ საზღვრებს“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, „ანტისაოკუპაციო მოძრაობის" დამფუძნებელმა, დავით ქაცარავამ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა, სადაც წერდა, რომ „ლომისას წმინდა გიორგის ტაძარი ფაქტობრივი ოკუპაციის ქვეშ არის“.
„ლომისას წმინდა გიორგის ტაძარი იმ ახალი საოკუპაციო გეგმის ნაწილია, რომელზეც ჩვენ 2 წელიწადია ვსაუბრობთ. „ქოცხელისუფლება“ კი აგრძელებს "პრაგმატული პოლიტიკის" გატარებას. ჰა, ქართველობას ვინ გვართმევს ახლა?“ - წერდა ქაცარავა.