ჰამასის მიერ ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ დაწყებულ ომზე, ღაზას სექტორში ისრაელის სახმელეთო ოპერაციაზე, იმაზე, 7 ოქტომბრის შემდეგ რა ვითარებაა ერთის მხრივ ახლო აღმოსავლეთში, მეორეს მხრივ მსოფლიოში, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები როგორ აისახება სამხრეთ კავკასიაზე, რატომ მოითხოვს კრემლი საქართველოსგან 3+3-ის ფორმატში მონაწილეობას, „ინტერპრესნიუსი“ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, ემილ ავდალიანს ესაუბრა.
- ბატონო ემილ, ახლო აღმოსავლეთში სიმშვიდე მთელი მე-20 საუკუნის მანძილზე არ ყოფილა, მაგრამ, ახლა რაც ხდება, უპირველესად მასშტაბებს ვგულისხმობ, კარგა ხანია არ ყოფილა. შეიძლება ითქვას, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ ახლო აღმოსავლეთი, მუსლიმანური სამყარო და არა მარტო ისინი, სხვადასხვა ჯურის მემარცხენეები და რადიკალი მემარჯვენეებიც კი, რომლებიც კრემლთან მეგობრობაში არიან ეჭვმიტანილი, ერთიანი ფრონტით გამოდიან ისრაელის წინააღმდეგ.
ფაქტია, ისრაელს რომ არ ჰქონოდა „რკინის“ გუმბათი, შესაძლოა, ახლა მთელი ქვეყანა ნამსხვრევებში იქნებოდა. სხვადასხვა მონაცემებით ჰამასმა ისრაელის წინააღმდეგ 30 ათასზე მეტი რაკეტა გაუშვა. სახმელეთო ოპერაცია ისრაელს დაწყებული აქვს, მაგრამ ცხადია, რომ ჰამასთან ბრძოლაში უდანაშაულო ადამიანებიც იღუპებიან.
ჰეზბოლა, რომელიც ჰამასზე ბევრად მრავალრიცხოვანი დაჯგუფებაა, ისრაელის წინააღმდეგ დროდადრო კი ისვრის ბომბებს, მაგრამ, ჯერ რომ ჰამასი სრულად არ ჩართულა ომში, ფაქტია.
როგორ შეაფასებდით 7 ოქტომბრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს და იმას, რაც ახლა მას შემდეგ ხდება, რაც ისრაელმა სახმელეთო ოპერაცია დაიწყო ჰამასის წინააღმდეგ?
- რთულია პროგნოზების გაკეთება იმაზე, თუ რამდენად გაფართოვდება აღნიშნული ომი, ჩაერთვება მასში ჰეზბოლა, ირანი ან სხვა აქტორები. თუმცა ერთი რამ ნათელია. მახლობელ აღმოსავლეთში ძალთა გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს. ეს კარგად ესადაგება გლობალურ პროცესებსაც, სადაც ახალი ძალთა ბალანსი ყალიბდება.
მახლობელ აღმოსავლეთში ძალთა გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს. ეს კარგად ესადაგება გლობალურ პროცესებსაც, სადაც ახალი ძალთა ბალანსი ყალიბდება
ამიტომაც, ჰამასის მიერ ისრაელზე განხორციელებული შეტევა შემთხვევითი არ შეიძლება ყოფილიყო. მართლაც, ის დაემთხვა ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის მიმდინარე საიდუმლო მოლაპარაკებებს, რომლითაც მოსალოდნელი იყო ერ-რიადის მიერ თელ-ავივთან ურთიერთობების ნორმალიზაცია. ამ პროცესის უკან ამერიკელები იდგნენ, რომლებიც, თავის მხრივ, საუდის არაბეთთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს სამეფოსთვის უსაფრთხოების გარანტიებისა და შესაძლო ბირთვული ტექნოლოგიების გადაცემასთან დაკავშირებით.
საუდის არაბეთი ისრაელისგან პალესტინელებისადმი დათმობებზე წასვლას მოითხოვდა, თუმცა, დროთა განმავლობაში, არაბულ სამყაროში და განსაკუთრებით პალესტინელებში გაჩნდა შიში, რომ საუდის არაბეთმა, შესაძლოა, მათი საკითხი მეორეხარისხოვნად ჩათვალოს.
ზუსტად ამიტომაც, სავსებით ლეგიტიმური იქნება იმის თქმა, რომ ჰამასის შეტევა ისრაელზე ინსპირირებული იყო სურვილით შეჩერებულიყო ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ნორმალიზაციის პროცესი.
ჰამასის შეტევა ისრაელზე ინსპირირებული იყო სურვილით შეჩერებულიყო ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ნორმალიზაციის პროცესი
- მაშინ როცა ცივილიზებული სამყაროს უდიდესი ნაწილი ამ ომში მხარს ისრაელს უჭერს, როგორც მოსალოდნელი იყო მუსლიმანური სამყაროს ლიდერები აკეთებენ პალესტინის მხარდამჭერ განცხადებებს.
არადა, ისრაელს ისეთი სიმწვავის პრობლემები, როგორც წინა წლებში, პალესტინასთან აღარ ჰქონდა. ბევრი იმასაც ამბობს, რომ ჰეზბოლამ ისრაელზე თავდასხმით პრაქტიკულად ჩაშალა ისრაელ-საუდის არაბეთის მოლაპარაკებები და ამ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება.
ჰეზბოლას ლიდერების მოსკოვში ვიზიტი ცალსახად იმაზე მიანიშნებს, რომ ტერორისტული ორგანიზაცია კრემლის მხარდაჭერით სარგებლობს. შეიძლება ითქვას, რომ არაბულ და სხვა მუსლიმანურ ქვეყნებზე მეტად ებრაელების მიმართ აგრესიას რუსეთის მუსლიმური საზოგადოებები ავლენენ. როგორც ამბობენ, სამწუხაროდ, მაჰაჩყალის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, ასევე ყარაჩაი-ჩერქეზეთის დედაქალაქ ჩერქესკში გამართული აქცია რესპუბლიკიდან ებრაელების გასახლების შესახებ, აშკარად ცუდი პრეცედენტი იყო.
სტამბოლში გამართულ მიტინგზე პრეზიდენტ ერდოღანს სიტყვაც რომ შემთხვევით არ წარმოუთქვამს, ეგეც ცხადია. თუმცა, მგზნებარე სიტყვას ანკარის კონკრეტული ნაბიჯები მოჰყოლია.
რა გავლენა იქონია 7 ოქტომბრის შემდეგ განვითარებულმა პროცესებმა ახლო აღმოსავლეთზე და საერთოდ მსოფლიო პოლიტიკაზე?
- პირველი ალბათ ისაა, რომ ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესმა უკანა პლანზე გადაიწია. მეორე, ღაზას სექტორში ისრაელის სახმელეთო კამპანიით დაკნინდა „აბრაამის შეთანხმება“ - ისრაელსა და არაბულ სამყაროს შორის ისევ მრავალი კითხვა და დაბრკოლება შეიქმნება.
ღაზას სექტორში ისრაელის სახმელეთო კამპანიით დაკნინდა „აბრაამის შეთანხმება“ - ისრაელსა და არაბულ სამყაროს შორის ისევ მრავალი კითხვა და დაბრკოლება შეიქმნება
ისრაელის სამხედრო კამპანიას პირდაპირი გავლენა აქვს მსოფლიო პოლიტიკაზეც. რუსეთი, რომელიც უკრაინაში თავისი ომით არის დაკავებული, დიდად დაინტერესებულია სხვა ცხელი წერტილების წარმოქმნით. აშშ-ის და ევროკავშირის ყურადღების გადატანა სხვაგან იქნება ყველაზე დიდი საჩუქარი მოსკოვისთვის. რუსი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რაც უფრო მეტი კონფლიქტი იქნება ევრაზიაში, მით უფრო მეტად გაუჭირდება კოლექტიურ დასავლეთს უკრაინას დაუჭიროს მხარი.
რუსი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რაც უფრო მეტი კონფლიქტი იქნება ევრაზიაში, მით უფრო მეტად გაუჭირდება კოლექტიურ დასავლეთს უკრაინას დაუჭიროს მხარი
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ ისრაელის სამხედრო კამპანიით და მახლობელ აღმოსავლეთში შექმნილი გეოპოლიტიკური დაყოფებით მარტივად ისარგებლებს ჩინეთი და რუსეთი. მოსკოვისა და პეკინის მიერ აშკარად პრო-პალესტინური პოზიციის დაკავებით პრაქტიკულად ხდება მახლობელ აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური ხაზების გავლა. ერთ მხარეს ისრაელია აშშ-თან ერთად, ხოლო მეორე მხარეს კი ქვეყნების ბევრად მრავალრიცხოვანი რაოდენობა.
მოსკოვისა და პეკინის მიერ აშკარად პრო-პალესტინური პოზიციის დაკავებით პრაქტიკულად ხდება მახლობელ აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური ხაზების გავლა. ერთ მხარეს ისრაელია აშშ-თან ერთად, ხოლო მეორე მხარეს კი ქვეყნების ბევრად მრავალრიცხოვანი რაოდენობა
- ისრაელის სახელმწიფოს წარმომადგენლები - პრემიერი, მთავრობის სხვა წევრები, სამხედრო ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ მათ ჰამასმა უკან დასახევი გზა არ დაუტოვა. ამიტომ იბრძოლებენ მანამდე, ვიდრე ტერორისტებს არ გაანადგურებენ და მძევლებს არ გაათავისუფლებენ.
სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ ყოველდღე მატულობს დაღუპულთა რიცხვი ორივე მხრიდან. თავიდან იყო მოლოდინი, რომ სახმელეთო ოპერაცია 2-3 კვირაში დასრულდებოდა, მაგრამ ახლა დამკვირვებელთა უმეტესობა აცხადებს, რომ ისრაელის ბრძოლა ჰამასის წინააღმდეგ 4-5 თვეს გაგრძელდება.
საბედნიეროდ, ირანთან დაკავშირებული ჰესბოლა ჯერჯერობით აქტიურ მოქმედებებზე არ გადასულა. თუ ირანს უნდა რომ ომი გაგრძელდეს, არაა გამორიცხული ჰესბოლა ომის მეორე თუ მესამე ეტაპზე ჩაერთოს ბრძოლაში. მაგრამ, ჯერ ის ვიცით, რომ ისრაელის ტანკები ღაზას სექტორში შევიდნენ.
ახლა რა ჩანს, სავარაუდოდ, რამდენ ხანს გასტანს ისრაელის სახმელეთო ოპერაცია? მისი სავარაუდო შედეგის კონტურები როგორი შეიძლება იყოს და საბოლოოდ ჩაერთვება თუ არა ირანზე დამოკიდებული ჰეზბოლა სრულფასოვნად ომში ისრაელის წინააღმდეგ?
- რთულია ამის დაზუსტებით თქმა. ისრაელი პატარა ქვეყანაა და ასობით ათასი ჯარისკაცის გაწვევა ხანგრძლივი პერიოდით არ იქნება მარტივი საქმე. თუმცა ის სამხედრო მიზანი, რომელიც ისრაელს გააჩნია - ჰამასის სრული განადგურება - მნიშვნელოვან დროს მოითხოვს. ამას უნდა დაემატოს ისიც, რომ ჰამასს, ჰეზბოლას და მათ უკან მდგომ ირანს შეუძლიათ ხანგრძლივი ომის წარმოება. ეს კი გამოიწვევს სხვა აქტორების მეტად ჩართვას. მათ შორის ირანია და ეს ყველაფერი ქმნის არასტაბილურ ვითარებას მთელ მახლობელ აღმოსავლეთში.
ჰამასს, ჰესბოლას და მათ უკან მდგომ ირანს შეუძლიათ ხანგრძლივი ომის წარმოება. ეს კი გამოიწვევს სხვა აქტორების მეტად ჩართვას. მათ შორის ირანია და ეს ყველაფერი ქმნის არასტაბილურ ვითარებას მთელ მახლობელ აღმოსავლეთში
როგორც აღვნიშნე, მახლობელ აღმოსავლეთში დანაწევრებები განსხვავებულ გეოპოლიტიკურ ბანაკებში მეტად მკაფიო გახდება.
აღნიშნული ომიდან დიდი ძალები უფრო მომგებიან ვითარებაში აღმოჩნდებიან. ამერიკისთვის, პირველ რიგში, ისრაელი უფრო მეტად პრო-ამერიკული გახდება, რადგან რუსეთმა და ჩინეთმა პრო-პალესტინუირ პოზიციები დაიკავეს. მართლაც, ომის დაწყებამდე ისრაელი ცდილობდა ჩინეთთან ახლო ურთიერთობების აგებას, რაც ვაშინგტონში დიდ უკმაყოფილებას იწვევდა.
მოსკოვისთვის და პეკინისთვის კი მნიშვნელოვანია არაბულ სამყაროსთან სოლიდარობა, რადგან ეს მეტ წნეხს შეუქმნის კოლექტიურ დასავლეთს. მეტიც, პრო-პალესტინური პოზიცია არაბული სამყაროს მხარდაჭერას ნიშნავს, რაც რუსეთის და ჩინეთის საერთო გეოპოლიტიკურ ხედვას, ე. წ. გლობალური სამხრეთის გადმობირებას ემსახურება.
მოსკოვისთვის და პეკინისთვის კი მნიშვნელოვანია არაბულ სამყაროსთან სოლიდარობა, რადგან ეს მეტ წნეხს შეუქმნის კოლექტიურ დასავლეთს. მეტიც, პრო-პალესტინური პოზიცია არაბული სამყაროს მხარდაჭერას ნიშნავს, რაც რუსეთის და ჩინეთის საერთო გეოპოლიტიკურ ხედვას, ე. წ. გლობალური სამხრეთის გადმობირებას ემსახურება
- როგორ დაახასიათებდით ყარაბაღის ომის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას? ვხედავთ, რომ ამ ომის შემდეგ პრეზიდენტი ფაშინიანი დასავლეთის მიმართულებით მოძრაობს, თუმცა რუსეთმა შეახსენა ერევანს, რომ გიუმრიში რუსული ბაზა 2044 წლამდე უნდა დარჩეს. პრობლემად რჩება ზანგეზურის კორიდორის საკითხიც. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით ვაშინგტონი და პეკინი შეთანხმებული არიან, ან ეს პროცესი ახლა მიმდინარეობს?
მხედველობაში მაქვს ის, რომ აშშ-სა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ უკვე დაანონსდა აშშ-ს პრეზიდენტ ბაიდენისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი-ის შეხვედრა ფლორიდაში.
- მთიანი ყარაბაღის დაცემის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში ნამდვილად ახალი რეალობა იქმნება. მრავალი კითხვა ჩნდება რუსეთის, ირანის და კოლექტიური დასავლეთის გავლენასთან დაკავშირებით. ნათელია, რომ რუსეთი აღარაა ერთპიროვნული ლიდერი, არამედ ის სამხრეთ კავკასიაში სულ უფრო მეტად მხოლოდ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძალად მოიაზრება.
ირანი, თურქეთი, ან თუნდაც დასავლეთი და ჩინეთი - ამ ძალებს დღეს ბევრად მეტი შესაძლებლობა აქვთ რეგიონის პროცესებზე მოახდინონ გავლენა, ვიდრე ეს 1990-იან, ან თუნდაც 2020 წლის მთიანი ყარაბაღის მეორე ომამდე იყო.
მთიანი ყარაბაღის დაცემით რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობები დახასიათებული იქნება დაძაბულობით და უნდობლობით. ორმხრივ ურთიერთობებში ეს კრიზისი უფრო ხანგრძლივ პროცესად შეგვიძლია მივიჩნიოთ. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სომხეთმა ქვეყნიდან რუსული ჯარების გაყვანა მოისურვოს, თუმცა ერევანი შეეცდება თავისი საგარეო ურთიერთობების და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების დივერსიფიცირებას.
სხვა სიტყვებით, სომხეთი შეეცდება ათწლეულების განმავლობაში რუსეთზე არსებული ფიქსაცია მოარღვიოს და უფრო მეტად გაიხედოს ირანისკენ, ჩინეთისკენ, ევროკავშირისკენ, ან თუნდაც თურქეთისკენ.
სომხეთი შეეცდება ათწლეულების განმავლობაში რუსეთზე არსებული ფიქსაცია მოარღვიოს და უფრო მეტად გაიხედოს ირანისკენ, ჩინეთისკენ, ევროკავშირისკენ, ან თუნდაც თურქეთისკენ
ირანისთვის აზერბაიჯანის გამარჯვება მოსალოდნელი იყო, თუმცა თეირანმა ყველაფერი გააკეთა, რათა ბაქოსთვის თავისი „წითელი ხაზები“ დაეწესებინა. ისლამური რესპუბლიკა არ იყო დაინტერესებული ე. წ. ზანგეზურის დერეფნის გაყვანით, რაც მას ტრანზიტის როლს დააკარგვინებდა. მოგეხსენებათ, რომ 1990-იანი წლებიდან აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორიიდან ნახიჩევანამდე მისასვლელად აქტიურად გამოიყენებოდა ირანის ჩრდილოეთ ტერიტორია. აზერბაიჯანს ამის შეცვლა სურდა, რასაც ირანი ეწინააღმდეგებოდა.
ვფიქრობ, თეირანმა სამხედრო შეკავების, ხშირი სამხედრო წვრთნები, და აქტიური დიპლომატიით, რუსეთთან, თურქეთთან და სომხეთთან, მოახერხა თავისი მიზნის მიღწევა.
ჩვენთან და დასავლეთში ნაკლები ყურადღება მიაქციეს ერთ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომელიც 6 ოქტომბერს ირანსა და აზერბაიჯანს შორის დაიდო. ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ახალ საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურას ააგებდნენ, რითაც ირანმა, ფაქტობრივად, მიიღო გარანტიები რომ აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ახალი სავაჭრო გზა არა სომხეთით, არამედ ირანის ტერიტორიით გაივლიდა.
6 ოქტომბერს ირანსა და აზერბაიჯანს შორის დაიდო. ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ახალ საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურას ააგებდნენ, რითაც ირანმა, ფაქტობრივად, მიიღო გარანტიები რომ აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ახალი სავაჭრო გზა არა სომხეთით, არამედ ირანის ტერიტორიით გაივლიდა
ანკარისთვის ბაქოს გამარჯვება ოპტიმალურ სცენარს წარმოადგენს, რადგან ეს თურქეთს რეგიონში გავლენების ზრდას შეუწყობს ხელს. ამით თურქეთისთვის ერთგვარი დერეფანი იკვრება ცენტრალურ აზიამდე, სადაც ანკარას ტრადიციულად დიდ ამბიციები გააჩნდა.
თქვენ კითხვაში ასევე ახსენეთ ჩინეთი და აქ არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ პეკინისთვის სამხრეთ კავკასია მაინც ჯერ კიდევ რუსული გავლენის სფეროს წარმოადგენს. სხვა სიტყვებით, ჩინეთი არ შეეცდება ისეთი ნაბიჯის გადადგმას, რომელიც რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევს. საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი მნიშვნელოვანია, თუმცა, სხვა მხრივ ჯერ კიდევ არ ჩანს ჩინეთის მიერ სამხრეთ კავკასიისადმი განსაკუთრებული დაინტერესება. თითქოს პეკინი ლოდინის და დაკვირვების რეჟიმშია.
- რატომ მოითხოვს კრემლი საქართველოსგან 3+3-ის ფორმატში მონაწილეობას?
- რუსეთისთვის 3+3-ის ფორმატი არაა სრულად კომფორტული ინიციატივა. ასე ვთქვათ, მოსკოვისთვის მასში მონაწილეობა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგების მომტანია. აშკარაა, რომ 3+3-ის ინიციატივა რუსეთს თურქეთთან და ირანთან ერთ სიბრტყეზე აყენებს. ტრადიციულად რუსეთი მიიჩნევდა, რომ ის არის პირველი ძალა სამხრეთ კავკასიაში. 3+3-ის ინიციატივით კი ხდება მოსკოვის, თეირანისა და ანკარას ერთგვარი გათანაბრება.
თუმცა რუსეთისთვის დადებითი მხარეებიც არსებობს. 3 +3 ინიციატივით ხდება ის რისკენაც მოსკოვი უკვე დიდი ხანია მიილტვის - სამხრეთ კავკასიიდან არა რეგიონული ძალების გარიყვა. ამ მიზნის მისაღწევად რუსეთის თანამშრომლობა თურქეთთან და ირანთან საკმაოდ მომგებიანია, რადგან ამ ორ ძალასაც სურს რეგიონში შემცირდეს სხვა ქვეყნების გავლენა.
3 +3 ინიციატივით ხდება ის რისკენაც მოსკოვი უკვე დიდი ხანია მიილტვის - სამხრეთ კავკასიიდან არა რეგიონული ძალების გარიყვა. ამ მიზნის მისაღწევად რუსეთის თანამშრომლობა თურქეთთან და ირანთან საკმაოდ მომგებიანია, რადგან ამ ორ ძალასაც სურს რეგიონში შემცირდეს სხვა ქვეყნების გავლენა
ამიტომაც, საქართველოსთვის ამ ინიციატივაში მონაწილეობის მიღება, რბილად რომ ვთქვათ, არ უნდა წარმოადგენდეს საგარეო პოლიტიკურ მიზანს.
ოპტიმალური საგარეო პოლიტიკური კურსი იქნება ისეთი პოზიციის დაჭერა, რომლითაც ჩვენ გარეშე 3+3-ის ინიციატივა ვერ იმუშავებს და სამეზობლოში დიდი ქვეყნები დაინტერესებულები იქნებიან საქართველოს ინტერესების გათვალისწინებას
არაა ნათელი თუ რა მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური თუ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება შეუძლია 3+3-ის ფორმატს. ასევე პრობლემურია სუვერენიტეტზე საუბარი იმ შეკრებაზე, სადაც რუსეთია და მისი ჯარები და ქმედებები საქართველოს ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ მოიხსენიება.
ამიტომაც, ოპტიმალური საგარეო პოლიტიკური კურსი იქნება ისეთი პოზიციის დაჭერა, რომლითაც ჩვენ გარეშე 3+3-ის ინიციატივა ვერ იმუშავებს და სამეზობლოში დიდი ქვეყნები დაინტერესებულები იქნებიან საქართველოს ინტერესების გათვალისწინებას.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი