„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დმანისის ყოფილი მერის, გიორგი ტატუაშვილის მიმართ გასროლის ფაქტს ეხმაურება.
როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ხაბეიშვილი წერს, ტატუაშვილის ფიზიკური ლიკვიდაცია ჰქონდათ განზრახული.
„დმანისის ყოფილ მერს, ოპოზიციონერ გიორგი ტატუაშვილს, რუსული პარტიის ბანდ-ფორმირება თავს დაესხა და მისი ფიზიკური ლიკვიდაცია განიზრახა. ოკმელაშვილი და მენაბდიშვილი არიან ამ კრიმინალური დაჯგუფების "ბოსები", რომლებიც 2020 წელსა და 2021 წელს, იგივე კრიმინალური მოქმედებებით აკეთებდნენ რუსული პარტიის საქმეს.
ეს ბანდ-ფორმირება, როგორც ჩანს, მოქმედებას იწყებს 2024 წლისთვის და ახმოვანებს რუსული პარტიის მთავარ მესიჯს - დაგსჯით ყველას, ვინც განსხვავებულად ფიქრობთ და არ ეგუებით რუსულ, მოღალატეობრივ პოლიტიკას.
ქვემო ქართლში, გუშინ, თავს დაესხნენ ჩვენ საკრებულოს წევრს და დღეს, ქვემო ქართლში ცეცხლი გაუხსნეს ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს. ქმნიან ნიუსებს, ამბავს ადამიანების სიცოცხლის ფასად და აფრთხილებენ დანარჩენ საქართველოს. „რუსული ოცნება“ უნდა დავასრულოთ ყველამ ერთად და გავისტუმროთ პოლიტიკურ სანაგვეზე. მზად ვართ ვიყოთ ამ ბრძოლის წინა ხაზზე და ვიღებთ, მივიღებთ პირველ დარტყმებს.
ქართველ ხალხს ვერ შეაშინებთ, ვერც გააჩუმებთ და ვერც დაიმონებთ. ბრძოლა უნდა იყოს და იქნება უკომპრომისო და ამ ბრძოლაში, ყველანაირი "მაგრამ", “თუ" და ასეთები არის რუსი ივანიშვილისთვის შესაძლებლობა. მოვიკრიბოთ ყველამ ძალები და ვიბრძოლოთ. ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის”, -წერს ხაბეიშვილი.