თინა ბოკუჩავა ნიკა მელიას განცხადებაზე - პრივილეგია რაში მდგომარეობს? ლანძღვა-გინების მოსმენა და მუშტი-კრივის ატანაში, რასაც ვისმენთ პარლამენტში „რუსული ოცნების“ მოძალადე, უხამსი ე.წ. კრიტიკოსებისა და სინამდვილეში, ივანიშვილის მარიონეტების მხრიდან?

პრივილეგია რაში მდგომარეობს? ლანძღვა-გინების მოსმენა და მუშტი-კრივის ატანაში, რასაც ჩვენ ვისმენთ პარლამენტში „რუსული ოცნების“ მოძალადე, უხამსი, ამორალური ე.წ. კრიტიკოსებისა და სინამდვილეში, ბიძინა ივანიშვილის მარიონეტების მხრიდან? ამაზე საუბარი უკიდურესად უადგილოა პერსონალურ ჭრილში,- ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტიის ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას კრიტიკას და მოწოდებას იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მანდატები უნდა დატოვონ.

რაც შეეხება პოლიტიკურ ჭრილში საკითხის განხილვას, როგორც თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განმარტა, მაშინ როდესაც ქვეყანა უახლოეს პერიოდში ელოდება ევროკომისიის გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ხელისუფლებისთვის, რომელიც ცდილობს ოპოზიციას შესაძლო უარყოფითი შედეგი გადააბრალოს, არავითარი მიზეზის მიცემა არ შეიძლება.

„როდესაც 8 ნოემბერს ველით ევროკომისიის გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსზე და სადაც ხელისუფლებას აქვს უდიდესი სურვილი, რომ შესაძლო ნეგატიური გადაწყვეტილება გადააბრალოს ოპოზიციას, რომელსაც ხელისუფლება მუდმივად „დესტრუქციულ ოპოზიციად“ მოიხსენიებს, ახლა ამ თემის წამოწევა და მათთვის საბაბის მიცემა, რომ თითქოსდა რაიმე დესტრუქციის ელემენტი მართლაც არსებობს ოპოზიციაში, იქნება უკიდურესი უგუნურობა. ამიტომ, რბილად ვიტყვი, რომ ძალიან უდროოა ამ გზავნილის ახლა წამოწევა“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას მოწოდებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფალი პოლიტიკური ნება გამოამჟღავნოს.

„ყველა საეთერო შესაძლებლობას ვიყენებთ იმისთვის, რომ გავაჟღეროთ ჩვენი მტკიცე პოზიცია, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული შეწყალების მექანიზმი პრეზიდენტ სააკაშვილის შესაწყალებლად, რომელიც არის პოლიტპატიმარი. ამისკენ მას მოუწოდებს არა მხოლოდ ქართული ოპოზიცია, არამედ ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის საჯაროდ.

საკონსულტაციოდ პრეზიდენტთან ამ თვალსაზრისით მე ვერ ვხედავ რომ იყოს დიდი სივრცე. ორობითია საკითხი - ან იწყალებს, ან არ იწყალებს. მტკიცებულება იმისა, რომ დღეს გვყავს პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო, პრეზიდენტს ძალიან ბევრი აქვს, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებული სანქციები მოსამართლეებზე კორუფციისთვის. ყველას კარგად ესმის, რომ სწორედ ამ კორუმპირებული მოსამართლეთა კლანის გადაწყვეტილებებით და ასევე, სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის მიერ, ФСБ-დავალებით გაწერილი საბრალდებო დასკვნის საფუძველზე, იხდის პოლიტიკურ პატიმრობას პრეზიდენტი სააკაშვილი. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ აქ მოსალაპარაკებელი ან რაღაცის სამტკიცებელი ნამდვილად არ არის, სივრცე ამ მოლაპარაკებებისთვის არ არსებობს, ყველა მტკიცებულება პრეზიდენტ ზურაბიშვილს აქვს. უბრალოდ, აქ ძალიან მნიშვნელოვანია მისი პოლიტიკური ნება, მისი პოლიტიკური გამბედაობა, მისი პოლიტიკური მკაფიო პოზიცია, რამდენად შეძლებს ის, რომ ივანიშვილისთვის ფუნდამენტურ საკითხში, მან მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ეს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მან მიიღოს და ამით ის საკუთარ დამოუკიდებლობას დაუმტკიცებს ქართველ ამომრჩეველს და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს