რა გავლენა აქვს გლობალურ ომებს საქართველოზე და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე
როგორ შეიცვლება საომარი ტაქტიკა ზამთრის პერიოდში - “უკრაინის შეეცდება ავდიივკა - ბახმუტის მიმართულებაზე მაღალი ინტესივობის ბრძოლა შესთავაზოს”
“ოცნება” პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალებას არ გამორიცხავს - გადათქვამს თუ არა ზურაბიშვილი საკუთარ „არა და არასდროს“
* * *
რა გავლენა აქვს გლობალურ ომებს საქართველოზე და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე
“მსოფლიო ორი დიდი ომის წინაშეა - გლობალურ დონეზე ვითარება განსაკუთრებით ისრაელ-“ჰამასის” დაპირისპირების შემდეგ დაიძაბა, რამაც ანტისემიტურ გამოსვლებს და აგრესიული რიტორიკის ზრდას შეუწყო ხელი, მათ შორის ჩრდილო კავკასიაში. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ვითარება ფეთქებადსაშიშია და საფრთხის წინაშე დგას მათ შორის საქართველო, მით უმეტეს, რომ სამხედრო დაპირისპირება ჩვენს სამეზობლოში მიდის. როგორც ანალიტიკოსი გია აბაშიძე “რეზონანსთან” აცხადებს, მიუხედავად ჩვენს სამეზობლოში “დანთებული ხანძრებისა”, საქართველო მშვიდობას ინარჩუნებს, რაზედაც ქვეყნის შიგნით ყველამ უნდა იზრუნოს, ეს მმართველი პარტიის მხარდამჭერი იქნება, თუ ოპოზიციის. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ მიმდინარე ომები საქართველოზე აისახება და ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული გლობალურ დონეზე გაიმარჯვებს დემოკრატიული ძალები თუ ანტიდემოკრატიული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა გავლენა აქვს გლობალურ ომებს საქართველოზე და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.
“გლობალური ომები სამწუხაროდ ყველაზე ნეგატიურად აისახება პლანეტის მასშტაბით, მათ შორის საქართველოზე, თან როდესაც მის ახლო სამეზობლოში ძალიან საშიში ომები მიდის. ბოლო შემთხვევაზე რომ ვისაუბროთ, შეუძლებელია იმის პროგნოზირება თუ ახლო აღმოსავლეთში ისრაელსა და ტერორისტული “ჰამასის” დაპირისპირება როდის დასრულდება. გარდა იმისა, რომ შესაძლოა უამრავი დევნილი გაჩნდეს, ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ეკონომიკურადაც ძალიან ცუდად აისახება, უწინარესად ვგულისხმობ საწვავის ფასებს და ა.შ. რაც ბუნებრივია, შემდგომ ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს, სხვადასხვა პროდუქციაზე ფასების მომატების თვალსაზრისით. მიუხედავად ჩვენს სამეზობლოში “დანთებული ხანძრებისა”, საქართველო 2012 წლიდან მშვიდობას ინარჩუნებს, ეს ძალიან დასაფასებელია, რაზედაც ყველამ უნდა იმუშავოს, მმართველი პარტიის მხარდამჭერი იქნება თუ ოპოზიციის. რეგიონში სამშვიდობო ოაზისი კარგია, როგორც მშვიდობის, ასევე შემდგომი ეკონომიკური განვითარებისა და მსხვილი ინვესტორების მოზიდვის თვალსაზრისით. ადამიანთა ცხოვრებაში მშვიდობაზე უდიდესი სიკეთე არ არსებობს, ამიტომაც ეს ყველა მხრივ უნდა იყოს შენარჩუნებული”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
“საქართველოში მარგინალების მხრიდან წაქეზება, მეორე ფრონტის გახსნა, არააქტუალური გახდა, საზოგადოებამ კარგად დაინახა მშვიდობისა და სტაბილურობის ფასი რა არის, რევანშისტების ბოროტი თემა მილევადია, თუმცა, მათ მხარდაჭერას აძლევენ განსაკუთრებით უკრაინიდან ზელენსკის კორუმპირებული მთავრობის წარმომადგენლები, მაგრამ ეს საზოგადოების განწყობებზე არ მუშაობს და არავის სურს აქ ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ უაზრო ომის წამოწყება, რომელიც არაფრისმომტანი იქნება. მთავარია, მშვიდობა, მშვიდობა და მშვიდობა. ბოლო პერიოდში ნაცოპოზიციის პროტესტები ვნახეთ როგორი უბადრუკი გახდა და მხოლოდ რამდენიმე ათეული აქტივისტი მონაწილეობს, თუმცა, ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ რადიკალებს ძალიან მზაკვრული გეგმები აქვთ, რომ საქართველოში არეულობა მოხდეს, სისხლი დაიღვაროს. ეს პირველად ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა თქვა, რომლის გამოძიება დღემდე მიდის. ეს რადიკალური ძალა მუდმივად ჩასაფრებული იქნება, რომ მანიპულაციით, დეზინფორმაციით, ხელოვნური პრობლემის შექმნით ქვეყანაში სიტუაცია დაძაბოს”, - განაგრძობს აბაშიძე.
“ვხედავთ, რომ მათ საარჩევნო პროცესებში მონაწილეობა არ შეუძლიათ, მხოლოდ რევანშისტობით და შურისძიებით არიან დაკავებულები. მათი რიტორიკა და გზავნილები ზუსტად ასეთია. საზოგადოება არ უნდა მოდუნდეს, ჩვენი სამართალდამცავები მოწოდების სიმაღლეზე არიან და ნებისმიერი დესტრუქციულ მცდელობასაც კი ძირშივე აღკვეთენ. მომავალი თვეები 2024 წლის არჩევნებამდე და მის შემდეგაც, მშვიდი ცხოვრების საფუძველი არ იქნება. ზედმეტი ოპტიმიზმი არ მიყვარს და მირჩევნია უფრო ობიექტური რეალობის სურათი წარმოვაჩინო, რომ მოდუნება არ ღირს და რომ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაა საჭირო. ყველა მხრიდან, განსაკუთრებით საზოგადოების წევრების მხრიდან”, - დაასკვნის გია აბაშიძე.
“საქართველო გლობალური სამყაროს ნაწილია და რა თქმა უნდა ეს ომები და მისი შედეგები ჩვენზეც აისახება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, გლობალურ დონეზე იმარჯვებენ დემოკრატიული თუ ანტიდემოკრატიული ძალები. რუსეთ-უკრაინის ომი, ეს მხოლოდ სახელმწიფოთა ომი კი არა, ეს ცივილიზაციათა და დემოკრატიულ და ანტიდემოკრატიულ ძალებს შორის ომია. უკრაინას დასავლეთის დემოკრატიული სამყარო უმაგრებს ზურგს - ნატო-ევროკავშირი, რუსეთს კი ანტიდასავლური ალიანსი. იგივე ეხება ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტსაც, ვხედავთ, რომ “ჰამასის” ლიდერების რუსეთში ჩასვლის შემდეგ, მოსკოვმა ამ დაჯგუფების მიმართ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა. შესაძლებელია, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ანტისემიტური გამოსვლები კრემლის მართული იყოს. ეს კი რუსეთს აწყობდეს რამდენიმე მიზეზის გამო, ერთ-ერთი ყურადღებია გადატანაა უკრაინიდან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“თუ დასავლეთი იმარჯვებს, იმარჯვებს დემკრატია და ეს შიდა პოლიტიკაზე იმოქმედებს, რადგან “ქართული ოცნების”პოზიციები დასუსტდება, შესაბამისად, უფრო მეტი პირობები შეიქმნება იმისთვის, რომ ხელისუფლებას ჩამოსცილდეს 2024 წელს. ღმერთმა არ ქნას და თუ რუსეთი იმარჯვებს, მოსკოვისთვის “ოცნება” მისაღებია და ამ შემთხვევაში ანტიდასავლური და ანტირროვნული ძალები ქვეყანაში უფრო გააქტიურდებიან”,- განმარტავს ნიკა ჩიტაძე.
როგორ შეიცვლება საომარი ტაქტიკა ზამთრის პერიოდში - “უკრაინის შეეცდება ავდიივკა - ბახმუტის მიმართულებაზე მაღალი ინტესივობის ბრძოლა შესთავაზოს”
“რუსეთის არმია კვლავ უზარმაზარი დანაკარგების ფასად ცილობს, რომ დონეცკის ოლქის ქალაქი ავდიივკა აიღოს. რუსეთის სარდლობა არ ზოგავს არც ცოცხალ ძალას, არც ჯავშანტექნიკას. უკრაინის ინფორმაციით, ავდიივკის შტურმს უკვე შეეწირა ექვსი ათასამდე რუსი სამხედრო მოსამსახურე. მარტო ერთი დღის განმავლობაში, 19 ოქტომბერს, რუსეთის ჯარმა დაკარგა ჯავშანტექნიკის 50 ერთეული და რამდენიმე ასეული ჯარისკაცი. როგორც სამხედრო მიმომხილველები ამბობენ, იმის გამო, რომ უკრაინული კონტრშეტევა შენელებულია ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებებით, რუსებმა მთელი ის რეზერვები, რომლებსაც ზაფხულის განმავლობაში აგროვებდნენ, გადაისროლეს პოლიტიკური მიზნის - ავდიივკის აღების - შესრულებაზე. ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი თავის ანგარიშში აღნიშნავს, რომ რუსეთის არმია ახდენს დამატებითი ძალების გადასროლას ავდიივკის ფრონტზე. უკრაინის ჯარების ტავრიდის ჯგუფის წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ალექსანდრ შტუპუნიც ამბობს, რომ რუსეთის სარდლობას რუსეთის ტერიტორიიდან პირდაპირ ავდიივკის მიმართულებაზე გადაჰყავს ცოცხალი ძალა, რათა შეავსოს დანაკარგები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ შეიცვლება საომარი ტაქტიკა ზამთრის პერიოდში - “უკრაინის შეეცდება ავდიივკა - ბახმუტის მიმართულებაზე მაღალი ინტესივობის ბრძოლა შესთავაზოს”.
“რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია გაუძლოს საომარ მოქმედებებს და გაზარდოს ზეწოლა აქა-იქ ფრონტზე, მაგრამ სტრატეგიულად ვერ უძლებს ამ დაპირისპირებას, - ამის შესახებ კი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. “ფხიზლად უნდა შევაფასოთ რუსული სისტემა. მათ მობილიზებული ჰყავდათ მთელი ძალები, რათა არ დაეკარგათ ის, რაც უკრაინაში მიიტაცეს, მაგრამ ამავე დროს დააბინძურეს თავიანთი ტერიტორია სიძულვილით და დეგრადაციის ისეთი დონით, რომ წელს მეორედ რუსეთი კარგავს კონტროლს მოვლენებზე”, - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური და ძლიერი იარაღი ერთობაა. მისი აზრით, ნოემბერი და დეკემბერი მნიშვნელოვანი უნდა იყოს უკრაინისთვის - სასიხარულო სიახლეა, რომ მალტაში, მშვიდობის ფორმულის ფორმატში გამართული შეხვედრის შედეგად სამიტის თანათავმჯდომარეები საერთო განცხადებაზე შეთანხმდნენ”, - დასძინა ზელენსკიმ, რომლის განცხადებით, „ეს არის სწორი სიგნალი - რაც არ უნდა მოხდეს მსოფლიოში, მთავარია ერთიანობა საერთაშორისო სამართლის რეალური ძალისთვის”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მალტაში, უკრაინის მიერ შეთავაზებული მშვიდობის ფორმულასთან დაკავშირებით 28-29 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ბირთვული, სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე, ტყვეებისა და დეპორტირებულების გათავისუფლებაზე და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. შეხვედრაში 66 ქვეყანა მონაწილეობდა - მნიშვნელოვნად მეტი, ვიდრე საუდის არაბეთში გამართულ წინა შეხვედრაზე. მონაწილე ქვეყნების სია ჯერ არ გასაჯაროვებულა. პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე ამბობს, რომ ახლა რუსმა გენერლებმა ძალიან კარგად იციან, რომ ავდიივკას აღება ასეთი მარტივი არ იქნება, თუმცა, მათი ავდიივკაზე შეტევის მთავარი მიზანი სულ სხვაა. ბერიძე ამბობს, რომ რუსებმა დაინახეს ამ ტერიტორიაზე უკრაინული ჯარის მობილიზება და გაჩნდა საფრთხე, რომ შესაძლოა დარტყმა ქალაქ დონეცკზე მოხდეს. ავდეევკაზე შეტევით კი რუსები ამ შანსებს, ფიქრობენ, ამცირებენ”, - განაგრძობს გამოცემა.
“რუსები ახლა ამ ხაზზე, მთელ რიგ გამაგრებით სამუშაოებს აწარმოებენ, რათა უკრაინელებმა ქალაქ დონეცკის მიმართულებაზე თავდაცვის ხაზი არ გაარღვიან. ეს პროცესი გაგრძელდება, მაგრამ არ ველი, რომ ავდიივკას აღებაა რუსების მთავარი მიზანი. აქ მათ თავიანთი თავდაცვითი ხაზი გაამაგრეს და აქცენტები დონეცკის მიმართულებაზე გადმოიტანეს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ავდიევკის მიმართულებიდან უკრაინელებმა თავდაცვის ხაზის გარღვევა არ მოახდინონ. მთელი ამ დაპირისპირების მიზეზი ავდიივკაში ეს არის. მთელი ეს ომი იქნება ასეთი, რომ რუსები ხან ავდიევკაზე, ხან ბახმუტზე და ხან სხვა მიმართულებებზე, ამ ფორმით იბრძოლებენ. მათ არ ჰყავთ საკმარისი ძალები, ამიტომ ასეთ ცხელ წერტილებში მათი გადაყვანა მოუწევს. რომელ მიმართულებაზეც ჩათვლიან, რომ უკრაინელები საფრთხეს შემქნიან, აი იმ მიმართულებას გააძლიერებენ. ამ ომის განმავლობაში სულ ამ ფორმის დრამები იქნება“, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძე.
“რაც შეეხება უკრაინის კონტრშეტევას და ფრონტის ხაზის სხვა მიმართულებებს, უკრაინა ცდილობს რაც შეიძლება მეტი და მეტი რეიდები განახორციელოს მოწინააღმდეგის სიღრმეში. ახლა აშკარად გამოიკვეთა, რომ ყირიმში განლაგებული ინფრასტრუქტურა არის არა მხოლოდ სამიზნე, რომლის წინააღმდეგ უკრაინელებმა ახლად ჩამოსული “ატაკამსები” გამოიყენეს, რომელიც მეტი სიზუსტით გამოირჩევა, არამედ ახალ წლამდე რასაც ვიხილავთ, იქნება ის, რომ უკრაინა შეეცდება, სამხრეთით ავდეევკა - ბახმუტის მიმართულებაზე მაღალი ინტესივობის ბრძოლა შესთავაზოს. იმავდროულად ყირიმში და სხვა გააგრძელოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წერტილოვანი და ზუსტი დარტყმები. ზამთარში, როცა ამინდი გაუარესდება, სხვა რაიმე მკვეთრ ცვლილებებს არ ველოდები“, - ამბობს ბერიძე.
“ოცნება” პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალებას არ გამორიცხავს - გადათქვამს თუ არა ზურაბიშვილი საკუთარ „არა და არასდროს“
“ქართული ოცნება” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ გამორიცხავს, მეტიც, ფიქრობენ, რომ “ყველაფერია მოსალოდნელი”. ამ საკითხით გაატიურებულია ოპოზიციის ნაწილიც, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ბრალი, რომელიც ჯერ არ დადასტურებულა და სასჯელი არ არის, მასზე პრეზიდენტი შეწყალებას ვერ გასცემს. ანალიტიკოსთა შეფასებით, დღეის მდგომარეობით ზურაბიშვილმა სააკაშვილი რომც შეიწყალოს, ამას მყარი სახე არ ექნება და ეს უფრო პოლიტიკური სვლა იქნება, ვიდრე სააკაშვილისთვის შედეგის მომტანი, ნაწილი ანალიტიკოსებისა ფიქრობს, რომ მოცემულ მომენტში ზურაბიშვილისგან შეწყალება ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან დასავლეთიდან ისეთი ზეწოლა არაა, როგორც ადრე იყო. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალება სთხოვა “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნება” პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალებას არ გამორიცხავს - გადათქვამს თუ არა ზურაბიშვილი საკუთარ „არა და არასდროს“.
“მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გამაოგნებელი არაკვალიფიციურობა უწოდა გვარამიას მოწოდებას, რადგან, ელისაშვილის თქმით, შეწყალება დამდგარ ბრალზე დგება და ასე კი ზურაბიშვილს მოუწევს, რომ ყოველ კვირა იწყალოს მესამე პრეზიდენტი. თავად პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეცვალა თუ არა პოზიცია - “არა და არასდროს”, ამ დროისთის უცნობია. მიხეილ სააკაშვილის ბოლო სასამართლო სხდომა 30 ოქტომბერს გაიმართა, მას ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, იგი უკრაინის მოაქალაქეა და საქართველოში 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. ამის გარდა, მის წინააღმდეგ წარმოებაშია კიდევ ორი საქმე - 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლისა და ე.წ. პიჯაკების საქმე. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კვლავ “ვივამედშია”. დღეისთვის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და კლინკის ხელმძღვანელების თქმით, “ასე თუ ისე ითვალისწინებს” კლინიკის ექიმების რეკომენდაციებს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მიხეილ სააკაშვილის დედას გიული ალასანიას მიაჩნია, რომ ზურაბიშვილს აქვს შეწყალების უფლება და გააკეთებს იმას, რაც თვითონ მიაჩნია საჭიროდ. ამასთან, რამდენიმე ოპოზიციური პარტია, მათ შორის “ნაცმოძრაობაც” მოუწოდებს პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. პარტია “საქართველოსთვის” წევრმა ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, შეწყალების უფლებამოსილება პრეზიდენტის სუვერენული უფლებამოსილებაა, თუმცა, “საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა და სასჯელი უნდა მოიხადოს”... ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ზურაბიშვილმა სააკაშვილი რომც შეიწყალოს, ამას მყარი სახე არ ექნება და ეს უფრო პოლიტიკური ჟესტი იქნება, ვიდრე სააკაშვილისთვის შედეგის მომტანი, თუმცა, აქვე დასძენს, რომ მოცემულ მომენტში ზურაბიშვილისგან შეწყალება ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან უცხოელების მხრიდან ისეთი ზეწოლა არაა, როგორც ადრე იყო”, - განაგრძობს გამოცემა.
“ითქვა კიდეც, რომ შეწყალებას მყარი სახე არ ექნება, რადგან ბრალდებები, რომლებიც მერე წაეყენება სააკაშვილს, იმაზე შეწყალება აღარ გავრცელდება. შესაბამისად, ეს აქტი, საზოგადოების წინაშე უფრო პოლიტიკური ჟესტი იქნება, ვიდრე სააკაშვილისთვის შედეგისმომტანი. შესაძლოა შეწყალების მომეტში, სააკაშვილს ხელი მოჰკიდონ და უცხოეთში წაიყვანონ, თუმცა ამით ბევრი არაფერი შეიცვლება. ზურაბიშვილისგან მე საერთოდ არ ველოდი იმას, ბოლო დროს რა ნაბიჯებიც გადადგა, მათ ოჯახს ვიცნობდი, პატივს ვცემდი და ა.შ. მაგრამ ზურაბიშვილში ერთი თავისებურება იკვეთება, რომ ის უცხოელების პოზიციას უფრო დიდ ანგარიშს უწევს, ვიდრე ქართველი ამომრჩევლების. მისმა ამ განწყობამ შესაძლოა გარკვეული როლი ითამაშოს და უცხოელების აყოლიებამ ეს ნაბიჯი გადაადგმევინოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“თუმცაღა, უცხოეთიდან ისეთი ბეჯითი ზეწოლა არ ჩანს, როგორიც თუნდაც ადრე იყო, მთელს მსოფლიოში სიტუაცია ბევრი თვალსაზრისით იცვლება და საქართველოს შიდა საქმეების მიმართ დამოკიდებულებაც როგორც ჩანს, იცვლება იმ მხრივ, რომ ზედმეტი პრეტენზიულობა და აქცენტი ამ ტიპის ფიგურებზე, როგორიც სააკაშვილი და მისი ჯგუფია, მცირდება. ჯერჯერობით მეეჭვება, რომ ზურაბიშვილმა სააკაშვილი შიწყალოს. საერთოდ მოხდება თუ არა, ეგეც საეჭვოა. რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიცია სააკაშვილის შეწყალების თემით გააქტიურდა, რამეზე ხომ უნდა იაქტიურონ. ისინი არ რეაგირებენ ხელფასების, პენსიების და სხვა იმ საკითხებზე, რაც მოსახლეობის ყოველდღურობას ეხება და აქცენტს იმაზე აკეთებენ, რაც უცხოელების ყურადღებას იპყრობს და არა საქართველოს მოსახლეობის. პრიორიტეტების მასეთი დალაგებით კი ოპოზიცია და პრეზიდენტი ერთმანეთს ძალიან გვანან, რომ უცხოელი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოს მოსახლეობა”, - დასძენს რამაზ საყვარელიძე.