თბილისში დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და ჯარიმები იზრდება

დედაქალაქის საზღვრებში, დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და არსებული ჯარიმები იზრდება.

"ქართული ოცნების" დეპუტატების ინიციატივით პარლამენტში განსახილველად წარდგენილია "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებები, რომლის თანახმად, თბილისში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობა პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების და ყოველ შემდეგ შემთხვევაში - 3000 ლარის ოდენობით.

ანალოგიურ შემთხვევებში, ამავე ოდენობით გაზრდილი ჯარიმა დაეკისრება პირს, რომელიც დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობას ახორციელებს.

ჯერ კიდევ მოქმედი ნორმით, აღნიშნულ დარღვევებზე ჯარიმის ოდენობა 100-100 ლარის ოდენობით არის განსაზღვრული.

ამასთანავე, პროექტის თანახმად, აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება: - საჯარო დაწესებულების სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ამ დაწესებულების საქმიანობის მიზნებისთვის გადაადგილდებიან; იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც ლურჯი და წითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალის გამოყენების უფლება აქვთ; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, აგრეთვე იმ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც გადაჰყავთ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაქმებულები, მოსწავლეები, სტუდენტები ან აღსაზრდელები; ასევე იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესითა და მის მიერვე განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ გაიცემა თანხმობა.

"დღეს დედაქალაქში 650 ათასამდე სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება, მათ შორის დიდი გაბარიტების მქონე 37 ათასზე მეტი სატრანსპორტო საშუალება, ეს რაოდენობა კი ბუნებრივია ქმნის ე.წ. საცობებს და საავარიო სიტუაციების წარმოქმნის რისკს, განსაკუთრებით პიკის საათებში, ხოლო მათი დაზიანება დიდ ზეგავლენას ახდენს გზის გგამტარუნარიანობაზე.

დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების ავარიების შემთხვევაში გადაადგილების გაცილებით უფრო დიდი ხნით შეფერხება ხდება, რაც საბოლოო ჯამში, იწვევს პიკის საათის გახანგრძლივებას, რაც დარეგულირებას საჭიროებს", - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს 6 ნოემბრის სხდომაზე წარედგინება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება