საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების სპეციალური წარმომადგენლების დელეგაციას შეხვდა. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც საქართველოსადმი მხარდაჭერის გამოვლინებას, ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე.
„შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მიმართულ პარლამენტის საქმიანობაზე, მიღწეულ შედეგებსა და მოლოდინებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს პროგრესი გავლენიან საერთაშორისო რეიტინგებში კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და სხვა მიმართულებებით, ასახულია.
პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროკავშირმა სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და საქართველოს შემდგომ პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მხარი უნდა დაუჭიროს. მისი თქმით, აღნიშნული მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანი რეგიონისთვის.
დირკ შუბელმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის ევროკომისიის მოსაზრების გამოქვეყნებას. მისი თქმით, დელეგაციის ვიზიტის მიზანი იმის განხილვაა, თუ როგორ შეუძლია აღმოსავლეთ პარტნიორობას, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. მან ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ორ ძირითად პრიორიტეტზე - დაკავშირებადების გაძლიერებასა და უსაფრთხოების ხელშეწყობაზე. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა ცენტრალური აზიის ქვეყნების შესაძლო ჩართულობაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის შეხვედრებში.
შეხვედრაზე საუბარი, აგრეთვე, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალს, რეგიონული მშვიდობის საკითხებს, საქართველოში უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე პოლიტიკურ განვითარებებს, საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციას, ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას შეეხო, განსაკუთრებით, საპარლამენტო დონეზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.