აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში აჭარას მილიარდიანი ბიუჯეტი ექნება, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა, რეგიონი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ვითარდება.
„მახსოვს, 2012 წელს აჭარის ბიუჯეტი იყო 145 მილიონი ლარი. დღეს, ეს ციფრი სცდება ნახევარმილიარდიან ნიშნულს და იგი შეადგენს 700 მილიონ ლარზე მეტს. გასულ წელს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ - თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ 2025 წლისთვის, აჭარის ბიუჯეტი მიუახლოვდებოდა მილიარდიან ნიშნულს, რასაც ოპოზიცია სკეპტიკურად უყურებდა. დინამიკას თუ დავაკვირდებით, ეს პროგნოზი, სულ მალე რეალური გახდება და უახლოეს მომავალში აჭარას მილიარდიანი ბიუჯეტი ექნება. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა, ჩვენი რეგიონი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ვითარდება“- განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ლადო მგალობლიშვილმა, ამავე კომიტეტის სხდომაზე, აჭარის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის განხილვისას.
მისი თქმით, აჭარის ბიუჯეტის შემოსავლის ძირითადი წყარო საშემოსავლო გადასახადია. ეს იმას ნიშნავს, რომ იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა, სახელფასო სალდოები და შესაბამისად, ბიუჯეტი.
„შთამბეჭდავი ბიუჯეტია წარმოდგენილი. წარმატებებს ვუსურვებ ბატონ თორნიკე რიჟვაძეს, აჭარის მთავრობას, მილიარდიანი ბიუჯეტის გზაზე“, - განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა.
ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.