ჩვენ ვიზალიბერალიზაცია მოვუტანეთ ქართველ ხალხს, ჩვენ მოვუტანეთ კანდიდატის სტატუსი, ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ წარმატებებზეა დაფუძნებული ჩვენი საქმიანობა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განმარტებით, ევროკავშირმა, ევროკომისიამ თავისი რეკომენდაციით თქვა, რომ 12 რეკომენდაციის საკითხი დახურულია, საქართველომ საკმარის პროგრესს მიაღწია იმისათვის, რომ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, რომლისთვისაც იყო მოცემული ე12 რეკომენდაცია.
„ამასთან ერთად, გაიხსნა ახალი კარი, რომელსაც მივყავართ შემდეგი ეტაპისკენ, მოლაპარაკებების დაწყებისკენ და ამისთვის დასახულია 9 მიმართულება ევროკავშირის მხრიდან, რომელშიც სხვადასხვა თემებია, მათ შორის ზოგი ძველი საკითხიც არის შეცვლილი ფორმულირებით.
„ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, ფაქტობრივად, ჩავარდნილი ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკება „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცოცხლა და ერთ წელიწადში შედეგამდე მიიყვანა, 2014 წელს ხელი მოაწერა. ჩვენ ვიზალიბერალიზაცია მოვუტანეთ ქართველ ხალხს, ჩვენ მოვუტანეთ კანდიდატის სტატუსი, ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ წარმატებებზეა დაფუძნებული ჩვენი საქმიანობა, არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ ამას აქვს, ასევე განზომილება სადაც ჩართულია უამრავი საჯარო მოხელე, რომელიც შესრულებისთვის ყოველდღიურად მუშაობს. ამიტომ „ქართული ოცნება“ როგორც აქამდე წარმატებული იყო და ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელმაც ყველა ამ წარმატებას მიაღწია სწორედაც ასევე წარმატებით გადავალთ შემდეგ ეტაპზე“-. განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების შეერთებას, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება ამ სანქციებს არ უერთდება.
„ჩვენ სანქციებს არ ვუერთდებით, ეს არის ქართველი ხალხის ნება და ეს არის ქართველი ხალხის ინტერესი. ამიტომ, ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის ინტერესებით. პოლიტიკურმა ჯგუფებმა თქვან, ვინ მოაწერს ხელს ორმხრივი სანქციების დაწესებას რუსეთთან. პირდაპირ განაცხადონ, მზად არიან თუ არა ხელი მოაწერონ ასეთ სანქციებს ვინაიდან დადასტურებულად ვიცით უკვე, რომ მაგალითად, რუსეთისთვის შარშან რომ დაგვეწესებინა სანქციები, ეს ნიშნავდა მინუს 10%-იან ვარდნას ქართული ეკონომიკისთვის, შესაბამისად, გაზრდილ ფასებს და ეკონომიკურ გაჭირვებას ჩვენი მოქალაქეებისთვის, ფაქტობრივად, ეკონომიურ კოლაფსს. ეს იქნებოდა უფრო მძიმე ვიდრე პანდემია და ეს იქნებოდა დიდი, მაღალი რისკი სამხედრო დაპირისპირებისა რუსეთთან. ხელისუფლება არ აპირებს ხელი მოაწეროს საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკურ კატასტროფაში ჩავარდნას და შესაძლო სამხედრო დაპირისპირებაში შეყვანას. ამიტომ, ჩვენ თავისთავად ვამბობთ, რომ ევროკავშირი ჩვენ არ გვთხოვს სანქციების ნაწილში ამის დაწესებას, ვინაიდან, ამ შემთხვევაში მაშინ ევროკავშირს ჩვენთვის უნდა მოეცა სამხედრო უსაფრთხოების გარანტიები და ასევე ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიები“, - განაცხადა პაპუაშვილმა