გეოგრაფიული აღნიშვნა „ტიბაანი“ „საქპატენტში“ არის რეგისტრირებული

გეოგრაფიული აღნიშვნა „ტიბაანი“ „საქპატენტში“ 2007 წლის 10 დეკემბერს არის რეგისტრირებული.

„საქპატენტმა“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო.

ინფორმაციას „ტიბაანის“ წარმომავლობის შესახებ „საქპატენტი“ ავრცელებს.

კახელი გლეხები ოდითგანვე ამზადებენ სხვადასხვა სახეობის ღვინოს საკუთარ მარნებში, ატარებენ ექსპერიმენტებს, შემდეგ კი ის ღვინოები, რაც ყველაზე მეტად ამართლებს, საჯაროდ ხდება ცნობილი და დიდი წარმოებაც იწყება. თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, კახურ მარანში შეიძლება გაცილებით მეტ მრავალფეროვნებას წააწყდეთ, ვიდრე ღვინის მაღაზიაში, სადაც დახლზეა გამოფენილი უამრავი დასახელების ღვინო.

სწორედ ასეთი მეთოდით კახელებს ტიბაანის მიკროზონაში ჰქონდათ დამზადებული ტიბაანის ღვინო. აქ იგულისხმება ის სოფლები, რაც მხოლოდ ამ ღვინის შესაქმნელ ყურძენს იძლევა: ტიბაანი, ქვემო მაჩხაანი, ჯუგაანი და ძველი ანაგის სავარგულები. ვინაიდან ღვინომ გაამართლა და განსაკუთრებული გემო წარმოშვა, შემდეგ უკვე გავრცელდა მისი წარმოება, გადაინაცვლა ქარხანაში და 1948 წლიდან ოფიციალური მარკირებით ჩამოისხა „ტიბაანი“.

ამ წლებში იმდროინდელი „სამტრესტის“ მმართველად მუშაობდა პეტრე სოხაძე. მან დაავალა ტიბაანის ღვინის ქარხნის მეღვინეებს, რომ ღვინის ქარხნის ქვევრებში დაემზადებინათ მშრალი კახური ღვინო, რომელიც დააკმაყოფილებდა კახურ ღვინოზე გაზრდილ მოთხოვნას.

რამდენიმე წელიწადში „ტიბაანი“ დასახელდა ერთ-ერთ საუკეთესო ღვინოდ, რომელიც დეგუსტატორების მიერ, სუფრის ღვინოებს შორის შეირჩა. განთქმულმა სახელმა საქმე მიიყვანა იქამდე, რომ „ტიბაანი“ გაიტანეს საერთაშორისო კონკურსებზე. საერთო ჯამში ამ ღვინოს მიღებული აქვს 7 მედალი: 2 ოქრო და 5 ვერცხლი.

„ტიბაანი“ ქარვისფერი მშრალი ღვინოა. აქვს მუქი ქარვისფრიდან ჩალისფრამდე შეფერილობის ტონები. გამორჩეულია სხეულიანი, ენერგიული, ექსტრაქტული და ხავერდოვანი გემოს დამსახურებით. აქვს კარგად გამოხატული ჯიშური არომატი, ზომიერი და რბილი სიმწკლარტე, განსაკუთრებული ტიპური თვისებები და დავარგებისას განვითარებული მკვეთრად გამოხატული ბუკეტი ხილის ტონებით.

ღვინის ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 12%-ზე ნაკლები, ხოლო შაქრიანობა არ უნდა აღემატებოდეს 4 გ/ლ-ს.

ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „ტიბაანი“ მზადდება მხოლოდ ტიბაანის მიკროზონაში მოწეული რქაწითლის ჯიშის ყურძნიდან. კრეფის დროს ყურძნის შაქრიანობა უნდა იყოს არანაკლებ 19%. შესაძლებელია რქაწითელთან მოხდეს კახური მწვანის და ხიხვის ჯიშის ყურძნის შერევა, თუმცა მინარევმა არ უნდა გადააჭარბოს 15%-ს და ყურძნის ეს ჯიშებიც აუცილებლად უნდა იყოს მოწეული იმავე მიკროზონაში.

ტიბაანის მიკროზონის ყურძნის განსაკუთრებულ საღვინე თვისებებს განაპირობებს ის გეოგრაფიული გარემო, სადაც ვენახებია გაშენებული. ეს არის ცივ-გომბორის მთების სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილის ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთების დაბოლოება. მას ემიჯნება ალაზნის ველი და მდინარის მარჯვენა ტერასა. შედეგად, ღვინო „ტიბაანი“ ხასიათდება გამორჩეული ორგანოლეპტიკური მახასიათებლებით და გააჩნია კარგი რეპუტაცია.

დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა