მიხეილ სააკაშვილი - რამდენიმე ძალიან წარმატებული, ძალიან მნიშვნელოვანი მმართველი გვყოლია, მაგრამ ზედიზედ 9 წელიწადი წარმატებული მმართველობის პერიოდი მხოლოდ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ იყო

რამდენიმე ძალიან წარმატებული, ძალიან მნიშვნელოვანი მმართველი გვყოლია, მაგრამ ზედიზედ 9 წელიწადი წარმატებული მმართველობის პერიოდი მხოლოდ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ იყო - „ვარდების რევოლუციამ“ შეძლო შეუძლებელი და ის იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მის სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სააკაშვილმა „ვარდების რევოლუციის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და დაასახელა მოვლენები, რომელიც, მისი თქმით, „ვარდების რევოლუციასთან“ ბრძოლას ემსახურებოდა.

„ვარდების რევოლუციის“ შემდგომი 9 წელი იყო ყველაზე წარმატებული 9 წელი საქართველოს მთელი ისტორიის განმავლობაში. დედაჩემი კარგი ისტორიკოსია და ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ამაზე. რამდენიმე ძალიან წარმატებული, ძალიან მნიშვნელოვანი მმართველი გვყოლია, მაგრამ ზედიზედ 9 წელიწადი წარმატებული მმართველობის პერიოდი მოხდა მხოლოდ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც „ვარდების რევოლუციაზე“ ვსაუბრობთ, „ვარდების რევოლუციას“ შეხვდა წარმოუდგენელი წინააღმდეგობა. შეხვდებოდა, როდესაც ამხელა ზრდა იყო ეკონომიკაში, ბრძოლა იყო კორუფციის წინააღმდეგ. ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ვებრძოდით კორუფციონერებს, კრიმინალებს, გვებრძოდნენ კორუფციონერები და გვებრძოდნენ კრიმინალები; ვებრძოდით რუსეთის არაფორმალურ გავლენებს, რუსეთი გვებრძოდა მთელი ძალით. მინდა, გავიხსენო, რამდენი ეტაპი გავიარეთ და როგორ გვებრძოდნენ წარმატებული „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რომელმაც ჩაბნელებული საქართველო გაანათა. კორუფცირებული საქართველო გაიწმინდა კორუფციისგან და ყველას დავანახეთ, რომ არ ვიყავით განწირულები და ქრთამის აღება ჩვენი დნმ-ის ნაწილი არ იყო, როგორც რუსები გვარწმუნებდნენ, რომ მეხინკლე ხალხი ვართ, რომელსაც სახელმწიფოს შენება არ შეუძლია - მხოლოდ მაგიდაზე უნდა ვუცეკვოთ, ელარჯი ვუწელოთ და ქრთამი აგვეღო და მიგვეცა. ნურას უკაცრავად!“,- განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილმა 2007 წლის მოვლენებზეც ისაუბრა.

„2007 წელს დაგვბომბეს წითელუბანში და ამავე წელს მოგვიწყვეს არეულობები თბილისში, სწორედ ის, რაზეც ახლაა სასამართლო - რუსმა ოლიგარქმა პატარკაციშვილმა. გამოგვიგზავნეს წერილი, რომ მზადდებოდა სახელმწიფო გადატრიალება რუსეთში მცხოვრები ქართველი კანონიერი ქურდების მიერ. ზუსტად ასეთი წერილი მიიღო ახლა ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ, რომ რუსეთი ამზადებს უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებას. რუსეთი სცენარებს არასდროს ცვლის, ეს იყო, რაც 2007 წელს მოხდა. როდესაც ეს არ გამოუვიდათ და მე ხელახლა ამირჩიეს პრეზიდენტად, თუმცა პუტინისთვის ეს სიურპრიზი იყო, 2008 წელს განხორციელდა სრულმასშტაბიანი სამხედრო შემოჭრა. ამანაც ვერ გააკეთა რუსეთის ის საქმე, რაც რუსეთს სურდა. მაინც ვერ დაამხვეს თბილისში მთავრობა, ვერ ააფრიალეს დროშა, ჩვენმა ჯარმა გმირული წინააღმდეგობა გასწია. მე არ გავიქეცი, არ დავტოვე დედაქალაქი, როგორც ამას მომიწოდებდნენ. ერთადერთი აეროპორტი, რომელიც არ დაბომბეს, თბილისის აეროპორტი იყო. ყველა მხრიდან მითვლიდა რუსეთი, წადი ოჯახთან ერთადო, თვალებს მიპაჭუნებდნენ, რომ ფულსაც მომცემდნენ, ოღონდ წავსულიყავი, მაგრამ ქვეყანა არ დავტოვე. მთავრობამ პრაქტიკულად იდეალურად იმუშავა. შემდეგ უკვე 2012 წლისთვის ჰიბრიდული ოპერაცია ჩაგვიტარეს. დაწყებული ათასგვარი მითებითა და სისულელეებით, რომელიც ჩვენზე მოიგონეს და დამთავრებული იმით, რომ 8 თვის ბავშვი ჩაახრჩვეს ქვევრში, დადგეს ციხის კადრები, ლაფანყურში მოგვიწყვეს პროვოკაცია. სცენარი იყო შემდეგი, რომ ივანიშვილი ამბობდა: თუ წავაგე, არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებო, რუსები კი ატარებდნენ სამხედრო წვრთნებს და ამბობდნენ, არეულობა იქნება საქართველოში და ჩვენ შევდივართ რუსული ინტერესების დასაცავადო. ერთი სიტყვით, ეს იყო ბრძოლა „ვარდების რევოლუციასთან“, მაგრამ „ვარდების რევოლუციამ“ შეძლო შეუძლებელი - გააღვიძა ძალიან დიდი ძალები უკრაინაში, ამას მოჰყვა ორი მაიდანი, მოხდა ყირგიზეთის რევოლუცია; „ვარდების რევოლუციას“ ჰქონდა მნიშვნელოვანი გავლენა „არაბულ გაზაფხულზე“, ასე რომ, „ვარდების რევოლუცია“ იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა