ბათუმში ფესტივალ „განდაგანაზე“ „მგზავრები“, „თამადა“ და სხვა მუსიკალური ჯგუფები იმღერებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, „მგზავრები“, „თამადა“ „გორდელა“, „ბანი, „რანინა“ იმ მუსიკალური ჯგუფების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ამ უქმეებზე ბათუმში ფესტივალ „განდაგანაზე“ იმღერებენ.
„ორი დღის განმავლობაში, ულამაზესი საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე მთიანი აჭარა თავისი კულტურით, კულინარიით, ტრადიციებითა და რეწვის დარგებით იქნება წარმოდგენილი. წელს, ფესტივალ განდაგანას ფარგლებში მთავარი აქცენტი აჭარული სამზარეულოსა და ხალხური რეწვის დარგების წარმოჩენაზე გაკეთდება. მოეწყობა სპეციალური კვების კუთხე, სადაც აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელ კერძებს მოამზადებენ, ჩატარდება მასტერკლასები და კულინარიული შეჯიბრებები. ულამაზესი დეკორაციებით გაფორმდება აჭარული რეწვის სივრცეც, რომელსაც წელს „გარდენია შევარდნაძეს“ დამფუძნებელი ზურაბ შევარდნაძე მოაწყობს. აღნიშნულ სივრცეში აჭარული ყოფისთვის დამახასიათებელი მეთუნეობის, ფეიქრობის, მეტალურგიისა და ხის ნაკეთობების ავთენტური გარემო იქნება შექმნილი, რომელიც მთიანი მუნიციპალიტეტების კულტურის, ტრადიციების, სოფლებში არსებული ავთენტური გარემოს გაცოცხლებასა და მთებში მოგზაურობის წახალისებას შეუწყობს ხელს.
ორი დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ქორეოგრაფიულ და კულინარიულ მასტერკლასებში, ჩურჩხელის ამოვლების, ჭაჭის გამოხდის, თუთუნის დაჭრისა და საწნახელში ყურძნის დაწურვის პროცესში. ფესტივალის სტუმრების განწყობაზე ფოლკლორული ანსამბლები „ნართი“, „მუსიკელი“, „ათძალი“, „ელესა“, ასევე ქორეოგრაფიული ანსამბლები „ბერმუხა“, „ქობულეთი“, „ფესვები“, „რასა“, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლები „არსიანი“ და „აფხაზეთი იზრუნებენ. საღამოს მუსიკალურ პროგრამას კი ანსამბლი „შვიდკაცა“, კვარტეტი „რანინა“, „თამადა“, ჯგუფი „გორდელა“, „ბანი“, „მგზავრები“, ტრიო „გოგლაურა“ და ბენდი „ქართული“ წარმოადგენენ. ფესტივალი 16:00 საათზე გაიხსნება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველებს უფასოდ შეეძლება. სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.