გეოგრაფიული აღნიშვნა „კარდენახი“ „საქპატენტში“ არის რეგისტრირებული

გეოგრაფიული აღნიშვნა „კარდენახი“ „საქპატენტში“ 2007 წლის 10 დეკემბერს არის რეგისტრირებული.

„საქპატენტმა“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო.

ინფორმაციას „კარდენახის“ წარმომავლობის შესახებ „საქპატენტი“ ავრცელებს.

ღვინო „კარდენახის“ დაბადება ვალერიან კანდელაკის სახელსა და გვარს უკავშირდება. ის ცნობილი მეღვინე გახლდათ, რომელიც ძმასთან ევგენისთან ერთად 1903 წლიდან სწავლობდა ყირიმში. ძმებმა იქ აითვისეს მებაღეობა-მევენახეობა. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი პრაქტიკულ საქმიანობაში და პირველად, 1904 წელს დაამზადეს შემაგრებული ტიპის წითელი ღვინოები. წარმატებულმა შედეგმა აფიქრებინა ვალერიანს, პირადად ჩამოეყალიბებინა საკუთარი კერძო კომპანია, შეექმნა ახალი მარკის შემაგრებული ღვინო და გაეგრძელებინა ეს გზა, თუმცა, ყირიმში შეჭრილმა ბოლშევიკებმა მთლიანად ჩამოართვეს ქონება და სრულიად გაღატაკებული იძულებული გახდა საქართველოში დაბრუნებულიყო.

1917 წლიდან რევოლუციამ შეცვალა ბაზრის მოთხოვნები, საქართველოშიც გახდა საჭირო შემაგრებული ღვინის დამზადება და სწორედ ვალერიან კანდელაკმა აიღო ინიციატივა საკუთარ თავზე. პირველი საცდელი პარტია - 3 000 სათლი ღვინო „კარდენახი“ მან კარდანახის ღვინის ქარხანაში დაამზადა. შედეგმა გაამართლა და 1925 წლიდან უკვე ღვინო სერიულ წარმოებაში ჩაეშვა.

მოგვიანებით, ვალერიან კანდელაკი შეცვალა არანაკლებ გამოცდილმა და პროფესიონალმა მეღვინემ, ბიკენტი სირაძემ. ის არაერთი სახელოვანი მარკის ღვინის ავტორია და მისმა აქტიურმა მუშაობამ „კარდენახიც“ გააუმჯობესა. ხარისხმა კიდევ უფრო მაღლა აიწია, ცნობადობამ იმატა და საერთაშორისო გამოფენებზე მიღებულმა გამარჯვებებმაც არ დააყოვნა. „კარდენახს“ მოპოვებული აქვს 9 მედალი: 8 ოქრო და 1 ვერცხლი.

დღეისთვის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელება „კარდენახი“ გამოიყენება, როგორც ქარვისფერი მშრალი, ისე შემაგრებული ღვინის მოსანიშნად.

ქარვისფერს აქვს მუქი ქარვისფრიდან ჩალისფრამდე ტონებით გაჯერებული შეფერილობა - სხეულიანი, ენერგიული, ექსტრაქტული და ხავერდოვანი გემო, კარგად გამოხატული ჯიშური არომატი, ზომიერი და რბილი სიმწკლარტე, რაც მის ტიპურობას განაპირობებს. დავარგებისას ღვინოს უვითარდება მკვეთრად გამოხატული ბუკეტი ხილის ტონებით. ქარვისფერი ღვინის ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 12%-ზე ნაკლები. შაქრიანობა კი არ უნდა აღემატებოდეს 4 გ/ლ-ს.

რაც შეეხება შემაგრებულ „კარდენახს“, მისი ფერი გარდამავალია ღია ოქროსფრიდან მუქ ქარვისფრამდე. აქვს სრული, ჰარმონიული გემო, გამოხატული ჯიშური არომატი და თაფლის ტონები. ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა იყოს 18% (დასაშვებია გადახრა ±0,5%-ის ფარგლებში), შაქრიანობა კი უნდა ჰქონდეს 100 გ/ლ (დასაშვებია გადახრა ± 5 გ/ლ-ს ფარგლებში).

„კარდენახი“ მზადდება მხოლოდ კარდანახის მიკროზონაში მოწეული რქაწითლის ჯიშის ყურძნიდან. ნაყოფი აუცილებლად უნდა იყოს მწიფე, ყურძნის შაქრიანობა კრეფის დროს უნდა იყოს არანაკლებ 20%. რაც შეეხება ჯიშების შერევას, შესაძლოა რქაწითელთან იმავე მიკროზონაში მოყვანილი კახური მწვანის და ხიხვის ჯიშის ყურძნების შერევა, თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია პროპორციები - მაქსიმუმ 15% .

გეოგრაფიულად, „კარდენახის“ მიკროზონის არეალი გულისხმობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდანახის ადმინისტრაციულ ტერიტორიას, ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი დაქანების ქვეშ გაშლილ ველებს.

„კარდენახის“ წარმოებისთვის განკუთვნილი ყურძენი, რომელიც მხოლოდ ამ მიდამოებშია მოწეული, შესაძლოა გადამუშავდეს და დამზადდეს მხოლოდ კახეთის ფარგლებში. ჩამოსხმა კი შესაძლებელია ფარგლებს გარეთ, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.

დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში