„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) დირექტორის მოადგილის, ლევან ნატროშვილის განცხადებით, ის, რომ ვერიფიკაციის აპარატის მეშვეობით საარჩევნო სიაში ამომრჩევლის დუბლირება ვერ მოხდება, მრავალჯერადი ხმის მიცემის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, რადგან ეს პროცესი „არაკეთილსინდისიერი საარჩევნო მოხელეების ჩართულობით ხდება“.
ამ განცხადებით ნატროშვილი ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, ISFED-ის შეფასებაზე ცესკო-ს განმარტებას გამოეხმაურა, სადაც საარჩევნო კომისია ხმის მრავალჯერადად მიცემის რისკს გამორიცხავს და ამბობს, რომ „ვერიფიკაციის აპარატით ამომრჩევლის რეგისტრაცია მხოლოდ ერთხელ და მხოლოდ იმ ერთ კონკრეტულ უბანზეა შესაძლებელი, სადაც ის რეგისტრირებულია“.
აღნიშნულის საპასუხოდ ლევან ნატროშვილი განმარტავს, რომ მრავალჯერადი ხმის მიცემისთვის დუბლირების საკითხი არაა ხოლმე გადამწყვეტი და არჩევნებზე მხოლოდ ორი ადამიანის - ნაკადის მომწესრიგებლისა და რეგისტრატორის საქმის კურსში ყოფნაა საჭირო იმისთვის, რომ ამომრჩეველს ხმის განმეორებით მიცემის შესაძლებლობა მიეცეს.
„საარჩევნო სიაში დუბლირება რომ ვერ მოხდება, არ ნიშნავს იმას, რომ მრავალჯერადი ხმის მიცემის პრობლემა აღმოიფხვრება და რისკი შემცირდება. მთავარი ის არაა, საარჩევნო სიაში დუბლირებულია თუ არა ადამიანი ან რამდენიმე საარჩევნო უბნის სიაში არის თუ არა. პრაქტიკიდან გამომდინარე, ვნახეთ 2021 წლის არჩევნების დროს იზა ჩირგაძის შემთხვევა, ქუთაისში. ადამიანმა, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი იყო, პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ აიძულებდნენ, უბანზე სხვისი პირადობის მოწმობით შესული ადამიანებისთვის, ვინც ცდილობდნენ რამდენჯერმე ხმის მიცემას, არჩევნებში მონაწილეობის და ბიულეტენის ჩაგდების ნება მიეცა. დუბლირების საკითხი არაა ხოლმე გადამწყვეტი მრავალჯერადი ხმის მიცემის. აქ მარტივი სქემაა. სამწუხაროდ, არაკეთილსინდისიერი საარჩევნო მოხელეების, კომისიის წევრების ჩართულობით ხდება ხოლმე მრავალჯერადი ხმის მიცემა. მაგალითად, ორი ადამიანია საჭირო, რომ საქმის კურსში იყოს - ეს არის ნაკადის მომწესრიგებელი, რომელიც მარკირებას და პირადობის მოწმობას ამოწმებს უბანზე ამომრჩევლის შემოსვლის დროს და მეორე არის რეგისტრატორი. რეგისტრატორმა იცის ხოლმე, ვინ არის ადამიანი, ვინც უნდა მოვიდეს და გაატაროს ამ უბანზე მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს ამომრჩეველი ამ უბანზე. ეს ადამიანი, შესაძლოა, თავისი ან სხვისი პირადობის მოწმობით მივიდეს. პირადი ნომრების ბაზა აქვთ ხოლმე, როგორც წესი. პარტიის კოორდინატორებმა, როგორც წესი, იციან, ვინ მივა არჩევნებზე, ვინ არა და იმ ადამიანებს იყენებენ მრავალჯერადად ხმის მიცემისთვის, ვინც არჩევნებზე მაღალი ალბათობით ვერ მიდის“,- განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
მან ისაუბრა რეკომენდაციებზე, რასაც ISFED გასცემს არჩევნებთან დაკავშირებით და თქვა, რომ სამომავლოდ არჩევნებზე ბიომეტრიული ვერიფიკაციის შესაძლებლობა უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში, ნატროშვილის განმარტებით, უბანზე მისული ამომრჩევლის შემოწმების უფლებამოსილება რეგისტრატორს არ უნდა ჰქონდეს, რითაც ადამიანური ფაქტორი გამოირიცხება.
„ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ბიომეტრიული ვერიფიკაციის შესაძლებლობა უნდა იყოს სამომავლოდ. გვესმის, რომ 2024 წლის არჩევნებზე ეს მოსწრებადი არაა. თითის ანაბეჭდების ვერიფიკაციას სჭირდება თითის ანაბეჭდების წინასწარ არსებული ბაზა. წინასწარ უნდა მოგროვდეს თითის ანაბეჭდები. როდესაც ამომრჩეველი უბანზე მივა, დააჭიროს თითი სპეციალურ ნიშნულზე და მოხდეს ვერიფიკაცია. 2024 წლისთვის ვერ მოესწრება. შეიძლება ეს არჩევნები გამოვიყენოთ, რომ ბაზა მოგროვდეს და შემდეგი არჩევნებისთვის შევძლოთ ამ ბიომეტრიული მონაცემების გამოყენება. ეს გამოიწვევს იმას, რომ რეგისტრატორს კი არ ექნება უფლებამოსილება უბანზე მისული ამომრჩეველი შეამოწმოს, არის თუ არა სიაში, არამედ აპარატი ავტომატურად გააკეთებს ამას და თუ თითის ანაბეჭდი არ დაემთხვა, ბიულეტენს ვერ მიიღებს. შესაბამისად, ადამიანური ფაქტორი გამოირიცხება. ამიტომ ვამბობთ, რომ დღეს არსებული სისტემით მრავალჯერადი ხმის მიცემა კვლავ პრობლემა შეიძლება იყოს. რისკი შემცირდა, ფოტოსურათი გამოდის ეკრანზე და შეიძლება ეს ვინმემ დაინახოს, მაგრამ არის უბნები, სადაც მეთვალყურე არაა, ან დამკვირვებელი მთელი დღე ვერ იდგება რეგისტრატორთან“,- განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
რაც შეეხება ცესკო-ს კრიტიკას, აქამდე რატომ არ საუბრობდნენ „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების ხარვეზებზე, ნატროშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხებზე ISFED აქამდეც საუბრობდა, თუმცა შეფასება წერილობითი სახით პირველად გამოაქვეყნეს. მისივე თქმით, „ცესკო-ს, ბოლო წლებში აქვს სტრატეგია, რომ არჩევნების საკითხებზე მომუშავე მხარეებისგან კრიტიკას ვერ იტანს“.
„ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ. თუ ამბობენ, რომ ამაზე არ გვისაუბრია, ტყუილია. არაერთი ღონისძიება ჩაგვიტარებია, მათ შორის ცესკოსთანაც. ცესკოსთვის სიახლე არაა, რასაც ვსაუბრობთ, ახლა გამოვაქვეყნეთ წერილობითი ფორმით, თუმცა აქამდეც გვისაუბრია, რა აქვს დადებითი ამ აპარატს, რა პრობლემებს მოაგვარებს და რას ვერ მოაგვარებს. გაუგებარია არგუმენტი, აქამდე რატომ არ ვთქვით. ვერ ვიგებთ მიდგომას, რომ კრიტიკა აღიქმება საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციად“,- განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
ნატროშვილმა ასევე უპასუხა ISFED-ის მისამართით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების კრიტიკასაც და განაცხადა, რომ "მათი მხრიდან მუდმივად ისმის ასეთი თავდასხმები და ეპითეტები და საკითხზე არგუმენტირებული მსჯელობა არ მიდის".
"გუშინ მოვუსმინე გია ვოლსკის, არჩილ თალაკვაძეს და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ეს დოკუმენტი არც უნახავთ და ცესკოს განცხადებას გამოეხმაურნენ თავიანთ სტილში. ანუ, კონკრეტულ არგუმენტებზე კი არ საუბრობენ, არამედ პირად თავდასხმას აქვს ხოლმე ადგილი. იგივე შემთხვევა იყო. ათასგვარი ეპითეტით გვამკობენ, თითქოს ვცდილობთ, ქვეყანა ავრიოთ, რაც რა თქმა უნდა, სრული სიცრუეა. მათ რომ ეს დოკუმენტი ენახათ, ასეთი არაფერი წერია. როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეებია შეფასებული. თუ რამეში არ გვეთანხმებიან, ნორმალურია, მაგრამ ასეთი თავდასხმები ნორმალური არაა", - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საქართველოში დანერგილი ელექტრონული აპარატების შეფასება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ „ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი ამომრჩეველთა ვინაობის შემოწმებას ბიომეტრიული მონაცემებით არ ახდენს, რაც მრავალჯერადი ხმის მიცემის თეორიულ შესაძლებლობას კვლავ ტოვებს“. „არსებულ აპარატებზე თითის ანაბეჭდით ამომრჩევლის იდენტიფიკაციის ფუნქციის დამატება შესაძლებელია, შესაბამისად, საჭიროა დაიწყოს მის დანერგვაზე მუშაობა", - ნათქვამია შეფასებით დოკუმენტში. რაც შეეხება ხმის მიცემისა და დათვლის პროცესს, ორგანიზაციის აზრით, საქართველოში შემოტანილი ოპტიკური ნიშნის ამომცნობი აპარატი შედარებით მოძველებული ტექნოლოგიაა, რომელიც ყველა გამოწვევას ვერ პასუხობს“. ISFED-ს ანგარიშს ცესკომ განცხადებით უპასუხა, სადაც ცენტრალური საარჩევნო კომისია განმარტავს, რომ ხმის მრავალჯერადად მიცემა გამორიცხულია „ვერიფიკაციის აპარატით ამომრჩევლის რეგისტრაცია მხოლოდ ერთხელ და მხოლოდ იმ ერთ კონკრეტულ უბანზეა შესაძლებელი, სადაც ის რეგისტრირებულია. ყველა დანარჩენ შემთხვევაში, იქნება ეს მეორედ ვერიფიკაციის გავლის თუ სხვა უბანზე რეგისტრაციის მცდელობა, აპარატი გამოსცემს სიგნალს და არ გაატარებს ასეთ ამომრჩეველს რეგისტრაციაში”,- აღნიშნულია ცესკო-ს განცხადებაში.