გეოგრაფიული აღნიშვნა „ქვევრი“ „საქპატენტში“ არის რეგისტრირებული

გეოგრაფიული აღნიშვნა „ქვევრი“ „საქპატენტში“ 2021 წლის 21 მაისს არის რეგისტრირებული.

„საქპატენტმა“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო.

ინფორმაციას „ქვევრის“ წარმომავლობის შესახებ „საქპატენტი“ ავრცელებს.

ქვევრი - ეს არის საქართველო. შეიძლება პათეტიკურად ჟღერდეს ეს სიტყვები, მაგრამ რამდენ დეტალსაც დავუკვირდებით, იმდენჯერ დავრწმუნდებით, რომ მართლაც ასეა.

ღვინის, ყველის, პროდუქტის მიწაში შენახვის უძველესი ტრადიციაა ქვევრი.

მტრის შემოსევების დროს, ღვინის, როგორც ქრისტიანული სასმლის ჩუმად შენახვა და ქრისტიანობის გადარჩენაა ქვევრი.

ქვევრის გასარეცხად ჩასული კაცის ჩუმი სიმღერა და ქვევრის ექოსგან გამოძახილის ანსამბლია ქვევრი.

ფილმია, სუვენირია, სიჯანსაღეა, არქეოლოგიაა ქვევრი.

ნასახლარის, სიძველის, მეღვინეობისა და სიცოცხლის არსებობაზე მიმანიშნებელი მისამართია ქვევრი.

ქართველი კაცისა და ქვევრის უსიტყვო სიყვარული და ურთიერთობა, ათასწლეულებით გამოცდილი ერთგულების განსაკუთრებული მაგალითია ქვევრი.

დაბოლოს, მეცნიერთა დასტურით, სწორედ „ქვევრია“ ის მთავარი საკვანძო სიტყვა, რომელმაც საქართველო „ღვინის სამშობლოდ“ აქცია.

2013 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-8 სესიაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდის“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანის შესახებ. სამეცნიერო კვლევების შედეგად, სწორედ საქართველო აღმოჩნდა ის ქვეყანა, რომელიც ყველაზე ადრე, 8000 წლის წინ იყენებდა ამ მეთოდს და დღემდე ამ ტექნოლოგიის ერთგულია. ამ გადაწყვეტილებამ საქართველოს აღიარებასთან ერთად, აღიარა ქვევრი, როგორც უნიკალური საღვინე ჭურჭელი. სულ რამდენიმე წელიწადში, 2017 წელს კი ქალაქ ბორდოში - ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში საზეიმოდ გაიხსნა გამოფენა „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“. ეს იყო საქართველოს გამარჯვების მორიგი ოფიციალური აღიარება. ამავე წელს ღვინის ისტორიკოსმა, პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმის პროფესორმა პატრიკ მაკგოვერნმა გააცნო მსოფლიოს 3-წლიანი კვლევა, რომლის შედეგად სწორედ ჩვენს ქვეყანას მიანიჭა ღვინის სამშობლოს წოდება.

ამერიკელი მეცნიერის დასკვნის შემდეგ მთელი მსოფლიო ალაპარაკდა ქვევრზე და, შესაბამისად, საქართველოზე. არაერთმა გიგანტურმა გამოცემამ მიუძღვნა სტატია ქვევრს. ზოგიერთ პუბლიკაციაში, მაგალითად, ამერიკულ ჟურნალ „Forbes“-ში აღნიშნული იყო, რომ ქართული ღვინის უნიკალურ გემოს სწორედ ქვევრის თიხის მინერალები განსაზღვრავს.

8000 წელია საქართველოში არსებობს მეღვინეობის უძველესი ტრადიცია, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძველი წელთაღრიცხვის VI-V საუკუნეების ჭურჭელი კი ხაზს უსვამს ქვევრში ღვინის დაყენების უძველეს მეთოდზე, რომელსაც ქართველი მეღვინეები დღემდე იყენებენ. ღვინის კატეგორიებში უკვე ცალკე მიმართულებად არის გამოყოფილი „ქვევრის ღვინო“, რომელიც ზუსტად უძველესი ტექნოლოგიით, ქვევრში დაყენებულ ღვინოს აღნიშნავს.

ქვევრი - ეს არის გამომწვარი თიხისგან დამზადებული ქართული ტრადიციული საღვინე ჭურჭელი, რომელიც გამოიყენება როგორც ყურძნის ტკბილის ალკოჰოლური დუღილისთვის, ასევე ღვინის შესანახად და დასავარგებლად.

ქვევრს აქვს კვერცხისებრი ფორმა. მისი შევიწროებული, წაწვეტებული ნაწილი ქვემოთ არის მოქცეული, ყელი კი ზემოთ. საქართველოს ტერიტორიაზე, სხვადასხვა რეგიონს მისთვის დამახასიათებელი ფორმისა და ზომის ქვევრი ჰქონდა, თუმცა ყველანაირი ქვევრი შეესაბამება მთავარ მოთხოვნებს და აგებულების ნორმებს, დასაშვებია მხოლოდ მცირედ ფორმის ცვლილება. ქვევრის მინიმალური ტევადობა არ უნდა იყოს 20 ლიტრზე ნაკლები, ყელის დიამეტრი - 25 სმ-ზე ნაკლები, ხოლო მისი სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 50 სმ.

ქვევრის დამზადებას სჭირდება რამდენიმესაფეხურიანი ეტაპის გავლა, ყველაზე მეტად კი გასათვალისწინებელია „ოქროს კვეთის პრინციპი“, რომელიც პროპორციულად უნდა შეესაბამებოდეს ქვევრის ზომებს. „მთელი ჰარმონიული უნდა გაიყოს ისეთ ორ არატოლ ნაწილად, როდესაც მცირე ნაწილი ისე შეეფარდება დიდს, როგორც დიდი მთელს და პირიქით, მთელი ისე შეეფარდება დიდს, როგორც დიდი მცირეს“ - აღწერენ ამ საქმის პროფესიონალები. ქვევრი მზადდება მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში და მის შესაქმნელად გამოიყენება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული ნედლეული.

ამ ეტაპზე „ქვევრი“ არის ერთადერთი არასასურსათო პროდუქტის გეოგრაფიული აღნიშვნა, რომელიც დარეგისტრირებულია საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრში. ამას საფუძვლად უდევს ქვევრის, როგორც საღვინე ჭურჭლის რეპუტაცია და ქვევრის, როგორც ნივთის შინაარსი, რომელიც ქართული კულტურული თვითმყოფადობის განუყოფელი ნაწილია.

ქვევრის სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება