საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი იმართება

1-ელ და 2 დეკემბერს, თბილისში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ასოციაცია „ქართული ღვინოს“ ორგანიზებით, ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე მეშვიდედ იმართება.

ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კონკურსზე წარდგენილია 110 კომპანიის 350-ზე მეტი ღვინის ნიმუში როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე უცხოეთიდან, სადაც ქართული ტექნოლოგიით ქვევრის ღვინო იწარმოება.

ჟიურის შემადგენლობაში საერთაშორისო დონის ქართველი და უცხოელი ექსპერტები არიან. ჟიურის ხელმძღვანელობს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, თანათავმჯდომარეა ცნობილი ღვინის ექსპერტი და კონსულტანტი რობერტ ჯოზეფი დიდი ბრიტანეთიდან.

„ჩვენი ქვეყნისთვის ქვევრის ღვინის კონკურსის ჩატარებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. კონკურსი სტიმულია მეწარმეებისთვის, რომ გააუმჯობესონ ღვინის ხარისხი და მრავალფეროვანი გახადონ პროდუქცია. აღსანიშნავია, რომ ქვევრის ღვინის ცნობადობა საერთაშორისო დონეზე წლიდან-წლამდე იზრდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კატეგორია მთელი მსოფლიოსთვის გახდეს ცნობილი, რისთვისაც აქტიურ მარკეტინგულ და პოპულარიზაციის კამპანიას ვახორციელებთ“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

კონკურსში გამარჯვებული ღვინოების დეგუსტაცია 3 დეკემბერს, წინანდალში, ქვევრის ღვინის სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართება.

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი საქართველოში პირველად ქვევრის სიმპოზიუმის ფარგლებში, 2017 წელს ჩატარდა.

ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო