„წინანდლის პრემიის“ მოკლე სია და „პალიტრა L-ის“ ავტორები

ზურაბ ჟვანიას ფონდის ორგანიზებით „წინანდლის პრემიის“ დაჯილდოება წელს 8 დეკემბერს გაიმართება. პრემია უკვე 25 წელია არსებობს და მისი შექმნის იდეა 1998 წელს წინანდალში ახალგაზრდა შემოქმედთა შეხვედრა-სემინარზე დაიბადა.

სემინარის ორგანიზატორი იყო საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი. პრემიის სახელიც მაშინვე შეირჩა. პირველი დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი მომდევნო წელს თეატრალურ სარდაფში გაიმართა. პროექტს თავიდანვე აქტიურად დაუჭირა მხარი პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ, რომლის პატრონაჟით ხორციელდებოდა "წინანდლის პრემია".

2023 წლის წინანდლის პრემიის მოკლე სიაში მოხვდნენ თანამედროვე ავტორები, რომელთა რომანებიც წლებია, ბესტსელერთა სიაშია, ზოგიერთმა მათგანმა კი მკითხველის აღიარება სულ ახლახან მოიპოვა.

აღნიშნულ ავტორებს შორის არიან „პალტრა L-ის“ კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი“ სხვადასხვა წლის გამარჯვებულები: თათული ღვინიანიძე, ანი ბალიაშვილი და მათე ბაღაშვილი. თათული ღვინიანიძემ კონკურსში გაიმარჯვა რომანით „აღიარება ხელის გულზე“, რამდენიმე წლის შემდეგ კი მკითხველს წარუდგინა ახალი წიგნი -„ერთი კვირა ერთ ოთახში, რომელიც ასევე ბესტსელერი წიგნების სიაში გახლავთ.

რაც შეეხება ანი ბალიაშვილსა და მათე ბაღაშვილს ისინი „გახდი ბესტსელერი 2023-ის“ გამარჯვებული ავტორები არიან. ანი ბალიაშვილი რომანით „ფსკერზე“ შეეხო ჩვენს ქვეყანაში არსებულ მწვავე საკითხს - ქალებზე ძალადობას, ხოლო მათე ბაღაშვილის „ბეტონების იქით“ ავტობიოგრაფიული ფაქტებითა და ილუზიებით ნაკარნახები რომანია, რომელშიც მკითხველმა შესაძლოა, საკუთარ ბავშვობასთანაც იპოვოს ბევრი პარალელი.

ავტორებმა „წინანდლის პრემიის“ მოკლე სიაში მოხვედრა შეაფასეს და აღნიშნეს, რომ მკითხველისა და ჟიურის აღიარება მათთვის ფასდაუდებელია:

თათული ღვინიანიძე: „ხალხის მიერ ჩემი წიგნის აღიარებამ და შეყვარებამ დამარწმუნა იმაში, რომ საკუთარ მისიას წარმატებით ვართმევ თავს. აქვე არსებობს მეორე მხარეც, საკმაოდ ხშირად ტექსტი შემფასებლისკენაც მიიჩქარის (შემფასებელი შესაძლოა იყოს პროფესიონალი ან მოყვარული); განსაკუთრებით მაშინ, როცა ავტორი თვითკრიტიკულია ანდა, უარესი, ჩემსავით პერფექციონისტი. ასეთ დროს ინტერესი გრღნის, გინდა იცოდე, რას ფიქრობენ შენს ნამუშევარზე ლიტერატურული კუთხით - რას მიიჩნევენ მის სუსტ და ძლიერ მხარეებად; ახერხებ თუ არა მკითხველთან სათქმელის მიტანას, გასაგებია თუ არა მისთვის ფარული ანდა აშკარა მესიჯები, შენეული სიმბოლიზმი, ალუზიები, მეტაფორები და „მოძღვრებები“. რა თქმა უნდა, როცა პროფესიონალები დადებითად აფასებენ შენს ნაწარმოებს, თავდაჯერება გემატება, უფრო გაბედული და თავისუფალი ხდები... თავისუფლებისა და გაბედულების გარეშე კი ხარისხიან ლიტერატურას ვერ შექმნი, რადგან იგი გულწრფელობაში გეხმარება. გულწრფელობა, თავის მხრივ, ავთენტური ტექსტების საძირკველია. გამოდის, მთავარი განმასხვავებელი „ხალხის მიერ აღიარებასა“ და „ლიტერატორთა მიერ აღიარებას“ შორის მიზანი და შედეგია: გსურს დაეხმარო თუ დაგეხმარონ? პირველ შემთხვევაში, დამხმარე თავად ხარ; მეორე შემთხვევაში კი დახმარების ხელს სხვისგან იღებ.

ანი ბალიაშვილი: „წინანდლის პრემიის ნომინანტობა ჩემთვის, როგორც დებიუტანტისთვის, რომელიც ჯერჯერობით ვერც კი ბედავს თავს მწერალი უწოდოს, უდიდესი პატივია. სიმართლე გითხრათ, არც მქონდა მოლოდინი, რომ სამეულში მოვხვდებოდი და შესაბამისად, ორმაგი სიხარული იყო ამის გაგება და შემდეგ უკვე გააზრება. რაც შეეხება აღიარებას, ვფიქრობ, ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იქნება ჩემი მხრიდან საკუთარ შემოქმედებაზე, მაგრამ საპირისპიროს ამტკიცებს თუნდაც „წინანდლის პრემიის“ ძალიან კომპეტენტური ჟიური და ზოგადად, ამ პრემიის მრავალწლიანი გამოცდილება და ისტორია. შესაბამისად, დიახ, ერთგვარი აღიარება ნამდვილად არის იმისა, რომ შენი წიგნი რაღაცით გამოირჩევა სხვა მრავალ წიგნს შორის. ვფიქრობ, ეს აუცილებლად იმოქმედებს მკითხველის მხრიდან ინტერესის გაზრდაზე და ზოგადად, მსგავსი პროექტების ერთ-ერთი მიზანიც ხომ ესაა, რომ რაღაც კონკრეტულისკენ მიმართოს ხალხის ყურადღება. მკითხველის ამპლუაში მეც ხშირად მქონია ეს მომენტი, რადგან გაინტერესებს რატომ არის ესა თუ ის ნაწარმოები განსაკუთრებული, გამორჩეული, რატომ აირჩია ჟიურიმ მაინც და მაინც ის... „

მათე ბაღაშვილი: „ავტორისთვის, რომელიც სამწერლობო სამყაროში ახალი სახეა და ყველაზე კრიტიკული საზოგადოების, მკითხველის, წინაშე მარტოდმარტო დგას, „წინანდლის პრემიის“ სიაში მოხვედრა განსაკუთრებული მოვლენაა. მით უფრო მაშინ, როცა წლების განმავლობაში გულშემატკივრობ ამ პროექტის იდეას და იმ ადამიანის იდეალებს, ვინც 1998 წელს ეს ყველაფერი შექმნა. იყო იმ ყველაფრის ნაწილი, რაც ბატონმა ზურაბ ჟვანიამ ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასასრულს, შემოქმედებითობის ყველაზე ბნელ ეპოქაში, ახალგაზრდებისთვის შექმნა, ალბათ, არის ყველაზე დიდი მონაპოვარი, რაც ამ წლების განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში ყოფილა. არ მჯეროდა ხოლმე, როცა ადამიანები სხვადასხვა კონკურსში ან დაჯილდოებებზე იძახდნენ „მონაწილეობა უკვე გამარჯვებააო“, მაგრამ ბოლო რამდენიმე კვირაა მხოლოდ ამაზე ვფიქრობ.

აღსანიშნავია, რომ „წინანდლის პრემიის“ ლაურეატებს ჟიური მეცნიერებისა და ხელოვნების 8 დარგში ავლენენ: თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, პროზა, პოეზია, მუსიკალური ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სახვითი ხელოვნება და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

8 დეკემბრის ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს.

(R)

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება