ქვეშეთი-კობის გვირაბის სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა დაათვალიერა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში მშენებარე 9 კმ-იანი გვირაბის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის გზის პროექტი აზიის განვითარებისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკებთან (EBRD) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდ ლარს შეადგენს.

„ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი 2 მონაკვეთადაა დაყოფილი, რომლის ფარგლებშიც შენდება 23 კმ-იანი, 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი, 5 გვირაბი და რეაბილიტაცია უტარდება 1 ხიდს. ამ დროისათვის, 5 გვირაბიდან უკვე გაიჭრა 2 გვირაბი, ხოლო ყველაზე გრძელი - 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი უკვე 8 კმ და 100 მ-ზეა გაჭრილი. სამუშაოები აქტიურად გრძელდება დანარჩენ გვირაბებსა ხიდებზეც, სადაც ბურჯებისა და ხიმინჯების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის დასრულება ეტაპობრივად 2024-2025 წლებში იგეგმება“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„პროექტი, რომელიც წარმოადგენს ყველა დაგროვილ გამოწვევაზე კომპლექსურ პასუხს, ვითარდება ინტენსიური სამუშაოების ფონზე და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ქვეყნის შიგნით რეგიონული კავშირისთვის, ისე საერთაშორისო რეგიონული თვალსაზრისით. შთამბეჭდავი პროცესია ამ ისტორიული პროექტის 9 კმ-იანი გვირაბის ბურღვითი სამუშაოები, სადაც მომდევნო წელს დაიწყება ელექტრო, მექანიკური, უსაფრთხოების და სხვა ძალიან მნიშვნელოვანი სისტემების მონტაჟიც. პარალელურად, იჭრება სათადარიგო საევაკუაციო გვირაბი, გრძელდება მისასვლელი გზის, ხიდების მშენებლობაც”, -აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

„აღფრთოვანებული ვარ იმ შესანიშნავი წინსვლით, რომელსაც მივაღწიეთ ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორთან - ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობით. გვქონდა შესანიშნავი შესაძლებლობა ადგილზე გავცნობოდით საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქვეშეთი-კობის გზის ინფრასტრუქტურულ პროექტს და გვენახა გვირაბის გაყვანის სამუშაოები. გვირაბის დიდი ნაწილი გაბურღულია და სამუშაოები დასრულდება მომავალი წლის თებერვალში”, -აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორმა, ევგენი ჟუკოვმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 9 კმ-იანი გვირაბის ბურღვის სამუშაოები პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული გვირაბგამყვანი დანადგარით (TBM - Tunnel Boring Machine) წარმოებს.

„ამ ეტაპზე, სამუშაოების დაახლოებით 90% შესრულებულია. ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი, საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება. ქვეშეთი-კობის გზის პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზისა და ტურისტული ცენტრის მშენებლობაც.

პროექტის დასრულების შემდეგ, კობის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა ზამთარში აღარ შეიზღუდება. უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებასთან ერთად, ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროსაც და ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 საათის ნაცვლად 15 წუთი დასჭირდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო