სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში

წლის ბოლოს სილქნეტმა ტრადიციულად უმასპინძლა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქველმოქმედო ვახშამს. 2018 წელს დაარსებული ფონდი, ემსახურება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისა და ვეტერანების მხარდაჭერას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვეტერანთა კავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით, ფონდი უზრუნველჰყოფს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების დახმარებას.

2023 წელს დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში საერთო შემოწირულობამ 587 000 ლარი შეადგინა, საიდანაც ფონდის 60-მა ბენეფიციარმა მიიღო დაფინანსება: საზღვარგარეთ მკურნალობაზე, პროტეზირებაზე, სამედიცინო კვლევებზე, მედიკამენტებზე, რეაბილიტაციის კურსებზე და სხვა. ფონდმა ასევე გამოყო სახსრები ბენეფიციართა არასრულწლოვანი შვილების და მეუღლეების საჭიროებებზე.

ფონდის მთავარი დონორი, კომპანია სილქნეტი, ყოველწლიურად 300 000 ლარს რიცხავს ფონდის ანგარიშზე. სილქნეტის თანამშრომლები ფონდის საქმიანობას ნებაყოფლობით საწყისებზე უძღვებიან და არ იღებენ გასამრჯელოს ფონდის სახსრებიდან. წელს სილქნეტმა ფონდის საჭიროებებისთვის ერთჯერადად გაიღო დამატებით 800 000 ლარი. ფონდის მსხილ შემომწირველებს შორის არიან საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, ბიზნეს ასოციაცია, ამერიკული Silk Road Wines Foundation Inc, არქი პრომოუშენი, სილქ ჰოსპიტალიტი და სხვა ორგანიზაციები და კერძო პირები.

“ფონდის სახელით და ყველა იმ დაჭრილი მებრძოლის სახელით, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა შემომწირველს. როცა დაჭრილ მეომრებზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ კონკრეტული სახელების და გვარების უკან ოჯახები დგას. მიმდინარე წელს ფონდის კრიტერიუმებში ჩვენ შევიტანეთ მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლის მიხედვითაც დაჭრილი სამხედროების მეუღლეების საჭიროებებზე ვიმუშავებთ. გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად შევადგინეთ კითხვარი, რომლის მიხედვითაც მოხდება ამ სამიზნე ჯგუფისთვის სპეციალური პროგრამების შემუშავება. Ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების მხარდაჭერას. - განაცხადა ფონდის და კომპანია სილქნეტის გენერალურმა დირექტორმა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების ვეტერანმა, ვახტანგ გორგასლის ორდენისა და ღირსების ორდენის მფლობელმა დავით მამულაიშვილმა.

2023 წლის ანგარიშის წარდგენამდე ღონისძიების სტუმრებს ფონდის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა მიმართა. მან მადლობა გადაუხადა ქართველ გმირებს და ქვეყნის ერთიანობის და ევროპული მომავლის განსაზღვრის საქმეში მათი უდიდესი წვლილი აღნიშნა: „15 დეკემბერს ევროკავშირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელსაც მთელი ქვეყანა მოუთმენლად ველოდებით. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება დადებითი. და თუ ეს ასე მოხდა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ლომის წილი ამ საქმეში, თქვენ გეკუთვნით.“

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ იმ ქვეყნების გამოცდილებას იზიარებს, სადაც ქველმოქმედების მრავალწლოვანი ტრადიცია არსებობს. ფონდის პარტნიორი არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, საელჩო და საქველმოქმედო ფონდია.

ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა აშშ-ს ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა და საქართველოს თავდაცვის მინისტმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

„მინდა მადლობა გადავუხადო ფონდს და სილქნეტს. თქვენ ნამდვილად დიდ საქმეს აკეთებთ. ფონდთან ერთად გვაქვს სამომავლო ინიციატივები და გვსურს ჩავრთოთ დაჭრილი მებრძოლები სოციალურ პროექტებში. სოციალური და სამოქალაქო ვალდებულება - საუკეთესო საშუალებაა გვერდში დავუდგეთ დაჭრილ მებრძოლებს და დაღუპული გმირების ოჯახებს“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თავდაცვის სამინისტროსა და ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, ელჩები, სამხედრო ატაშეები და ნატოს სამეკავშირო ოფისის წევრები, სამხედრო მოსამსახურეები, ბიზნესმენები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში“ დონაციის გასახორციელებლად შექმნილია საქველმოქმედო ნომერი 0 901 777 771 (1 ზარი-1 ლარი) და გახსნილია ანგარიშები, სადაც ნებისმიერი თანხით შესაძლებელია გმირი მებრძოლების მხარდაჭერა.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო