სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ INVEST IN GEORGIA-ს ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ INVEST IN GEORGIA-ს ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ანგარიშის პრეზენტაცია კი სტუმრებს სააგენტოს ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა წარუდგინა.

25 საერთაშორისო პროექტი, 6 000 ახალი სამუშაო ადგილი და 1 მილიარდი ლარის ინვესტიცია - ანგარიშის თანახმად, ასე გამოიყურება 2020-2023 წლების სააგენტოს საინვესტიციო შედეგები.

„აწარმოე საქართველოში“ დირექტორის, მიხეილ ხიდურელის თქმით, სააგენტომ გადაჭარბებით შეასრულა 2020 წელს შემუშავებული სტრატეგია.

„მოვიზიდეთ 20 კომპანია, შევქმენით 6 000 სამუშაო ადგილი და მილიარდ ლარს მიაღწია ინვესტიციების რაოდენობამ, რომელიც კონკრეტულ სექტორებში მოვიზიდეთ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის ქვეყნის საინვესტიციო სტატისტიკა, ეს სააგენტოს სამიზნე მაჩვენებელია. ზოგადად, მსოფლიო პრაქტიკას თუ შევხედავთ, განვითარებულ ქვეყნებში საინვესტიციო სააგენტოებს მთლიანი FDI-ის მხოლოდ 10% აქვთ, ამ მონაცემებს ჩვენი სააგენტო სრულად აკმაყოფილებს.

რა თქმა უნდა ვაგრძელებთ ახალ სტრატეგიაზე მუშაობას, ახალი ინვესტიციების მოზიდვას, ახალ სექტორებზე ვაპირებთ მუშაობის დაწყებას და დარწმუნებული ვართ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მალე უფრო მეტი შედეგი გვექნება“ - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

სააგენტოს ცნობით, 3-წლიანი სტრატეგიის ფარგლებში, INVEST IN GEORGIA-მ საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, შეიმუშავა პოტენციური ინვესტორი კომპანიების სია, რომელთაგან 2 700-ზე მეტ კომპანიასთან მოხდა დაკავშირება და შედგა 300-ზე მეტი შეხვედრა.

„სტრატეგიის ფარგლებში, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან თანამშრომლობით დაიწყო პროექტების მოძიების პროგრამაც (lead Generation).

საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაციის მიზნით, აღსანიშნავია INVEST IN GEORGIA-ს კიდევ ერთი მიმართულება - ლოკაციის კონსულტანტებთან თანამშრომლობა. სააგენტოს ხელშეწყობით, ბოლო 3 წლის განმავლობაში ქვეყანაში 25-ზე მეტი ლოკაციის კონსულტანტი და ექსპერტი ჩამოვიდა, რომელთა დახმარებითაც, პოტენციური ინვესტორები ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელების გადაწყვეტილებას იღებენ.

ამასთან, საქართველოს ბიზნეს გარემოს შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად, INVEST IN GEORGIA საერთაშორისო მედია კამპანიებსაც აწარმოებს. საანგარიშო პერიოდში, სხვადასხვა გლობალურ მედია საშუალებაში, მათ შორის - Bloomberg, fDi Intelligence, Global Finance - გამოქვეყნდა 50-ზე მეტი სტატია და ანგარიში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც 2020-2023 წლების საინვესტიციო სტრატეგიის ფარგლებში სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ შეიმუშავა და განახორციელა, FDI გრანტის სახელმწიფო პროგრამაა. პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო კომპანიებს საშუალება აქვთ ინვესტირებული თანხის 15%-მდე უკან დაიბრუნონ. პროგრამას უკვე ჰყავს ორი ბენეფიციარი - მულტინაციონალური კომპანიები: Lineate და Girteka.

საანგარიშო პერიოდში განხორციელებული აქტივობების შედეგად, საქართველოში ინვესტიციები განახორციელეს ისეთმა მსხვილმა საერთაშორისო კომპანიებმა, როგორებიცაა: Indorama, Girteka, Teleperformance, Concentrix, TEPCO და სხვები. აღსანიშნავია რომ, ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, სააგენტო წარმატებით უზიარებს გამოცდილებას პარტნიორ ქვეყნებსაც.

სააგენტოს ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის განხორციელებაში, დახმარებას უწევდნენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის: IFC, USAID, EBRD, GIZ, UNGCNG, UN WOMEN, ADA, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.

INVEST IN GEORGIA-ს ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდნენ მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოს წევრები, დიპლომატიური კორპუსის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ბიზნეს სექტორი და ინვესტორი კომპანიები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა