დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი გვაძლევს საშუალებას მონეტარული პოლიტიკა ეტაპობრივად შევამსუბუქოთ და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთები შევამციროთ, რაც საბოლოო ჯამში, ლარის რესურსზე აისახება, - აღნიშნული განმარტება მედიასთან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ გააკეთა.
თურნავას ინფორმაციით, დედოლარიზაციასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პოლიტიკა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თანმიმდევრულად გრძელდება და დოლარიზაციის დონე როგორც სესხების, ასევე დეპოზიტების თვალსაზრისით 20%-ით და მეტით შემცირდა.
„ჩვენი მიზნობრივი ინფლაცია კვლავაც 3%-იან ნიშნულზე დარჩება. რაც შეეხება პროგნოზს, ინფლაცია უახლოეს თვეებში მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით დაბალი იქნება. 2024 წლის ბოლოს ის დაუახლოვდება და დაკონცენტრირდება 3%-იანი ნიშნულის ირგვლივ.
ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი გვაძლევს საშუალებას მონეტარული პოლიტიკა ეტაპობრივად შევამსუბუქოთ და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთები შევამციროთ, რაც საბოლოო ჯამში, ლარის რესურსზე აისახება - ლარის სესხების საპროცენტო განაკვეთიც ნელ-ნელა მცირდება. ეს მნიშვნელოვანია, როგორც ცვლადგანაკვეთიანი სესხების მიმღები ადამიანებისა და ბიზნესებისთვის, ასევე ერთიანგანაკვეთიანი სესხების მსესხებლებისთვის. ეს შესაძლებელია მხოლოდ დაბალი ინფლაციის პერიოდში და ყველა თანაბარ პირობაში, რადგან ბევრი რისკი არსებობს. ძირითადი რისკი ეს არის გეოპოლიტიკური გაურკვევლობა, რა ვითარებაც რეგიონში ნარჩუნდება. ეს დაკავშირებულია როგორც რუსეთ-უკრაინის ომთან, ასევე ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ესკალაციასთან. კიდევ ერთი ნეგატიური ფაქტორი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, ეს არის გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობები, რაც შეეხება გლობალურად გამყარებულ დოლარსა და ევროს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის შემდგომი სამი წლის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები წარადგინა. აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს როგორც ინფლაციის პროგნოზს, ასევე ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს, არსებული მაკროეკონომიკური ვითარების მიმოხილვას და იმ მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტებს, რასაც ეროვნული ბანკი იყენებს.