ანალენა ბერბოკი - უკრაინაში კონფლიქტის გაყინვა ნიშნავს, რომ საფრთხე, რომელიც ევროპის უსაფრთხოებას რუსეთისგან ემუქრება, შენარჩუნდება

უკრაინაში კონფლიქტის გაყინვა ევროპისთვის საფრთხის შენარჩუნებას ნიშნავს - აქედან გამომდინარე, ძალაში რჩება ის, რაც 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ გადავწყვიტეთ: მხარს ვუჭერთ უკრაინას, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა გერმანულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

მინისტრის თქმით, პუტინის განცხადებები ცხადყოფს, რომ მისთვის საქმე ეხება არა მხოლოდ აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებს, არამედ მთელი ქვეყნის და მისი ხალხის დამორჩილებას.

„შესაბამისად, კონფლიქტის „გაყინვა“ ნიშნავს არა მხოლოდ უკრაინის მხრიდან მისი ტერიტორიის ოკუპირებულ ნაწილსა და იქ მცხოვრებ ხალხზე უარის თქმას, არამედ რუსეთის მხრიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე განუწყვეტელი ძალადობის გავრცელებას, უპილოტო საფრენი აპარატებით კიევზე, ოდესასა თუ ხერსონზე თავდასხმებს,. „გაყინვა“ ნიშნავს უკრაინისთვის სუვერენიტეტისა და იდენტობის დღითიდღე ჩამორთმევას და ეს ასევე ნიშნავს, რომ რუსეთის საფრთხე ევროპის უსაფრთხოებისთვის შენარჩუნდება“, - აღნიშნა ბერბოკმა.

გარდა ამისა, მისი შეფასებით, კონფლიქტის „გაყინვის“ შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიეცემა სტრატეგიული შესაძლებლობა, აღადგინოს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალები და ადრე თუ გვიან კიდევ უფრო სასტიკი მოქმედება დაიწყოს უკრაინის ტერიტორიის გარეთაც კი.

„აქედან გამომდინარე, ძალაში რჩება ის, რაც გადავწყვიტეთ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ: მხარს ვუჭერთ უკრაინას არა მხოლოდ მეგობრისადმი ლოიალურობის გამო, ჩვენ მხარს ვუჭერთ მას იმიტომ, რომ შეძლოს თავისი ხალხის ჯოჯოხეთიდან გათავისუფლება და იმიტომ, რომ ეს ჩვენს საკუთარ უსაფრთხოების ინტერესებშია“, - განაცხადა ბერბოკმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს