„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაზა გოგავა გახდა.
ზაზა გოგავა თავმჯდომარედ თბილისის ორგანიზაციის ფორუმზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა წარადგინა.
გოგავას თქმით, თბილისი აუცილებლად იქნება ევროპული, თავისუფალი, ერთიანი საქართველოს დედაქალაქი.
„ცოტა არ იყოს ვღელავ და ვღელავ იმ პასუხისმგებლობისთვის, რომელიც დღეს თქვენ, ძვირფასმა თბილისელებმა მომანიჭეთ. ცოტა ძნელია გამოხვიდე დარბაზში, სადაც წაიკითხეს უმაღლესი მთავარსარდლის ეს გულმხურვალე მიმართვა. მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ის ამ სახელით მოიხსენიოს - უმაღლესი მთავარსარდალი მიხეილ სააკაშვილი.
მოგესალმებით ყველას და მივესალმები იგორ ნარმანიას და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდულ ორგანიზაციას. განსაკუთრებით მინდა მივესალმო გიული ალასანიას. ქალაქ თბილისის თავზე ყოველ თქვენგანს შეუნიშნავს “ქართლის დედა”. წარმოუდგენელია შვილი გყავდეს პუტინის ტყვეობაში და ასე მედგრად იდგე, აჩვენებდე თავგანწირვას, გარედან მხნეობას. კიდევ ერთხელ მადლობა, რომ დღეს მოიცალა და მოვიდა აქ ჩვენთან ერთად.
თბილისი ყოველი ქართველისთვის ერთიანი საქართველოს მარადიული სიმბოლო და საფიცარი ხატია.
ოდითგანვე საქართველოს სვებედი თბილისის მდგომარეობაზე იყო დამოკიდებული.
თბილისი ყოველთვის იყო არამარტო საქართველოს, არამედ მთელი კავკასიის ცენტრი, ის იყო ევროპის აღმოსავლეთ კარიბჭე. მინდა დავსვა შეკითხვა, თუ რა იყო მიზეზი, რატომაც დავით აღმაშენებელმა საქართველოს დედაქალაქი თბილისში გადმოიტანა?ეს იყო ერთიანი კავკასიური კულუტურულ-პოლიტიკური სივრცის შექმნის იდეა, რამაც განვლილი 9 საუკუნის განმავლობაში წარმატებით იმუშავა. დღეს საქართველოს და შესაბამისად თბილისსაც, აქვს მნიშვნელოვანი გამოწვევები, თუმცა ჩვენ, გამოწვევები შეგვიძლია და უნდა ვაქციოთ შესაძლებლობად. ეს შესაძლებლობა ევროპაა, ჩვენ კი არ უნდა შევიდეთ ევროპაში, ევროპა უნდა მოვიწვიოთ კავკასიაში, სწორედ ეს როლი ეკუთვნის თბილისს! ამ ქალაქისთვის და ამ ქვეყნისთვის ბრძოლა გრძელდება. დღეს ეს ქალაქი გაჩერებულია, ტანჯავს საცობები, ეკოლოგიური, რეკრეაციული, განაშენიანების გამოწვევები, პრობლემები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით და კიდევ სხვა მრავალი…იმისათვის, რომ თბილისმა დაძლიოს ეს გამოწვევები, საჭიროა ცვლილებები მთელი ქვეყნის მასშტაბით და მე გპირდებით, რომ ამ ცვლილებებისთვის ბრძოლაში ვიქნებით ერთად, ერთმანეთის მხარდამხარ, ყველა თაობის წარმომადგენელთან ერთად და თბილისის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაცია ამ ბრძოლაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს. ამ ქვეყნისთვის, ამ ქალაქისთვის სხვადასხვა დროს, სხვადასხვა თაობებს უბრძოლია. უბრძოლია ზვიად გამსახურდიას, რომლის სახელსაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა უკავშირდება. უბრძოლია და იბრძვის მიხეილ სააკაშვილი, რომლის სახელთანაც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს სხეულის ჩამოყალიბებაა დაკავშირებული. მინდა მივესალმო უმაღლეს მთავარსარდალს მიხეილ სააკაშვილს, ვუსურვო ჯანის სიმტკიცე და მხნეობა! ჩვენ ვიბრძოლებთ ცვლილებებისთვის, რომ საქართველო იყოს თავისუფალი, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი, რომ თბილისი იყოს ერთიანი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფო - საქართველოს დედაქალაქი! თბილისი ტოლერანტული ქალაქია, საქართველო სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციის ქვეყანაა, მაგრამ ტოლერანტობა და სტუმარ-მასპინძლობა, არ ნიშნავს სტუმარს და მასპინძელს შორის ზღვარის გაქრობას. ამ ხელისუფლების გადამკიდე მომხდურს, მოყვასად გვასაღებენ. ჩვენი სამშობლოსთვის და თბილისისთვის ბრძოლა დიდი პატივია. მინდა ქედი მოვიხარო ჩვენი წინაპრების წინაშე, ვინც საკუთარი სიცოცხლე გაიღო და ბრძოლის ველზე დაეცა, რომ დაეცვა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი, ჩვენი იდენტობა, ჩვენი ენა, თავისუფლება.
განსაკუთრებულად მინდა გავამხნევო ყველა ქართველი მებრძოლი, რომლებიც ამ წუთებშიც გმირულად იბრძვიან ოკუპანტი, ტერორისტი რუსეთის წინააღმდეგ”, - განაცხადა.
ამასთან, გოგავას თქმით, ცვლილებებს თბილისში მოქალაქეებთან ერთად მიაღწევს.
„შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, როგორ მივაღწევთ ცვლილებებს? მე გპასუხობთ, ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ, ჩემი გუნდი ხართ - თქვენ! მინდა გაცნობოთ ჩემი ინიციატივის შესახებ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის პარალელურად, ვქმნით თბილისის საზოგადოებრივ დარბაზს, სადაც იქნება დისკუსიები, დაიხვეწება იდეები, რათა თბილისი კვლავ დიდებულ ქალაქად ვაქციოთ. მე პირადად გპირდებით, რომ მუდმივად შევახსენებ, პირველ რიგში, ჩემს თავს და მერე ყველა თქვენგანს, რომ ჩვენ გვაქვს ვალი საკუთარი სამშობლოს წინაშე და ახლა ამ ვალის დაბრუნების დროა. თბილისში ბევრმა საკუთარი წარუშლელი ნაკვალევი დატოვა და ჩვენ ქალაქს ვალი ერთი ასად დაუბრუნა. ამის ნამდვილი სიმბოლო ბუბა კიკაბიძეა, რომელმაც შექმნა დიდი ეპოქა და სიცოცხლის ბოლომდე მტკიცედ იცავდა საქართველოსა და ჩვენი ქალაქის სახელს. თბილისი აუცილებლად იქნება ევროპული, თავისუფალი, ერთიანი საქართველოს დედაქალაქი. საქართველოს გაუმარჯოს, თბილისს გაუმარჯოს!” , - განაცხადა ზაზა გოგავამ.