საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობისა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მხარდაჭერით, საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნის“ შესახებ მეორე ეროვნული კონსულტაცია და „თეთრი წიგნის“ პრეზენტაცია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომიტეტის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის შემუშავების პროცესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, ისაუბრეს „თეთრი წიგნის" თაობაზე, რომლის საჯარო განხილვებისას გამოთქმულ წინადადებებს, მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს კანონპროექტში გაითვალისწინებენ.
„თეთრი წიგნი“ მოიცავს ძირითად პრინციპებს, რომელიც საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონში უნდა აისახოს. „თეთრი წიგნის“ მიზანი საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის შემუშავებისთვის ფართო საზოგადოებრივი დისკუსიისა და კონსულტაციების გაგრძელებაა.
როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ აღნიშნა, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მთავრობას მრავალი სტრატეგია და გეგმა, საკანონმდებლო აქტი აქვს დამტკიცებული, ასევე ნაკისრი აქვს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ვალდებულებები, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ გვაქვს ერთიანი ჩარჩო კანონი, რომელიც განსაზღვრავს როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების როლს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის კუთხით.
მისივე თქმით, კლიმატის ცვლილება 21-ე საუკუნეში ყოველდღიურ ცხოვრებას თან სდევს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ის ახალი საკანონმდებლო აქტი, რომლის განხილვასაც პარლამენტი 2024 წელს დაიწყებს. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კანონპროექტის შემუშავების პროცესში საზოგადოების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.
„საქართველოს პარლამენტში ასევე შეიქმნება მუდმივმოქმედი საბჭო, რომელიც მაკოორდინირებელი იქნება როგორც საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კუთხით, ასევე ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ღონისძიებების განხორციელების თვალსაზრისით, ენერგეტიკის, სატყეო, სოფლის მეურნეობის სექტორში, ნარჩენების მართვაში, ტურიზმსა თუ ყველა იმ სექტორში, რომელიც პირდაპირ თუ ირიბ კავშირშია კლიმატის ცვლილებასთან შერბილების ღონისძიებების დაგეგმვის თვალსაზრისით.
საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნის" განხილვას უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.
„თეთრი წიგნის“ მორიგი საჯარო კონსულტაცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება.
დოკუმენტი მომზადდა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) პროგრამის „გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგობისა და დემოკრატიული მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.