რას ელის ნატო საქართველოსგან ინტეგრაციის პროცესში პროგრესის მისაღწევად
რა გამოხმაურება მოჰყვა თბილისში ვენეციის კომისიის დასკვნას საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით
შეიქმნება თუ არა ოპოზიციაში „ერთობის კომიტეტი" - ვინ შეუერთდება სააკაშვილის ინიციატივას
* * *
რას ელის ნატო საქართველოსგან ინტეგრაციის პროცესში პროგრესის მისაღწევად
“ნატო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს 2024 წლის არჩევნების მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებზე ჩატარებას და საქართველოს ინტეგრაციის პროგრესი ალიანსში მნიშვნელოვანწილად ამ ფაქტორზეც იქნება დამოკიდებული - “იმედი გვაქვს, რომ 2024 წლის არჩევნებში რეალურ, ცოცხალ დემოკრატიულ პრაქტიკას ვნახავთ” - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითიც ხაზი გაუსვა ნატოს პოზიციას საქართველოსთან მიმართებაში. მისი თქმით, ნატოსთვის დემოკრატია ამოსავალი წერტილია. შესაბამისად არჩევნები სამართლიანი, კონკურენტული გზით უნდა ტარდებოდეს და სწორედ ეს იყო მთავარი გზავნილი, რომელიც პრეზიდენტს და პრემიერ მინისტრს გადასცა. პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ნატოს იგივე მოთხოვნები აქვს საქართველოს მიმართ, რაც ევროკავშირს. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე კი აღნიშნავს, რომ ნატოს მთავარი მოთხოვნაა საქართველო იყოს დემოკრატიული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას ელის ნატო საქართველოსგან ინტეგრაციის პროცესში პროგრესის მისაღწევად.
“ზუსტად იგივე მოთხოვნები აქვს ნატოს საქართველოს მიმართ, რაც ევროკავშირს, თუ არ ჩავთვლით სამხედრო საკითხებს. ძირითადი ეს არის - კანონის უზენაესობა, ბიუჯეტის გამჭვირვალობა, შესყიდვების გამჭვირვალობა. ასევე, სამხედრო ბიუჯეტის სტრუქტურირება ისე, რომ სამხედრო ძალებისთვის უზრუნველყოფილი იყოს გრძელვადიანი სამხედრო პოტენციალის ზრდა საქართველოში, და რა თქმა უნდა, ეს არის ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა ნატოს წევრი ქვეყნების 90%, თუ არ ჩავთვლით შეერთებულ შტატებს და კანადას, ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა არ არის ნატოს წევრი - მათ შორის ირლანდია და ავსტრია, რომლებიც ნეიტრალურები არიან. ასე რომ, ნატოს იგივე სახის მოთხოვნები აქვს საქართველოს მიმართ, რაც ევროკავშირს” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.
“ჯერჯერობით ბევრი პრობლემაა, პირველ რიგში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ ნატოს ფარგლებში ჯერ კიდევ 1995 წელს გამოქვეყნდა კვლევა გაფართოების შესახებ. სადაც წარმოდგენილი იყო მთავარი მოთხოვნები, რომელიც ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე, რომ გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, ეს გახლავთ, რომ ქვეყანა უნდა იყოს დემოკრატიული. გარდა ამისა, იქ არის საკითხები, რომ სასაზღვრო პრობლემები უნდა იყოს მოგვარებული, სასაზღვრო დავები და შიდა კონფლიქტები უნდა იყოს მოწესრიგებული და ა.შ. პირველ რიგში დემოკრატიული თვალსაზრისით საქართველო ჯერჯერობით არ აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს. სამხედრო თვალსაზრისით კი ბატონო, არის გარკვეული პროგრესი. საქართველო თავდაცვაზე გამოყოფს საკუთარი მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 2%-ს, შეიარაღებაზე გამოიყოფა თავდაცვის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი, მაგრამ, დემოკრატიული ინსტიტუტების თვალსაზრისით, ასევე სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების მიმართულებით მოვისუსტებთ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
რა გამოხმაურება მოჰყვა თბილისში ვენეციის კომისიის დასკვნას საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით
“ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ არსებული ინსტიტუციური პროექტი არ ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის საკმარის ხარისხს და მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ზედამხედველობისა და მაღალი დონის თანამდებობის პირების ქონებრივი და ინტერესების დეკლარაციების მონიტორინგთან დაკავშირებით მისი კომპეტენციები კანონში დამატებით გარანტიების შეტანას მოითხოვს. ამასთან, ვენეციის კომისია და ოდირი საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებზე წერს, რომ შეთავაზებული ცვლილებები არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად. “ქართულ ოცნებაში” კი “გაუგებარს” უწოდებენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომლის მიხედვით, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი მთავრობის ხელმძღვანელის ნაცვლად, პარლამენტმა უნდა დანიშნოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა გამოხმაურება მოჰყვა თბილისში ვენეციის კომისიის დასკვნას საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით.
“ვენეციის კომისია სამართლებრივი არგუმენტაციის გარეშე ამბობს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის არჩევასთან დაკავშირებით უნდა დავუბრუნდეთ მოცემულობას, როგორც ეს 19 აპრილის შეთანხმებაშია გაწერილი,” - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია. “დასკვნასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გვაქვს, რადგან პროცესი დეტალურად და არგუმენტირებულად ავხსენით. ჩვენ მათ დეტალურად განვუმარტეთ იმის თაობაზე, რატომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების შერჩევის პროცესი პრეზიდენტიდან პარლამენტში გადმოსულიყო. პრეზიდენტმა პროცესი ჩიხში შეიყვანა, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებმა დემარში მოაწყვეს, რათა პრეზიდენტის კომისიაში მონაწილეობა არ მიეღოთ. პროცესი წინ ვერ წავიდა იმის გამოც, რომ ხუთი თვის განმავლობაში გამოცხადებულ კონკურსზე, უნდობლობიდან გამომდინარე, განაცხადი ერთმა ადამიანმაც კი არ შეიტან”, - თქვა მიქანაძემ, რომლის განმარტებით, “ინერგება რა ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც ხმის მიცემას ელექტრონული აპარატების მეშვეობით ითვალისწინებს, საჭიროა ცესკო-ს გამართული ადმინისტრაცია ჰყავდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ამისთვის საჭიროა წარმოდგენილი იყოს ცვლილებები, რომელიც მეტ გამჭვირვალობასა და ინკლუზიურობას მოიცავს. ამასთან დაკავშირებით სამართლებრივი არგუმენტი საერთოდ არ არის წარმოდგენილი და საუბარია იმაზე, რომ ორიენტირი 19 აპრილის სქემაზე გაკეთდეს. ვენეციის კომისიის დასკვნაში არცერთი სამართლებრივი არგუმენტი წარმოდგენილი არ არის - სამართლებრივი არგუმენტების გარეშე იმის დაწერა, რომ 19 აპრილის სქემას დავუბრუნდეთ, გამართლებული არ არის. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების არჩევასთან დაკავშირებული სისტემა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პარლამენტში იმიტომ გადმოვიდა, რომ სისტემა ჩიხში შევიდა და საერთოდ ვეღარ ფუნქციონირებდა,” - განაცხადა გივი მიქანაძემ. ვენეციის კომისიამ კიდევ ერთი ალიყური აარტყა რუსულ პარტიას, - ამის შესახებ კი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ვენეციის კომისიამ თქვა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე, რომელიც დღეს არის, არ უნდა იყოს, უნდა გადადგეს, ასევე ვენეციის კომისია ამბობს, რომ ანტიკორუფციული ბიურო ფასადურია”, - განაგრძობს გამოცემა.
“ვენეციის კომისიამ პირდაპირ თქვა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე, რომელიც დღეს არის, არ უნდა იყოს, უნდა გადადგეს, პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს, მაღალი ლეგიტიმაციით აირჩიონ და არა პირობითად “რუსული პარტიის” მიერ იყოს დანიშნული. ეს ვენეციის კომისიამ შავით თეთრზე დაწერა და ასევე, კონკრეტული სამსახური რომ შექმნეს, სადაც თავისი ძმაკაცი თუ კარგი თამადა რომ დაასაქმეს, მასზეც თქვეს, რა სამსახურია, საერთოდ, რა ლეგიტიმაცია აქვს და ვინ არიან საერთოდ ეს ხალხიო. ამ ანტიკორუფციულ ბიუროზე თქვეს, რომ სასაცილოა, სისულელეა, ფასადურია. ცხადია, არავინ არაფრის გამომძიებელი არ არის. ის, რომ ღარიბაშვილის მოპარულს მისი დანიშნული თამადა კაცი არ გამოიძიებს, ეს ყველას გვესმის”, - განაცხადა ხაბეიშვილმა. “კორექტული არ არის იმ ხალხს, ვინც ეს-ესაა კანდიდატის სტატუსი მოგცა, უთხრა: - შენ რომ ცოტა ხნის წინ სტატუსის მისაღებად მეხმარებოდი და პირობებს მიყენებდი, თურმე უპრეცედენტოდ უვარგისი ყოფილა”, - ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი იაგო ხვიჩია ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შეფასებებს და აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარი პრობლემა არის არა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების დანიშვნის წესი, არამედ 5%-იანი საარჩევნო ბარიერი და პარტიების დაფინანსების წესი”, - დასძენს გამოცემა.
“ირაკლი კობახიძეს მოვუსმინე, რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით ამბობდა: - ადრე ცუდი სისტემა შემოგვტენეს და ამ შემოტენილ ცუდ სისტემას არ მივიღებთო. კორექტული არ არის, რომ იმ ხალხს, ვინც ეს-ესაა კანდიდატის სტატუსი მოგცა, უთხრა, შენ რომ ცოტა ხნის წინ კანდიდატის სტატუსის მისაღებად მეხმარებოდი და პირობებს მიყენებდი, თურმე ის უპრეცედენტოდ უვარგისი ყოფილა და მის გამოსწორებაზე ვზრუნავთ. ეს არც ერთი ნორმალური ადამიანისთვის მისაღები არგუმენტი არ არის. პრობლემას მე იმაში ვხედავ, რომ სხვადასხვა თანამდებობის პირები, რომელთაც სხვადასხვა პარტიების მხრიდან მაღალი ნდობა სჭირდება, კონსენსუსის გარეშე ინიშნებიან”, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. “ვენეციის კომისიის დასკვნა ძალიან მძიმეა”, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” განაცხადა. ის გამოეხმაურა ვენეციის კომისიის ბოლო დასკვნას, სადაც საუბარია ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე და აცხადებს, რომ კონკურსი, რომელიც ჩატარდა, არ იყო იმ შედეგის მომცემი”, - წერს სტატიის ავტორი.
“ანტიკორუფციულ ბიუროზე სრულად ვიზიარებ ვენეციის კომისიის მოსაზრებას და ძალიან მძიმეა ის დასკვნა, რომელიც დევს. კონკურსი, რომელიც ჩატარდა, არ იყო ბოლომდე, გარანტირებულად იმ შედეგის მომცემი, რაც დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის დანიშვნას გულისხმობდა. მათ შორის ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი არის დანიშნული პრემიერ-მინისტრის მიერ”, - თქვა ხატია დეკანოიძემ, რომლის აზრით, ანტიკორუფციული ბიურო ფაქტობრივად არ არსებობს და კანონმდებლობა ხელახლაა გადასაწერი”, - დასძენს სტატიის ავტორი.
შეიქმნება თუ არა ოპოზიციაში „ერთობის კომიტეტი" - ვინ შეუერთდება სააკაშვილის ინიციატივას
“ოპოზიციურ ფლანგზე ახალი ტიპის ერთიანობის შექმნის იდეა ყოფილმა პრეზიდენტმა გააჟღერა - მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” ინიციატივით მიმართავს, შეიქმნას პოლიტიკური აქტივობების და ერთობის კომიტეტი, რომელიც ძირითადად გამოიყენება როგორც ოპოზიციის ერთიანობის სათათბირო და სადაც კონსენსუსის გზით ახალი იდეები გენერირდება. ანალიტიკოსების აზრით, სააკაშვილის ახალი ინიციატივა, მისი თავის წარმოჩენის როგორც ლიდერის ერთერთი საშუალებაა, გეგმას კი სავარაუდოდ განხორციელება არ უწერია. “გარდა იმისა რომ ჩვენ გვჭირდება ოპოზიციის სრული კოორდინაცია, მიუხედავად სხვადასხვა შეხედულებებისა, ამ კოორდინაციის გარეშე საქმე არ კეთდება. ძალა ერთობაშია! მე ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. მე ასევე მინდა შევთავაზო “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად პოლიტიკური აქტივობებისა და ერთობის კომიტეტის შექმნა როგორც არის ამერიკაში. აქ უნდა შევიდეს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, მაგრამ ასევე უნდა შევიდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები”, თქვა სააკაშვილმა, რომლის აზრით, “უნდა შევიდეს სოფო ჯაფარიძე, რომელიც იქნება მისი წარმომადგენელი ამ კომიტეტში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შეიქმნება თუ არა ოპოზიციაში „ერთობის კომიტეტი" - ვინ შეუერთდება სააკაშვილის ინიციატივას.
“„მე მინდა ვუთხრა ყველას, რომ ამ კომიტეტის სუპერპაკეტთან ერთად, ეს უნდა იყოს იდეების გენერირების ადგილი, ეს უნდა იყოს, პრაქტიკულად ყოველგვარი ბიუროკრატიისგან თავისუფალი, მოქნილი, ეროვნული თანხმობის სტრუქტურა, პოლიტიკური სათათბირო, რომელიც ეროვნული თანხმობის და კონსენსუსის გზით იქნება ახალი იდეების გენერატორი, ჩქარი რეაგირებისა და სხვებთან დიალოგის ადგილი, იმიტომ, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩავიკეტოთ. მე მინდა, რომ შევიდე თქვენთან ერთად ამ კომიტეტში, თქვენთან ერთად ვითათბირო და თქვენთან ერთად შევქმნა ის სიტუაცია, რომელიც სრულად არაორაზროვანს ხდის ჩვენს ბრძოლისუნარიანობას და ამ მიმართულებით ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ და ძალიან სწრაფად წავიწევთ წინ. 20-25 ადამიანი უნდა შევიდეს მასში და იყოს მუდმივი სათათბირო. შეიძლება, მომავალი თავმჯდომარეც ავირჩიოთ, როგორც გადავწყვეტთ ყველა ერთად”, - განაცხადა სააკაშვილმა. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სააკაშვილის ახალ ინიციატივას ერთობის მანიფესტის იდეას ამსგავსებს, რითაც ის საზოგადოებას თავს ახსენებს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მე ვფიქრობ რომ მიხეილ სააკაშვილი ცდილობს ასეთი მოწოდებებით, თუ ინიციატივებით რაღაცნაირად საკუთარი თავი შეახსენოს საზოგადოებას ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი ცდილობს, რომ ხელიდან არ გაუშვას “ნაცმოძრაობაში” მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე კონტროლის მექანიზმები. მას თავი როგორც ჩანს, კვლავ წარმოუდგენია დიდი გაერთიანებული ოპოზიციის პოლიტიკურ და სულიერ ლიდერად და ასეთი საინფორმაციო შემოგდებებით, თუ შეიძლება ასე ითქვას, ცდილობს რაღაცა პროცესების ინიცირებას საზოგადოებაში. ეს მე მაგონებს დაახლოებით იგივე სიტუაციას, რაც იყო მის მიერ „ნაცმოძრაობისთვის" თავს მოხვეული იდეა ერთობის მანიფესტთან დაკავშირებით. აქაც ძირითადად პათოსი და ხაზი ერთია, რომ გავერთიანდეთ. რა თქმა უნდა, ამ ერთიანობის სათავეში წარმოუდგენია ისევ და ისევ “ნაციონალური მოძრაობა”. მაინც წამყვანი ძალა უნდა იყოს “ნაციონალური მოძრაობა” და თავად სააკაშვილი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“რამდენად მოისურვებენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ცდილობენ, რომ თუნდაც გარეგნულად გაემიჯნონ „ნაცმოძრაობას" ისევ ნაც მოძრაობასთან მიცოცებას - მე ვფიქრობ ეს მათ პოლიტიკური და რეპუტაციული ზიანის მეტს არაფერს მოუტანს. ამის ნათელი მაგალითია “ლელო”, რომელმაც დაკარგა ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი იმიტომ, რომ დაიწყო რაღაც პერიოდი “ნაცმოძრაობასთან” პოლიტიკური ფლირტი. ამიტომაც, მე დიდ პერსპექტივას ვერ ვხედავ სააკაშვილის ამ ინიციატივაში. სავარაუდოდ ვინ შეიძლება ამას შეუერთდეს - შეუერთდებიან ალბათ, ის ცნობადი საზოგადო ფიგურები, რომლებიც ჩვენი საზოგადოებისთვის დიდი ხანია აპელირებული არიან “ნაცმოძრაობასთან” და ფაქტობრივად არც მალავენ ამას” - დაასკვნის ზაალ ანჯაფარიძე.
“პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ სააკაშვილი დაახლოებით იგივეს აკეთებს, რასაც თავის დროზე ნათელაშვილი ცდილობდა “ფანჩატურის” სახით. “ეს ინიციატივა დაახლოებით იგივეს გულისმობს, რასაც ნათელაშვილის ფანჩატური ნიშნავდა - შალვა ნათელაშვილთან იკრიბებოდა მთელი ოპოზიცია, მერე ხელი-ხელ ჩაკიდებული იძახდნენ რაღაცეებს და თვლიდნენ, რომ კოორდინირებულები არიან. ოპოზიცია დაახლოებით იმავე შემადგენლობით, ლიდერები, პარტიული პასუხისმგებელი პირები და ა.შ. - განაცხადა “რეზონანსთან” რამაზ საყვარელიძემ, რომლის თქმით, “ასე რომ აქ ახალი არაფერია”, - წერს სტატიის ავტორი.