2023 წელს საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგებსა და 2024 წელს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ხელისუფლების, ოპოზიციისა და საზოგადოების ამოცანებსა და პერსპექტივებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოსს, მირიან მირიანაშვილს ესაუბრა.
- ბატონო მირიან, მალე 2023 წელი ისტორიას ჩაბარდება და 2024 წელიც დადგება. ვიდრე 2024 წელი არ დამდგარა, ის დროა შევეცადოთ 2023 წლის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგები შევაჯამოთ.
და შეძლებისდაგვარად იმაზე ვისაუბროთ, 2024 წელს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში როგორი პერსპექტივები ელის ქვეყანას, ხელისუფლებას, პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებას.
როგორ შეაფასებდით ქვეყნისთვის? 2023 წლის შედეგებს საშინაო პოლიტიკაში
- 2023 წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი წელი. გარე კონტურზე ძალიან მნიშვნელოვანმა მოვლენებმა ძალიან მნიშვნელოვანი, თვისობრივად განსხვავებული შიდაპოლიტიკური დღის წესრიგი ჩამოაყალიბა.
ფაქტობრივად, შიდა პოლიტიკა გახდა წარმოებული გარე პოლიტიკური დაკვეთისა. ეს ეხება ევროინტეგრაციის სტატუსის თემას. ეს იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენი ისტორიის დიდი ხნის მანძილზე მე, საერთოდ მიჭირს რაიმე ანალოგიის მოხმობა და პარალელის გავლება.
ვფიქრობ, მომხდარი იყო ბოლო 220 წლის განმავლობაში პირველი სერიოზული გამარჯვება ქართველების, არა როგორც, სახელმწიფოს, არამედ, როგორც ერის. ქართველების ყველაზე დიდი გამარჯვება იყო კრწანისის ომში. საქართველო-სპარსეთის ომი ქართველებმა მოიგეს. ეს ომი გაგრძელდა 1796 წელს. ქართულმა ჯარმა განახორციელა ამიერკავკასიაში კონტრშეტევა და იგი განჯისა და ერევნის, ყოფილი ჩვენი დომინაციების ხელახალი დაკავებით დასრულდა. შემდეგ ეს ომი დასრულდა ერეკლეს აგენტების მიერ განჯაში 1997 წელს აღა მაჰმათ ხანის მოკვლით
ამ პერიოდიდან დაწყებული ახლა საქართველოს ევროინტეგრაციის დაწყება, არის ქართული სახელმწიფოსა და ერის პირველი დიდი გამარჯვება.
- დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი თვლის, რომ მიმდინარე წელს ხელისუფლება საშინაო პოლიტიკაში საკმაოდ წარმატებული იყო, რადგან, მას არც ოპოზიციისგან და არც საზოგადოებისგან სერიოზული პრობლემები არ ჰქონია. თუ ჰქონდა, იგი მათ იოლად გაუმკლავდა.
როგორი იყო 2023 წლის შედეგები საშინაო პოლიტიკაში ხელისუფლებისთვის?
- საქმე ისაა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ვნებათაღელვები ჩაივლის. მხედველობაში მაქვს ის, თუ რა პერიპეტიები უძღოდა წინ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ თემებს.
ძალიან ბევრი უცნაურობები და პერიპეტიები, მათ შორის ხელისუფლების მხრიდანაც დაიჩრდილება, დავიწყებას მიეცემა. რეალობა ის არის, რომ ამ პერიოდში ხელისუფლება იყო ისეთი, როგორიც იყო, მაგრამ, მომხდარი მის ანგარიშზე ჩაიწერება. გვინდა არ გვინდა, ეს ისტორიული კანონზომიერებაა.
თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ევროინტეგრაციის საკითხებში ხელისუფლება ძალიან ხშირ შემთხვევაში თანმიმდევრული არ იყო ამ როლისა და ფუნქციის რეალიზებაში.
- მრავალჯერ „შუა გაკრეფილი“ ოპოზიციისთვის საკმაოდ რთული იყო 2023 წელი. კრიტიკულ მომენტში, მხედველობაში მაქვს „რუსულ კანონად“ მიჩნეული კანონპროექტის მიღების გასაპროტესტებლად ოპოზიციამ ხალხი ვერ შეკრიბა, მაგრამ, ქუჩაში ახალგაზრდობა თვითორგანიზებით გამოვიდა.
მომხდარმა ცხადად აჩვენა, რომ საშინაო პოლიტიკაში გამოჩნდა ახალგაზრდობა, როგორც დამოუკიდებელი მოთამაშე.
როგორი იყო 2023 წლის შედეგები ოპოზიციური სპექტრისთვის?
- ამ პასუხის გაცემისას, მე ერთდროულად უნდა ვიყო პოლიტიკოსი, ექსპერტი და პოლიტტექნოლოგი. ჩემი ცხოვრების ბოლო ეტაპზე ამ პუნქციების განცალკევება მიწევს, მაგრამ ახლა ყველა ერთად უნდა გავაერთიანო. კითხვის არსიდან გამომდინარე მიწევს გავაერთიანო ეს ყველაფერი.
პასუხი მოკლე ვერ იქნება.
როდესაც ვსაუბრობთ ქართულ ხელისუფლებაზე, როგორც წესი, ბიძინა ივანიშვილს მოიაზრებენ ხოლმე, როცა ვსაუბრობთ ოპოზიციაზე, ქართული ოპოზიციის დიდი ნაწილი შედგება იმ ხალხისგან, რომელიც ივანიშვილმა ხელისუფლებას ჩამოაშორა. დღევანდელი სახით ქართული ოპოზიციის კონსტრუქტორი ივანიშვილია. ეს დაინახა ყველამ, ქვეყნის შიგნით და გარეთ. მე ამას მნიშვნელოვან როლად ჩავთვლი იმიტომ რომ აქ ვერ ავცდები ბიძინა ივანიშვილის ხსენებას.
ფაქტობრივად, ივანიშვილმა ხელისუფლებიდან და ოპოზიციიდანაც, რეალურ ფუნქციას ვგულისხმობ, გამოაძევა ხალხი, რომლებსაც რუსეთის პოლიტიკურ ცენტრებთან, მის სადაზვერვო კლასტერებთან უშუალო ურთიერთობა ჰქონდა. მან ისინი ჩაანაცვლა ახალგაზრდებით.
ის ნეგატიური როლი დესტაბილიზაციის, რომელიც ითამაშა ხალხმა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დეზინტეგრაციაში, ასევე ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დეზინტეგრაციაში, ასეთი რუსეთთან პირდაპირი კომუნიკაციის ხალხი, ივანიშვილმა როგორც ხელისუფლებიდან, ისეც ოპოზიციიდან ნელ-ნელა გააძევა. ივანიშვილმა ამ ხალხს პოლიტიკური ფუნქცია დაუკარგა.
ამან პოლიტიკურ კლასს და ქვეყანას დამატებით შესძინა სტაბილურობა. კითხვა, რისთვის გააკეთა ეს ივანიშვილმა, პოლიტიკურ სისტემაში თავისი პერსონალური როლის და ფუნქციის გაძლიერებისთვის, მისი წონის ამაღლებისთვის, თუ ქვეყნის ინტერესებისთვის? ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს.
რასაკვირველია, შესაძლოა, მისი პიროვნული მისწრაფებებიც თამაშობდა თავის როლს, მაგრამ, ამან განაპირობა ქართული ოპოზიციის ის სახე, რომელიც დღეს გვაქვს.
დესტაბილიზაციისთვის დღევანდელი ოპოზიციის რესურსული შესაძლებლობები ძალიან დამცრობილია.
- ყველა სოციოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი პოლიტიკური სპექტრით უკმაყოფილოა. ხელისუფლების რეიტინგი ისეთი არაა, როგორიც ხელისუფლებას სურს, მაგრამ, მისი უახლოესი ოპონენტების რეიტინგი იმაზე ბევრად დაბალია, ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლებოდა.
მას შემდეგ, რაც „ნაცმოძრაობაში“ ჯერ რღვევის პროცესები, შემდეგ ისევ გაერთიანების მცდელობები დაიწყო, სავარაუდოდ, ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ძალის რეიტინგი ისევ დაბალია. სხვა ოპოზიციური ძალების რეიტინგი სახარბიელო ნამდვილად არაა.
მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო და ეს მოვლენა ხელისუფლებამ პომპეზურად იზეიმა, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა ნაწილში დაბნეულობა შეიმჩნევა.
სავარაუდოდ, როგორ აფასებს 2023 წელს საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს საზოგადოება?
- საზოგადოება, ცოტა არ იყოს დაბნეულია. იმიტომ რომ ის დავალებები, რომლების ეძლევა სხვადასხვა აქტორებს, ცოტა არ იყოს შეუცნობელი აღმოჩნდა. შესაბამისად, დროში და სივრცეში საზოგადოებას გარკვევა დასჭირდა. დაბნეულობა შეინიშნება როგორც ხელისუფლების მომხრეებში, რომლებიც ერთი პერიოდი ანტიდასავლურად იყვნენ განწყობილი. ხელისუფლებასთან დაახლოებული პოლიტიკური ძალები ანტიდასავლური რიტორიკით ქმნიდნენ ანტიდასავლურ განწყობებს. ხალხი ვერ მიხვდა, რატომ გახდა ეს ხალხი უცებ ბედნიერი ევროინტეგრაციის პროცესის დაწყებით. ანტიდასავლურად განწყობილი ხელისუფლების მხარდამჭერები აშკარად დაიბნენ.
დაიბნა საზოგადოების სამივე სეგმენტი. როგორც ხელისუფლების მომხრე, ისე ოპოზიციის და ასევე ისინი, ვინც „შუაში“ მოიაზრება და არც ხელისუფლებას უჭერენ მხარს და არც ოპოზიციას.
საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება გაუხარდა ყველას, მაგრამ, პრაქტიკულად, ხელისუფლების და ოპოზიციის პოლიტიკური აქტივობები ვერავინ ვერ წაიკითხა.
- მას შემდეგ, რაც ქვეყანამ 2023 წლის 15 დეკემბერს ევროკავშირის სტატუსი მიიღო, ყველამ ცალსახად აღიარა, რომ ევროპამ საქართველოსთან მიმართებაში ეპოქალური გადაწყვეტილება მიიღო.
ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვეტილების მიღებისას არაერთგზის განაცხადეს, რომ ევროპამ, „გეოპოლიტიკური,“ და „სტრატეგიული“ გადაწყვეტილება მიიღო.
ამ გადაწყვეტილების მიღწევას წინ უძღოდა ხელისუფლების მხრიდან საქართველოსთვის აქამდე არნახული ანტიდასავლური და ანტიამერიკული განცხადებები და შესაბამისი განწყობები.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის ცუდი ურთიერთობაა, საქართველო მუდმივად იღებს მონაწილეობას რამშტაინის შეხვედრებში. ასევე მეტ-ნაკლები წარმატებით ურთიერთობს ნატოს სტრუქტურებთან.
როგორ შეაფასებდით 2023 წელს საქართველოს საგარეო პოლიტიკის შედეგებს?
- ისევ გავიმეორებ. 2023 წელი იყო სრულიად განსაკუთრებული წელი. საქართველო- სპარსეთის ომში გამარჯვება რუსულმა ისტორიოგრაფიამ დამარცხებად ჩაგვითვალა.
არადა, პოლიტიკური დიპლომატიის ისტორიის თვალსაზრისით საინტერესო ისაა, თუ რა იყო 4-5 წლით ადრე. ერეკლე მეფემ თურქეთთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე გადაიბარა დასავლეთ საქართველო და დასავლეთ საქართველოში ჯარები შეიყვანა. შემდეგ ეს ყველაფერი 1791 წელს დასრულდა საგარეჯოს ედიკტით. ერეკლე მეორემ მაშინ საქართველო პრაქტიკულად გააერთიანა.
მინდა ხალხმა გაიგოს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის სტარტი ტრივიალური სტარტი არ არის. აქედან გამომდინარე უნდა შევაფასოთ ეს ნაბიჯი. მაქვს სრული ინფორმაცია, რომ მზადდება საქართველოს დაჩქარებული ევროპაში ინტეგრაცია.
- 15 დეკემბრის შემდეგ, ქვეყნის უმთავრესი ამოცანაა რაც შეიძლება მალე დაიწყოს ბრიუსელთან მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე.
მაგრამ, მანამდე ის 9 რეკომენდაცია გვაქვს შესასრულებელი, რომელიც ევროკომისიამ სტატუსის მონიჭებისას განგვისაზღვრა.
ხელისუფლების მტკიცებით, მას შემუშავებული აქვს, ევროპასთან დასაახლოებლად სამუშაო გეგმა. ვენეციის კომისიის რეკომენდაციებმა ანტიკორუფციულ ბიუროსთან და ცესკო-ს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით საკმაოდ კრიტიკული შენიშვნები აქვს. ხელისუფლების რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, მათი შესრულება აშკარად პრობლემატური ჩანს.
დამკვირვებელთა ნაწილის მტკიცებით, „ევროპულ გზის“ გასავლელად არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არანაირი გეგმა არ გააჩნია და მისი განხორციელების არც უნარი აქვს“.
მეტიც, „ჩვენ პოლიტიკურ სპექტრს არ შეუძლია იმ პრობლემების გადაჭრა და იმ პრობლემებთან გამკლავება, რომელიც ჩვენს ხალხს აქვს. მათ არც ხალხის პრობლემები ესმით და არც შეუძლიათ ამ პრობლემების გადაჭრის გზები შემოგვთავაზონ. ვფიქრობ, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იყო მაქსიმუმი, რაც შეიძლებოდა დღევანდელ დღეს გაკეთება.“
თქვენი აზრით, შეძლებს ხელისუფლება ევროპული რეკომენდაციების შესრულებას“?
- უცნაურ პასუხს გაგცემთ, მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ევროპულ რეკომენდაციებს თუ არა. სინამდვილეში, როგორც ევროკომისიამ არ მოითხოვა 12 რეკომენდაციის შესრულება, და ის სირთულეები, რომელიც შეგნებულად იყო ჩადებული იმ 12 პუნქტის არსში. დასავლეთში კარგად იციან, რომ ხელისუფლებისთვის მათი შესრულება შეუძლებელია.
სინამდვილეში, ის ევროპული 12 პუნქტი რუსეთის „დაბოლებისთვის“ აღმოჩნდა. ვგულისხმობ იმას, რომ დასავლეთმა საქართველოს ისეთი პირობებს სთავაზობს, რომელიც შეუსრულებელია. აქედან გამომდინარე, ვითომ საქართველოს ევროინტეგრაცია დასავლეთს არ უნდა. ასევე იქნება ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხთან დაკავშირებით.
- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, „ერთადერთი, რისი იმედიც ახლა ჩვენ შეიძლება გვქონდეს, ეს არის ახალი პოლიტიკური კლასის შექმნა. ეს კი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა ცხადი გახდება, რომ არსებული პოლიტიკური სისტემა კოლაფსისთვის არის განწირული.“
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ 2024 წლის არჩევნების შედეგად ქვეყანაში ახალი პოლიტიკური კლასი შეიქმნას, რომელიც შეძლებს ქვეყნის ევროპულ გზაზე შეუქცევადად წაყვანას?
- ამ შემთხვევაშიც უცნაურ პასუხს გაგცემთ. საქართველოს პოლიტიკური კლასის განახლება მოხდება, მაგრამ არა არჩევნებით. ეს ცოტა უცნაური კონსტრუქცია და ფენომენია, მაგრამ, რეალობა ზუსტად ასეთი იქნება.
თუ გადავხედავთ ოპოზიციას, დავინახავთ, მე პერსონალურად არავის ვაკრიტიკებ, მაგრამ, ჩემი აზრით, მისი დამატებითი როლი და ფუნქცია არაფერს არ შეცვლის. თუ გადავხედავთ დასავლეთის პოლიტიკურ ტაქტიკას, დასავლეთის პოლიტიკური კლასების ცვალებადობას ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, დავინახავთ, რომ არჩევნები თამაშობს მეორად როლს, პერსონალური კომუნიკაციები გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებთან ევროკავშირში და დასავლეთის წამყვან ქვეყნებში, აქ ვფიქრობ რომ მოხდება შემდეგი.
საქართველოში პოლიტიკური კლასის განახლება არის გარდაუვალი, მე ვიტყოდი დაგეგმილი, მაგრამ, ეს მოხდება არა არჩევნებში, ევროინტეგრაციის პროცესში პოლიტიკური პარტიების ახალი როლის შეძენით, არამედ, აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ვფიქრობ, ეს მოხდება ივანიშვილთან დასავლეთის კომუნიკაციის შედეგად. ამ პროცესში ჩართული იქნება აშშ-ს უშიშროების საბჭოს მდივნის სალივანის წონიანი ფიგურა.
როდესაც საუბარია საქართველოს პოლიტიკური კლასის განახლებაზე და მის როლზე, უნდა ვიცოდეთ როგორი იქნება ამ ცვლილების მეთოდი. მეთოდია მნიშვნელოვანია, რადგან განახლების სხვა ფორმა ვერ ჩაიდება.
როდესაც ამას წინათ პრემიერმა ღარიბაშვილმა ახსენა სალივანის როლის შესახებ იმაში, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო. ინფორმირებული ადამიანებისთვის სრულიად ცალსახა იყო რომ ამერიკის პოლიტიკური ელიტისგან სალივანს ჰქონდა მინდობილი როგორც საქართველოს თემა, ისე საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხები.
ამიტომ, ღარიბაშვილისგან სალივანის მისამართით გამოთქმული მადლობა სწორი გახლდათ. ჩემი აზრით, ეს მადლობა დაგვიანებულიც კი იყო. ადრეც უნდა ეთქვა მას მადლობა სალივანისთვის.
საქართველოში პოლიტიკური კლასის განახლება მოხდება რაღაც პროცენტით არჩევნებამდე, მაგრამ, დიდი პროცენტით არჩევნების შემდეგ. პოლიტიკური კლასის განახლება მოხდება ამერიკულ და ევროპულ პოლიტიკურ კლასთან კომუნიკაციის შედეგად. შედეგი იქნება ტექნიკური მთავრობის შექმნა.
- 2024 წელს რა გავლენა ექნება ჩვენს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე მსოფლიოში მომხდარ ცვლილებებს?
- თუ გადავავლებთ თვალს სერიოზულ თემებზე ინფორმაციის მომწოდებლებს, დავინახავთ, რომ ომი უკრაინაში დაგეგმილია 2025 წლის შუა ნახევრამდე. შესაბამისად, ჩვენ გველის, მინიმუმ წელიწადნახევრიანი უკრაინულ-რუსული კონფლიქტი.
უკრაინა-რუსეთის ომმა უკვე მოახდინა კავკასიაზე ძალიან დიდი გავლენა. მხედველობაში მაქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველომ დაიწყოს ევროინტეგრაცია. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ქეისი იყო განსხვავებული უკრაინის ქეისიდან.
ყოველთვის ინტეგრატორი იყო ორი სუბიექტი - ქართველი ერის დაუოკებელი სურვილი და დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკური გავლენიანი წრეების ასევე სურვილი შეექმნა ამიერკავკასიაში სერიოზული პოლიტიკური პლაცდარმი. უკრაინის ომმა ეს წმინდა ტექნიკურ კონტექსტში განხორციელების მოდელი მოგვცა. სუბიექტი იყო ორი - ქართველი ერი და დასავლეთის და პირველ რიგში აშშ-ს სურვილი შეექმნა ამიერკავკასიაში სერიოზული პოლიტიკური პლაცდარმი.
ეს სურვილები არ განელდება, იგი კიდევ უფრო მეტ ინტეგრაციულ პროცესებს დაბადებს და ჩვენ ახლო მომავალში ახალ რეალობებზე მოგვიწევს საუბარი.
- რა ამოცანების აქვს გადასაწყვეტი ოპოზიციას, რომ 2024 წლის არჩევნები მათთვის წარმატებული აღმოჩნდეს? რა შანსები აქვს 2024 წლის არჩევნებზე ოპოზიციას?
- 2024 წლის არჩევნებში ოპოზიციის წარმატების გასაღები დამოკიდებული იქნება იმაზე, მიიღებს თუ არა ის დასავლეთისგან პოლიტიკურ მხარდაჭერას. 2024 წლის არჩევნებში ოპოზიციის ნებისმიერი ჯგუფის წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე, მიიღებს თუ არა იგი დასავლეთისგან მხარდაჭერას.
მაგრამ, იმისთვის, რომ 2024 წლის არჩევნებში ოპოზიციამ დასავლეთისგან მხარდაჭერა მიიღოს, ოპოზიციის სუბიექტებმა უნდა დაანახონ დასავლეთს, რომ მათზე ზემოქმედების ბერკეტები რუსეთში არ დევს. ვინც ამას შეძლებს, დასავლეთი მას დაეხმარება. მაგრამ, დღეის მდგომარეობით, ოპოზიციამ რომ დასავლეთისგან დახმარება მიიღოს, ამგვარი შესაძლებლობის მიმართ მე ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი.
- უკვე ცხადად ჩანს, რომ 2024 წელი რთული იქნება, რადგან ქვეყანას ჩასატარებელი აქვს საპარლამენტო არჩევნები, რომლის ევროპული სტანდარტებით ჩატარებაზეა დამოკიდებული ქვეყნის ევროპული მომავალი.
ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე რა ამოცანების წინაშე იდგება 2024 წლის არჩევნებზე მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი?
- საინტერესო კითხვაა, მაგრამ ამ ერთ კითხვაში მინიმუმ სამი კითხვაა, ამიტომ, ჩემი პასუხიც სამივე მათგანზე იქნება.
ბრძანეთ, რომ 2024 წელი რთული იქნება. მახსოვს, 2023 წელზეც ვამბობდით, შიდაპოლიტიკური ბატალიების გამო წინ მძიმე წელი გველოდება.
მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენი საშინაო პოლიტიკა გარე კონტურებზე იქნებოდა დამოკიდებული. ასევე ვამბობდი, რომ საქართველოს ევროინტეგრაციაზე რუსეთის რეაქცია იქნება აბსოლუტურად მოზომილი.
რუსეთი არასოდეს არ იჩენს აგრესიას, თუ ამ აგრესიის რეალიზების რესურსი არ აქვს. დღეს ურესურსო რუსეთი არ იმჩნევს ხოლმე მისთვის სახეში სილის გაწვნას. არადა, ამ რანგის ხდომილება იყოს საქართველოს ევროინტეგრაცია.
უახლოეს წლებში რუსეთი ურესურსო იქნება, შესაბამისად, საქართველოს ევროინტეგრაციის არც შემდგომ ნაბიჯებს არ იმჩნევს. როგორც 2023 წლის, ისე 2024 წლის დრამატიზმი არის გადაჭარბებული.
2024 წელი ჩაივლის ძალიან წყნარად, ისევე, როგორც 2023 წელმა ჩაიარა. ძალიან დიდი ალბათობით, ჩვენ 2024 წლის ბოლოს მივიღებთ ევროკავშირთან ქვეყნის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას. უნდა ვიცოდეთ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე გასავლელი გვაქვს სამი ეტაპი, ყველაზე მნიშვნელოვანი უკვე გადავლახეთ. ფაქტობრივად, საქართველო უკვეა გამხდარი ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი. შემდგომი სამი ეტაპი გაცილებით უმნიშვნელოა.
ჩვენ ამ დაჩქარებული გრაფიკიდან გამომდინარე ყოველ წელს მოგვიწევს ყოველი ეტაპის გადალახვა. შესაბამისად, საქართველოში დასავლეთისთვის პოლიტიკური სტაბილურობა უმნიშვნელოვანესია. და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში თავისი როლის ამოქმედებით იყოს სტაბილურობა.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დედ-ლაინად განსაზღვრულია 2028 წელი. 2028 წელი განსაზღვრულია იმ ლოგიკით, რომ დაჩქარებული წესით როცა მიიღეს ბალტიის ქვეყნები, ამას 4 წელი დასჭირდა.
დღეს ლაპარაკობენ, რომ საქართველოსთან მიმართებაში კიდევ უფრო დაჩქარებული ტემპებით უნდა წავიდეს პროცესი. ამიტომ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სავარაუდოდ, მოხდება 2027-2028 წელს. მაგრამ, 2028 წელს საქართველოს აქვს ყველა შანსი გადალახოს არა მარტო ევროკავშირში გაწევრიანების დასკვნითი ეტაპი, არამედ, წინმსწრებად მოასწროს შესვლა ევროზონაში. ეს იმდენად საქართველოს ინტერესებში კი არ არის, რამდენადაც გერმანული კაპიტალის ინტერესშია, რომელიც ამერიკელებთან ერთად მთავარი ბრაიდერი გახდა საქართველოს ევროინტეგრაციის.
როდესაც ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა სალივანს და ამერიკის პოლიტიკურ ელიტას, კარგი იქნება, თუ უახლოეს პერიოდში, პირველივე შესახლებისას გერმანიის პოლიტიკურ ელიტას და კანცლერ შოლცს გადაუხადოს მადლობა. იმიტომ, რომ სინამდვილეში, აღმოსავლეთ ევროპელების და უკრაინელების „მოთოკვაში“ გერმანიამ ითამაშა ძალიან დიდი როლი.
უახლოესი წლების ეკონომიკური ინტეგრაციის მდგენელი გერმანიაზე იქნება დამოკიდებული. პოლიტიკური მხარდაჭერა იქნება ამერიკის, ხოლო ეკონომიკური მხარდაჭერა იქნება გერმანიის. ჩვენ ერთ-ერთი ვაგონი ვართ იმ შემადგენლობის, რომელსაც ამერიკულ-გერმანული ტანდემი მართავს.
- მადლობა ამ განმარტებისთვის. რას იტყოდით იმაზე, ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე რა ამოცანების წინაშე იდგება 2024 წლის არჩევნებზე მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი?
- ქართველი ხალხის სოციუმის როლი ამ კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდა სრულიად განსაკუთრებული.
როდესაც ქართველმა ხალხმა პრინციპულად აირჩია დასავლეთთან ინტეგრაცია, ამ კუთხით მისი მომართულობა აღმოჩნდა მთელი ამ 30 წლის განმავლობაში შეუვალი, მე მივხდი რა გზით შევინარჩუნეთ ჩვენ ჩვენი იდენტობა და სახელმწიფო.
მივხდი, რომ ქართველი ხალხის უნარი მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, მსოფლიო პოლიტიკური ფენომენია.
კავკასიის ელიტა, ირანის ელიტა ესენი ყველა ზურგს უკან დაგვცინოდნენ. ეგონათ, რომ ქართველები „ააგდეს“, მერე ქართველებს გადააგდებენ, ევროინტეგრაციის გზაზე ვერაფერს მოვიგებთ, გვექნება მხოლოდ ზარალი, ცრემლი და სხვა არაფერი. დღეს მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე, მხედველობაში მაქვს ცენტრალური აზია, ამიერკავკასია, მათ შორის ერაყისა და ირანის ელიტა, თურქეთის ელიტა, არის გაოგნებული.
აღმოჩნდა, რომ ქართველი ერის მიზანდასახულობა და მასზე იძულებით აყოლილი ქართული ელიტა სერიოზულ ბენეფიტში აღმოჩნდნენ. დღეს ეს არის სერიოზული მოცემულობა. ქართველი ერის ამ სწორი გადაწყვეტილებით ძალიან სერიოზული ბონუსები ექნება ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ერს.
ქართველი ერის ამ დაჟინების და 30 წლიანი ნების გამოვლენის წინაშე ქუდი უნდა მოვიხადოთ. ეს აღმოჩნდა საოცარი ფენომენი და პირველ რიგში ამ საოცარმა ფენომენმა დადო ეს შედეგი.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი